როგორ გავარჩიოთ კარგი ნაყინი უხარისხოსგან - კვირის პალიტრა

როგორ გავარჩიოთ კარგი ნაყინი უხარისხოსგან

ექსპერიმენტი და რჩევები, რომლებიც უნდა იცოდეთ

ქართული კანონმდებლობა მწარმოებლებს არ ავალდებულებს, ეტიკეტზე მიუთითონ ტრანსცხიმებისგან არის თუ არა ნაყინი დამზადებული, თუმცა მეწარმე ვალდებულია, ეტიკეტზე მიანიშნოს, ცხოველური ცხიმებისგან არის პროდუქტი დამზადებული თუ მცენარეული ცხიმებისგან. მიუხედავად ამისა, არაკეთილსინდისიერმა მეწარმეებმა შეიძლება იცრუონ და მცენარეული ნაყინი რძისგან დამზადებულ პროდუქტად გაასაღონ.

ფალსიფიკაციის გამოსავლენად შეიძინეთ ნაყინი და დადეთ ოთახის ტემპერატურაზე. კარგი ნაყინი მალე არ დადნება, ის დნობას დაახლოებით 10 წუთის შემდეგ დაიწყებს. გარდა ამისა, დააკვირდით ნაყინს - დნობის შემდეგ თუ მასა არაერთგვაროვანი გახდა და წყალი ცალკე გამოიყო, ასეთი ნაყინი, ალბათ, მცენარეული ცხიმებისგან არის დამზადებული.

პატარებს განსაკუთრებულად უყვართ შოკოლადისგარსიანი ნაყინი, ამიტომ მით უფრო აუცილებელია, ვიცოდეთ არა მხოლოდ შიგთავსის ხარისხი, არამედ ისიც, როგორ არის დამზადებული შოკოლადი, არის თუ არა მასში პალმის ზეთი. ამის დადგენაც იოლია, რადგან ქოქოსისა და პალმის ცხიმი დნობას 40 გრადუს ტემპერატურაზე იწყებს, ხოლო ნატურალური კაკაოს ცხიმი 36 გრადუს ტემპერატურაზე დნება. ასევე მნიშვნელოვანია ნაყინის ფერის გათვალისწინება. თუ თქვენ ვანილის ნაყინი გიყვართ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძინოთ ქათქათა თეთრი, რადგან ნატურალური ნაყინი რძის ფერი უნდა იყოს.

ასევე ყურადღება მიაქციეთ ხილისგან დამზადებულ ნაყინს. ხილის ნაყინი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს მკვეთრი ფერის. ღია, ბაცი ფერის ნაყინი შეარჩიეთ, რადგან პროდუქტის სიმკვეთრე საღებავზე მეტყველებს.

მნიშვნელოვანია ნაყინის შენახვის პირობებიც. მაღაზიაში ის -18 გრადუს ტემპერატურაზე უნდა ინახებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გაფუჭდეს, ამიტომ კარგად დააკვირდით ნაყინს - მას ფორმა დაკარგული არ უნდა ჰქონდეს, რადგან ფორმადაკარგული ნაყინი შენახვის პირობების დარღვევაზე მიუთითებს.