„ელიტ ელექტრონიქსის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე ხელისუფლებას მამუკა ხაზარაძის ლობირებაში ადანაშაულებს - კვირის პალიტრა

„ელიტ ელექტრონიქსის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე ხელისუფლებას მამუკა ხაზარაძის ლობირებაში ადანაშაულებს

„ელიტ ელექტრონიქსის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე ხელისუფლებას მამუკა ხაზარაძის ლობირებაში ადანაშაულებს. ამასთან დაკავშირებით ბიზნესმენმა 11 ივლისს “თბილისი მერიოტში” სახალხო დამცველთან და ადვოკატებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.

უცვლელად გთავაზობთ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე გაკეთებულ განცხადებას:

“ყველასთვის ცნობილია და აღარ გავიმეორებ იმ ისტორიას, რომელიც ეხება სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან ჩვენს მიმართ ტერორს, „ელიტ ელექტრონიქსის“ და სხვა უძრავ-მოძრავი ქონების მითვისებას, ჩემი და ჩემი უახლოესი ადამიანების დაპატიმრებას და ჩვენს მიმართ განხორციელებულ დევნას. გახსოვთ ალბათ, მიუხედავად ზეწოლისა ჩვენ არც ერთი წუთით არ შეგვიწყვეტია ბრძოლა სამართლიანობისათვის, ქართულ და საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეში. მუდმივად გაწვდიდით ინფრომაციას, მოვლენების განვითარებაზე. ბევრი თქვენთაგანი თანამონაწილეა ამ ბრძოლის, რადგან აქტიურად აშუქებდით პრესკონფერენციებს და ყველა იმ უკანონო მოქმედებებს, რომელსაც ჩვენს მიმართ ჰქონდა ადგილი. მუდმივად გაწვდიდით ინფორმაციას, როგორ ატერორებდა ბიზნესს სააკაშვილის ხელისუფლება, რომელშიც ჩართული ყავდა სახელმწიფო ხელისუფლების თითქმის ყველა შტო, ფინანსური პოლიცია, პროკურატურა, საგადასახადო სამსახური, ქალაქის მერი და პარლამენტი.

სამწუხარო იყო, რომ ამ პროცესში ზონდერ ბიზნესმენის სტატუსით ჩაერთო მამუკა ხაზარაძე. ჩვენს წინააღმდეგ დანაშაულებრივ სქემას ხელმძღვანელობდა ზურაბ ადეიშვილი, ხოლო აღასრულებდნენ დავით კეზერაშვილი და მამუკა ხაზარაძე. მათ სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობით ბლოკირება გაუკეთეს "ელიტ ელექტრონიქსს", შემდეგ ხელისუფლების ჩართულობის კვალის დაფარვის მიზნით, ჯერ მართვაში შემოიყვანეს მამუკა ხაზარაძის "თიბისი ბანკი", მიზანმიმართულად დაარღვიეს კრედიტის გადახდის გრაფიკი 500 000 ლარი, ხოლო შემდეგ კრედიტის დარღვევის მოტივით გადაიფორმეს კომპანია. კრედიტის გადახდის დარღვევა მოხდა, ერთი შეხედვით დაუჯერებელ ვითარებაში, მაშინ როცა კრედიტის გადახდის დროს კომპანიას „თიბისი ბანკის“ ანგარიშზე 8 მილიონი ლარი ჰქონდა ბრუნვა და უაქცეპტო წესით შეეძლო ჩამოეჭრათ კრედიტის დასაფარი თანხა, ეს ასე არ მოხდა და დაარღვიეს გადახდის პირობა, რათა შემდეგ უკანონოდ მითვისებული „ელიტ ელექტრონიქსი“ "თიბისი ბანკს" 1 ლარად გადაეფორმებინა დავით კეზერაშვილის კომპანია - „ელიტ ეფლაიენსისთის“, რომელიც სპეციალურად ამ დანსაულბრივ სქემაში გამოყენებისთვის შეიქმნა.

ამ ყველაფრის შემდეგ, როცა 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევით ქართველმა ერმა დაასრულა სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი და ახალი ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით მოვიდა, ისევე როგორც ყველას, მეც გამიჩნდა მოლოდინი, რომ აღდგებოდა სამართლიანობა და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმეოდა. ხუთი წლის წინ ვერც კი დავუშვებდი, რომ სისხლიანი რეჟიმის ცვლილებიდან ხუთი წლის შემდეგაც არათუ სამართლიანობა არ აღდგებოდა, სასამართლო პროცესებიც კი არ ჩაინიშნებოდა. ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, რომ კვლავ მომიწევდა პრესკონფერენცია მომეწვია იმ ხელისუფლების პირობებში, რომელიც სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით მოვიდა და ეს ხელისუფლება შევიდოდა დანაშაულში მონაწილეებთან გარიგებაში, რისი საფუძვლიანი ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, როცა წინა ხელისუფლების დანაშაულებში თანამონაწილე მამუკა ხაზარაძე ამ ხელისუფლების ფავორიტი ბიზნესმენი გახდა. ის ჩვეული ალღოთი აქტიურად შეუდგა ხელისუფლებასთან დაახლოებას. ეს მისი ჩვეული სტილია, დაახლოებული იყო კომუნისტურ ხელისუფლებასთან, შევარდნაძის ხელისუფლებასთან და სააკაშვილის რეჟიმთან. დეტალურად შემიძლია ვისაუბრო სააკაშვილის რეჟიმთან ერთად ჩადენილი დანაშაულების შესახებ, რადგანაც ამ სქემების თვითმხილველი და დაზარალებული ვარ. ხაზარაძემ სააკაშვილის რეჟიმის მხარდაჭერით მიითვისა უამრავი უძრავ-მოძრავი ქონება.

