"ბავშვობის ოცნება ამიხდა"
17-07-2017
"ბავშვობის ოცნება ამიხდა"
"პალიტრა L"-ის კონკურსის შესახებ ინტერნეტით გავიგე. რომანი არ მქონდა, ასე უცებ შეთხზვა ძნელი მეჩვენა, თუმცა მაინც გადავწყვიტე, ბედი მეცადა..."

"პალიტრა L"-ის ლიტერატურული კონკურსი -"გახდი ბესტსელერის ავტორი" 20 მარტს დაიწყო და სამ ეტაპად გაგრძელდა. გამარჯვებისთვის 300-მდე მონაწილე იბრძოდა. სამთვიანი კითხვის, კამათის, მოწონების, არმოწონებისა და გაზიარების შემდეგ მკითხველებმა და კომპეტენტურმა ჟიურიმ ხუთი ნაწარმოები აირჩია. ერთ-ერთი მათგანის - "შემოვალ ეტლით" ავტორი ჩვენი რესპონდენტი შორენა ხუხუაა.

- მარტვილში დავიბადე, სოფელ კიწიაში. სკოლა 1995 წელს
დავამთავრე. რთული დრო იყო, ოთხმოცდაათიანელობა არც ისე ადვილია მოზარდისთვის.
მახსოვს სოხუმის დაცემის მერე გზაზე ჩანთამოკიდებული დევნილები, დაცარიელებული თვალებით. სროლის ხმა, უშუქო, უგაზო და მშიერი დღეები, უპურობა, დაკერებული ტანსაცმელი.

განუკითხაობის ეპოქაში კედელზე თოფმიყუდებულს მეძინა. მე და ჩემს ძმას, როგორც უფროსებს და კარგ მსროლელებს, გვევალებოდა, თუ ვინმე
დაყაჩაღებას დაგვიპირებდა, ჰაერში გასროლით შეგვეყარა უბანი. მამა სხვა ქვეყანაში წავიდა ლუკმაპურის საშოვნელად. 2009 წელს ავარიაში მოვყევი. რეანიმაციაში აპარატს მიერთებულმა გავატარე 45 დღე. მეხუთე ოპერაციის შემდგომ, რეაბილიტაციისას, ეტლი დამჭირდა. შშმ პირმა ეტლიდან სხვანაირად დავინახე სამყარო, ქვემოდან ზევით ცქერისას თითქოს უცხო განზომილებაში მოვხვდი. შვიდი ოპერაციის შემდეგ ავდექი ფეხზე. ამის მიუხედავად, დღემდე ვრჩები ეტლით მოსარგებლის ტყავში და ყოველთვის, როცა ამ თემას ვეხები, არ ვამბობ:"ისინი, ვამბობ: ჩვენ.

- რა პროფესიის ხართ?

- ფილოლოგი. ასპირანტურაში ვსწავლობდი, როცა გამოცხადდა პროგრამა ეთნიკურ უმცირესობებთან ქართული ენის მასწავლებლების შესარჩევად. ამირჩიეს.
10 წელი საქართველო-სომხეთის საზღვარზე, აზერბაიჯანულ სკოლაში ვიმუშავე ქართულის მასწავლებლად. მესამე წელია, მარნეულში არაქართული სკოლის დირექტორი ვარ. მყავს მეუღლე და გოგონა.

- კონკურსის შესახებ როდის შეიტყვეთ?

- "პალიტრა L"-ის კონკურსის შესა­ხებ ინტერნეტით გავიგე. რომანი არ მქონდა. ასე უცებ შეთხზვა ძნელი მეჩვენა, თუმცა მაინც გადავწყვიტე, ბედი მეცადა.
ჩემი ისტორია მხატვრულ ნაწარმოებად ვაქციე და გამომივიდა კიდეც. რომანი ოთხმოცდაათიანელ ეტლით მოსიარულე გოგონაზეა. იგი ყოველდღე ეჯახება რეალობას, იბრძვის, უყვარს, სტკივა, უხარია და ცხოვრობს განსხვავებული სხეულით არაადაპტირებულ სივრცეში.
შევეცადე, ჩემი ნაწარმოებით სიღრმისეულად დამენახებინა მკითხველისთვის ჩვენი რეალობა. ეტლი ბორბლებით სიარული არ არის მხოლოდ. ხერხემლის ტრავმას არაერთი სირთულე ახლავს. წამში იცვლება შეჩვეული, ბუნებრივი მდგომარეობა და ჩნდება წინააღმდეგობები.

- როგორი გრძნობაა, იყოთ ლიტერატურული კონკურსის - "გახდი ბესტსელერის ავტორი" - ერთ-ერთი გამარჯვებული?

- ბავშვობის ოცნება ამიხდა, თუმცა დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ.

ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით