როგორ შუქდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებული საკითხები ქართულ მედიასაშუალებებში - კვირის პალიტრა

როგორ შუქდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებული საკითხები ქართულ მედიასაშუალებებში

მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია ხშირად ცვლის ადამიანის განწყობას, ხედვას და აყალიბებს დამოკიდებულებებს ამა თუ იმ საკითხის მიმართ. სწორედ ამის გამო არის მნიშვნელოვანი შშმ პირებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაშუქებისას სიზუსტის და რაც მთავარია, ეთიკური ნორმების დაცვა.

2015 წლის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში 118 651 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია რეგისტრირებული, რაც საქართველოს საერთო მოსახლეობის დაახლოებით 3% -ს შეადგენს. ეს მონაცემები რეალურ სურათს არ ქმნის, რადგან ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში მხოლოდ იმ ადამიანების სტატისტიკური მონაცემები აღირიცხება, რომლებსაც სახელმწიფოს მიერ მინიჭებული აქვთ შშმპ სტატუსი და შესაბამის პენსიას იღებენ.

სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის მიხედვით, შშმ პირებს საქართველოს მასშტაბით არაერთი პრობლემა აქვთ: მათთვის მიუწვდომელია ფიზიკური გარემო, ტრანსპორტი, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, არ არის შემუშავებული შშმ პირების დასაქმების პოლიტიკა, ჯანმრთელობის საკითხებში არ ხდება შშმ პირების განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინება და ა.შ. ამ პრობლემების მოგვარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა კი, როგორც მოგახსენეთ, სწორედ მედიასაშუალებებს შეუძლიათ.

სწორედ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემატიკაზე მუშაობის წახალისებასა და ამ მიმართულებით ჟურნალისტთა პროფესიული სტანდარტის გაუმჯობესებას ემსახურება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის (“შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება და ლობირება“) ფარგლებში ჩატარებული კონკურსი, რომელმაც გამარჯვებულები ოთხ ნომინაციაში გამოავლინა: 1. საუკეთესო სატელევიზიო გადაცემის ავტორი; 2. საუკეთესო რადიოგადაცემის ავტორი; 3. საუკეთესო ბეჭდური მედია ნამუშევრის ავტორი; 4. საუკეთესო ინტერნეტ (ონლაინ) მედია ნამუშევრის ავტორი.

საუკეთესო მედია ნამუშევრის ნომინაციაში გაიმარჯვა mastsavlebeli.ge-ზე გამოქვეყნებულმა სტატიამ - “დაგვიანებული ბოდიში კახას", რომლის ავტორი თეონა ბექიშვილია.

“კონკურსში 37–მა ჟურნალისტმა მიიღო მონაწილეობა. წარმოდგენილი იყო 80-მდე ნამუშევარი, რომელთაგან ჟიურიმ 4 საუკეთესო გამოავლინა და მათ შორის ერთ-ერთი ჩემი ნამუშევარიც აღმოჩნდა. მართალი გითხრათ საკუთარ თავს ჟურნალისტად ნაკლებად მოვიაზრებ, მე უფრო ბლოგერი ვარ, ხოლო ჩემი სტატიები პედაგოგიური და ლიტერატურული საზოგადოებისთვის იწერება. რაც შეეხება კონკურსზე წარმოდგენილ ნაშრომს (“დაგვიანებული წერილი კახას“) ეს უფრო საბჭოთა პერიოდის გააზრებაა და რეალურ ფაქტზეა აგებული. მოგეხსენებათ, იმ დროს შშმ პირების მიმართ არასწორი დამოკიდებულება არსებობდა, ეს იყო სამარცხვინო და კარგია, რომ ეს მიდგომა შეიცვალა, თუმცა მე დღემდე მაქვს დანაშაულის შეგრძნება გამოყოლილი. სტატია ძალიან ემოციური გამოვიდა და ალბათ ამანაც განაპირობა ჟიურის გადაწყვეტილება. როგორც მოგახსენეთ, ძირითადად საგანმანათლებლო კუთხით ვწერ, თუმცა აქტიურად ვეცდები გავაშუქო შშმ პირთა პრობლემები, რათა ჩვენი საზოგადოების თითოეულ წევრს ესმოდეს, თუ როგორი მნიშვნელოვანია ამ ადამიანების ინტეგრირება საზოგადოებაში. ვიცი, რომ ამ ყველაფრის ერთ დღეში და ერთ წელში მოგვარება შეუძლებელია, თუმცა ყველა ადამიანმა თავისი პატარა წვლილი რომ შეიტანოს, უკვე გვექნება შედეგი“,- აღნიშნავს თეონა ბექიშვილი.

ჟურნალ „მასწავლებლის” და ინტერნეტგაზეთ “mastsavlebeli.ge“-ს მთავარი რედაქტორის ნატო ინგოროყვას თქმით, მსგავსი კონკურსები და, ზოგადად, ჟურნალისტების აქტიურობა ხელს შეუწყობს შშმ პირთა ინტეგრაციას საზოგადოებაში.

“შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები წარმოადგენენ ერთ-ერთ ყველაზე დიდ ჯგუფს მსოფლიოში იმ უმცირესობათა შორის, რომელიც ყურადღების მიღმა რჩება და ხშირად საზოგადოების მხრიდან დისკრიმინაციას განიცდის. თუ საქართველოში მათ უფლებებზე ვისაუბრებთ, ამ კუთხით არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობა გვაქვს, დაწყებული განათლებით, დამთავრებული დასაქმებით. თუმცა, ბოლო დროს გარკვეული პოზიტიური ძვრები შეინიშნება და ეს კონკურსიც ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია. ჩვენი ჟურნალი ხშირად აშუქებს შშმ პირებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებს - იქნება ეს პრობლემები, თუ მათი საქმიანობის დადებითი ასპექტები. მოგეხსენებათ, თვითონ თემა არის ძალიან საფრთხილო და მგრძნობიარე, შესაბამისად, გვყავს ავტორები, რომელთაც აქვთ გამოცდილება შშმ პირებთან მუშაობის კუთხით. ჩემი აზრით, მსგავსი კონკურსები და, ზოგადად, ჟურნალისტების აქტიურობა ხელს შეუწყობს ამ ადამიანების ინტეგრაციას საზოგადოებაში“, - აღნიშნავს ნატო ინგოროყვა.

"განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი", ევროკავშირის მხარდაჭერით, 2013 წლიდან ახორციელებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პროფესიული გადამზადების და დასაქმების საპილოტე პროგრამას. ამავე პროექტის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია პერიოდულად მედიის წარმომადგენლებთან ცნობიერების და ცოდნის ამაღლების მიზნით მუშაობს.