ჩემი როგორც არასასურველი ბიზნესმენის მოცილების წარმატებული ოპერაციის შემდეგ, 2010 წლის 27 დეკემბერს სააკაშვილმა ხაზარაძე დააჯილდოვა ბრწყინვალების ორდენით. როგორც იცით, ხაზარაძე თავისი "თიბისი ბანკით" აქტიურად იყო ჩართული "სონი ცენტრის", მაგნატისა და ჯემალ ლეონიძის ტერორში, "კონსტანტას", ივა ჩიღვინაძის და სხვა უამრავი გახმაურებული თუ გაუხმაურებელ სქემებში. ხელისუფლებისათვის მიუღებელი უამრავი ბიზნესმენი შემხვდა ციხეში, რომლეთა წინააღმდეგაც თბისი ბანკი იყო ჩართული, რის შემდეგაც სააკაშვილმა ხაზარაძე კიდევ ერთი - წმინდა ნიკოლოზის ორდენით დააჯილდოვა. სხვათა შორის, ხაზარაძე ერთადერთი ბიზნესმენია, ვისაც სააკაშვილის ჯილდოები აქვს მიღებული. ახლა კი, როცა გვეგონა, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქმეოდა, ახალ ხელისუფლებაშიც ხელისუფლების ფავორიტი აღმოჩნდა.

ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჩემი და "ელიტ ელექტრონიქსის" საქმეების უსასრულოდ გაწელვის მიზეზი, როგორც პროკურატურაში ისე სასამართლოში გამოწვეულია ხელისუფლების გავლენიანი წრეების მხრიდან მამუკა ხაზარაძის ლობირებით.

მიუხედავად იმისა რომ ყველა გონივრული ვადა ამოიწურა, არათუ სამართლიანობა აღდგა, არამედ ელემენტარულად დაზარალებულადაც კი არ ვარ ცნობილი. სასამართლოში კი კიდევ უარესი ხდება - ბრალზე, რომელიც 2011 წელს სააკაშვილის რეჟიმმა უკანონოდ წამიყენა, დღემდე ვერ ხერხდება სასამართლო პროცესის ჩანიშვნა, რათა დავამტკიცო, რომ ადეიშვილ-ხაზარაძე-კეზერაშვილის ბრალდებები იყო უკანონო, რომ ყველა ბრალდება ჩემს მიმართ უსაფუძვლოა და ეს ადეიშვილის პროკურატურამ ხაზარაძის და კეზერაშვილის დახმარებით შეთითხნა იმის გამო, რომ წაერთმიათ ბიზნესი რომელიც პირველი დღიდან ჩემი შექმნილი იყო.

რამდენჯერმე მივმართე ამ საკითხზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ქალბატონ ნინო გვენეტაძეს, იუსტიციის საბჭოს, ქ. თბილისის სასამართლოს თავმჯდომარეს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ბრალის წარდგენიდან უკვე 6 წელი გავიდა და კანონით განსაზღვრულია 24 თვე, სასამართლო პროცესები კი ჯერაც არ ჩანიშნულა.

მივმართავ ხელისუფლებას, ნუ გახდებით სააკაშვილ-ადეიშვილ-კეზერაშვილ-ხაზარაძის დანაშაულებრივი სქემის მონაწილე.

მოგიწოდებთ:

1. მოხდეს სასამართლო პროცესების დროული ჩანიშვნა

2. დაჩქარდეს ჩემი დაზარალებულად ცნობა

3. დაჩქარდეს "ელიტ ელექტრონიქსის" მითვისებასთან დაკავშირებული დანაშაულებრივი სქემების გამოძიება.

მერწმუნეთ, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების გვერდით, თუ თითოეულ მოქალაქეს არ ექნება იმის რწმენა, რომ სამართლიანობა დამკვიდრდება და მათი საკუთრების ხელყოფას ვერავინ შეძლებს, დამერწმუნეთ, წყალში გადაყრილი იქნება ყველა ის რესურსი, რომელმაც ჩვენს ქვეყანას წარმატება უნდა მოუტანოს.

ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას, აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას ქართულ და საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეში. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხელისუფლების გარკვეული წრეები ლობირებენ მამუკა ხაზარაძეს და შესაბამისად, "ელიტ ელექტრონიქსთან" დაკავშირებული პროცესები შეიძლება წარიმართოს ტენდენციურად ან საერთოდ დარჩეს რეაგირების გარეშე. ჩვენს საქმეზე განვითარებული მოვლენების შესახებ ყველა ინფორმაციას გავასაჯროებთ, ყველა მოვლენის შესახებ პარალერულად მივაწვდით ინფორმაციას ჟურნალისტებს და მოხდება საზოგადოების ინფორმირება.

(R)