"ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ წიგნს დამიბეჭდავენ"
10-07-2017
"ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ წიგნს დამიბეჭდავენ"
2017 წლის კონკურსის - "გახდი ბესტსელერის ავტორი" ერთ-ერთი გამარჯვებული 21 წლის ჟურნალისტი თათული ღვინიანიძეა

დასრულდა "პალიტრა L"-ის მიერ ორგანიზებული ლიტერატურული კონკურსი "გახდი ბესტსელერის ავტორი", რომელიც 20 მარტს დაიწყო და 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მკითხველი გამომცემლობის ვებგ­ვერდზე ეცნობოდა კონკურსში მონაწილე 272 ავტორის ნამუშევრებს და თითოეულის შესახებ აზრსა და პოზიციას ხმის მიცემით­ გამოხატავდა. ხალხთან ერთად გამარჯვებულის გამოვლენაში ჩართული იყო კომპეტენტური ჟიური. საბოლოო ჯამში 2017 წლის კონკურსის - "გახდი ბესტსელერის ავტორი" ერთ-ერთი გამარჯვებული
21 წლის ჟურნალისტი თათული ღვინიანიძეა.

"საშიში ვარ: შეუმჩნევლად გონებაში, სულსა და გულში ვუძვრები ადამიანებს, შემდეგ კი მათზე წერას ვიწყებ", - ასე ახასიათებს საკუთარ თავს გამარჯვებული. ის დღეს "კვირის პალიტრის" სტუმარია.

- თბილისში დავიბადე,­ თუმცა, ცხოვრების დიდი ნაწილი ქუთაისში გავატარე. მომავალშიც­ ჩემი ცხოვრება ამ ქალაქებს შორის
მიმოსვლაში გაგრძელდა. კომუნიკაბელური და დამოუკიდებ­ელი ბავშვი ვიყავი. დედა იხსენებს ხოლმე, როცა მატარებლით ვმგზავრობდით, თხუთმეტ წუთში ყველა ვაგონში თათულის ძახილი ისმოდაო. მომწონდა ადამიანების გაცნობა, შემეძლო, ქუჩაში დამეწყო სიმღერა ან ცეკვა... სამი წლისას ბარგი ჩამილაგებია, ხელში ჩემი საყვარელი სათამაშო ამიღია და სახლიდან წავსულვარ.­ დედა სადარბაზოში დამწევია, საით გაგიწევიაო?..

ბავშვობიდან მსა­ხიობობა მინდოდა, თუმცა უკვე დამამთავრებელ კლასში ჟურნალისტიკისკენ გადავიხარე. უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ მუშაობა ჟურნალ "და ქალში" დავიწყე. ვწერდი სხვადასხვა ონლაინ თუ ბეჭდური გამოცემებისთვისაც, ტელეჟურნალისტის ამპლუა მოვირგე "რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციაში". ამჟამად ვმუშაობ სცენარისტად, ვიღებ კერძო შეკვეთებს.

- პირველად როდის გაგიჩნდათ წერის სურვილი?

- მეოთხე კლასში დამრიგებელმა საშინაო დავალებად თავისუფალი თემა მოგვცა. შინ დაბრუნებული მაგიდას მივუჯექი. მე და ფურცელი ერთმანეთის პირისპირ მარტო აღმოვჩნდით. უეცრად თითქოს გონებაში ნათურა აინთო... ჩემმა დამრიგებელმა,­ ჟუჟუნა ჩხეიძემ, მთელი კლასის გასაგონად შემაქო. პირველად სწორედ მან მითხრა, თუ ბევრს წავიკითხავდი და ვიშრომებდი, მწერალი გამოვიდოდი. იმ დღის შემდეგ მე და კალამი განუყრელი მეგობრები ვართ.

- როგორ შეიტყვეთ "პალიტრა L"-ის კონკურსის შესახებ?

- შემთხვევით წავაწყდი ინტერნეტში სტატიას, სადაც საუბარი იყო კონკურსზე. რომანის გაგზავნა 3 მიზეზის გამო გადავწყვიტე: ჩემი რამდენიმე რომანის წიგნად გამოცემას ვერ ვახერხებდი. მეორე მიზეზი ნდობის ფაქტორი იყო - მე "პალიტრას" ვენდობი. მესამე - მინდოდა უფრო ფართო აუდიტორიისთვის გამეცნო ჩემი რომანი. ვიფიქრე, კონკურსში თუ არ ჩავერთვები, ჩემს მკითხველს და შემოქმედებას ვუღალატებ-მეთქი.

- რა ნაწარმოებით ჩაერთეთ კონკურსში და რამ შთაგაგონათ მისი დაწერა?

- რომანს "აღიარება ხელისგულზე" ჰქვია. ნაწარმოებში მკითხველი რადა მოდებაძის, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტის, ცხოვრების თანამონაწილე ხდება. რომანი ავტობიოგრაფიული არ არის, როგორც საზოგადოების ნაწილს ჰგონია. რადა 21-ე საუკუნის, ერთი შეხედვით ტიპური თბილისელი გოგოა, რომელსაც ბევრი თანატოლის მსგავსად, კომპლექსები აწუხებს - გამუდმებით ებრძვის საკუთარ Yთავს და გარე სამყაროს. ეს არის რომანი ადამიანურ სისუსტეებზე, შეცდომებზე, სინანულზე, ბედნიერებისთვის ბრძოლაზე, ცხოვრების არსის შეცნობაზე, საკუთარი თავის ძიებაზე... შთაგონების წყარო, რა თქმა უნდა, ეპოქა და ადამიანებია...

- გამარჯვების იმედი გქონდათ?

- თუ კონკურსში მონაწილეობ, ცხადია, გულის სიღრმეში მოგების იმედი გაქვს. თუმცა, კონკურენცია იმდენად დიდი იყო, დარწმუნებული არ ვიყავი, რომ გავიმარჯვებდი. ძალიან ვღელავდი. ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ წიგნს დამიბეჭდავენ. 30 ივნისს, ღამის 11 საათზე ხმის მიცემა რომ შეწყდა, სახეზე ხელები ავიფარე და სიხარულისგან წამოვიყვირე. დედაჩემს ვუთხარი, მგონი, სიზმარში ვარ-მეთქი.
უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრ­ძნობ. მინდა, ისეთი წიგნი გამოვიდეს, ღამეს რომ გაათენებინებს და საფიქრალს დაუტოვებს მკითხველს. მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის, რომელიც გვერდში დამიდგა. ასევე დიდ მადლობას ვუხდი "პალიტრა L"-ს იმ შანსისთვის, რომელიც დამწყებ მწერლებს მოგვცეს.

ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით