რა უნდა ვიცოდეთ საზამთროსა და ნესვის შესახებ - კვირის პალიტრა

რა უნდა ვიცოდეთ საზამთროსა და ნესვის შესახებ

ღია ფერის ლაქა უნდა იყოს ყვითელი და მისი ზომა არ უნდა აღემატებოდეს 10 სანტიმეტრს

გაგვიგია მითები იმის შესახებ, რომ საზამთრო თირკემლებს წმენდს, აახალგაზრდავებს, წონაში აკლებინებს და ა.შ. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს, სასარგებლოა თუ არა საზამთრო და რა შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეს ის ჩვენი ორგანიზმისთვის მავნებელი? როგორი საზამთრო არ უნდა ვაჭამოთ ბავშვებს და როგორ უნდა გავარკვიოთ, შეიცავს თუ არა საზამთრო და ნესვი ნორმაზე მეტ ნიტრატს? გაიგებთ, ზაფხულის რომელ მონაკვეთშია საზამთროს მირთმევა რეკომენდებული.

საზამთრო ძალიან მდიდარია წყლით, მაგრამ მასში არის ასევე ბ ჯგუფის ვიტამინები, პექტინი, ლიკოპენი, რომლებიც დადებით ზეგავლენას ახდენენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე. საზამთრო გარკვეულწილად მართლა წმენდს თირკმელებს, რადგან აძლიერებს მისი ფილტრაციის უნარს, შედეგად, თირკმელში არსებული მიკროკრისტალების (მაგრამ არა კენჭების) ან ნალექის, რომელიც შესაძლებელია იყოს შარდის ბუშტის მიდამოში, გამოსვლას აძლიერებს. რა თქმა უნდა, თუ საზამთროს დიეტა გსურთ დაიცვათ, სასურველია მხოლოდ ერთი-ორი, მაქსიმუმ, სამი დღის განმავლობაში, რადგან საზამთროში არ არის ყველა ის მიკრო-მაკროელემენტი და ცილოვანი პროდუქტი, რაც აუცილებელია ორგანიზმისთვის. საზამთროს დიდი რაოდენობით გამოყენებამ, შესაძლოა, განაპირობოს გლუკოზის რაოდენობის ცვლილება, ასევე შესაძლებელია, დაიკარგოს გარკვეული ნივთიერებები ორგანიზმიდან გახშირებული შარდვის გამო.

მითი იმის შესახებ, რომ ძალიან დიდი საზამთრო ხელოვნურად არის გაზრდილი, მცდარია

საზამთროსა და ნესვის სეზონი აგვისტოს დასაწყისიდან იწყება. ამიტომ ნებისმიერ სხვა დროს ეს ბაღჩეული არასეზონურია და შესაბამისად, არაბუნებრივად დამწიფებული. ნიტრატებს საზამთროს დროზე ადრე დამწიფებისთვის იყენებენ, სოფლის მეურნეობაში მისი გამოყენება ნებადართულია, თუმცა, განსაზღვრულია დასაშვები დოზები. ნიტრატმეტრი არის ხელსაწყო, რომელიც პროდუქტში ნიტრატების რაოდენობას ზომავს, თუმცა, ასეთი ხელსაწყო შინ არავის აქვს და მხოლოდ ლაბორატორიულად თუ შეძლებთ საზამთროსა და ნესვის შემოწმებას. არსებობს კიდევ ერთი გამოსავალი - საზამთროს ზომა არ განსაზღვრავს მასში ნიტრატების რაოდენობას, ანუ მითი იმის შესახებ, რომ ძალიან დიდი საზამთრო ხელოვნურად არის გაზრდილი, მცდარია, უბრალოდ, უნდა იცნობდეთ საზამთროს იმ ჯიშს, რომელიც დიდი იზრდება, სქელქერქიანია და შიგნით არა მუქი წითელი, არამედ მოვარდისფრო უნდა იყოს.

თუ დიდი საზამთრო მუქი წითელი და თხელქერქიანია, ის ხელოვნურად გაზრდილია, რადგან ბუნებრივად გაზრდილი ამ ჯიშის საზამთრო არ უნდა იწონიდეს 9 კილოგრამზე მეტს. გარდა ამისა, თუ საზამთროსა და ნესვში თეთრი ძაფისმაგვარი შრეებია, შესაძლებელია, მასში დიდი რაოდენობით ნიტრატია, თუმცა, თეთრი ძაფები შეიძლება პროდუქტის უმწიფრობაზეც მეტყველებდეს.

როგორ გავიგოთ, მწიფეა თუ არა საზამთრო?

მწიფე საზამთროს ქერქი ფრჩხილის დაჭერისას არ დაზიანდება. ამასთან, ნებისმიერ საზამთროს აქვს ღია ფერის ლაქა იმ მხარეს, რა მხარითაც ის მოკრეფამდე იდო მიწაზე, თუ ლაქა მწვანე ან თეთრია, საზამთრო არ არის კარგად დამწიფებული. ლაქა უნდა იყოს ყვითელი, მნიშვნელოვანია ლაქის ზომაც, ის არ უნდა იყოს 10 სანტიმეტრზე მეტი. თუ ლაქა უფრო დიდია, ის ნაკლებად ტკბილი იქნება.

ნესვის სიმწიფის განსაზღვრა შესაძლებელია მისი დათვალიერებით. მწვანელაქებიანი ნესვი არ არის კარგად დამწიფებული, ნესვის ყუნწი გადაღუნვისას არ უნდა ტყდებოდეს, ხოლო თუ ისეთი ნესვი შეარჩიეთ, რომელსაც ყუნწი არა აქვს, დააკვირდით ჭიპს - შეარჩიეთ ისეთი ნესვი, რომელსაც ზამბარასავით ჭიპი ექნება და ხელის დაჭერის შემდეგ მარტივად დაიბრუნებს ფორმას.

მას შემდეგ, რაც საზამთროსა და ნესვის სიმწიფეში დარწმუნდებით, კარგად დააკვირდით, თუ მათში თეთრი ძაფისმაგვარი შრეებია, დიდი ალბათობით, ისინი ნიტრატებითაა გაჯერებული.