აჭარაში გიდების გადამზადება დასრულდა - კვირის პალიტრა

აჭარაში გიდების გადამზადება დასრულდა

აჭარაში გიდების გადამზადება დასრულდა. როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან გვაცნობეს, მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების მიმართულებით გადამზადებულ გიდებს სერტიფიკატები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ სულხან ღლონტმა გადასცეს.

სერტიფიკატების გადაცემის პროცესში მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაზე საპატიო სტუმრად მყოფმა ოდესის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე, მაქსიმ სტეპანოვმაც.

ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, 60 დამწყები და მოქმედი გიდი ინტენსიურ ტრენინგებს 4 ტურისტული მარშრუტის მიმართულებით ორი თვის განმავლობაში გადიოდა. თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგები აჭარის ისტორიის, ეთნოგრაფიის, ექსკურსიათმცოდნეობისა და ჯგუფის ფსიქოლოგიის თეორიულ სწავლებას, ასევე, ტურისტულ მარშრუტებზე პრაქტიკულ საველე გასვლებს, იქ არსებული ღირშესანიშნაობებისა და ძირითადი სერვისების გაცნობას ითვალისწინებდა. მსგავსი მასშტაბის ტრენინგ-კურსები გიდებისთვის წელს პირველად ჩატარდა.

"მთიანი აჭარა დღითი დღე უფრო პოპულარული ხდება ტურისტებს შორის. შესაბამისად, გვესაჭიროება კვალიფიციური გიდები, რომლებიც ჩვენს ულამაზეს მხარეს ტურისტებს შეაყვარებს. მათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, რადგან ისინი არიან ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის სახე. ამიტომ აუცილებელია რაც შეიძლება მეტი კვალიფიციური და პროფესიონალი გიდი გვყავდეს რეგიონში. ჩვენი პროექტის მთავარი მიზანიც სწორედ გიდების კვალიფიკაციის ამაღლება იყო და ვფიქრობ, ის ინტენსიური ტრენინგ-კურსები რაც მათ გაიარეს აუცილებლად აისახება გიდების საქმიანობის ხარისხზე. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ჩვენ გვყავს მთიანი აჭარის ყველა ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ტურისტული მარშრუტის გიდები, რაც წლების განმავლობაში იყო პრობლემა. საბედნიეროდ, დღეისთვის უკვე გვყავს ადამიანები, რომლებსაც სიამოვნებით გავუწევთ რეკომენდაციას წარმოაჩინონ ულამაზესი მთიანი აჭარა",- განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

მთიანი აჭარის გიდები დაცული ტერიტორიების, ფრინველებზე დაკვირვების მარშრუტების, ღვინისა და მაღალმთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების მიმართულებით გადამზადდნენ. სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიას ტურისტული სააგენტოების, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარდა გიდების გადამზადებისა, წელს პირველად ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში მთიან აჭარასა და ბათუმში ტურიზმში დასაქმებული 307 ადამიანი გადაამზადა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორებიცაა მომსახურების სტანდარტები, სურსათის უვნებლობა, დასუფთავება, პიარი და რეკლამა, ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები. მთიან აჭარაში ტურიზმში დასაქმებულ ადამიანებს ინტენსიური ტრენინგები წელს პირველად ჩაუტარდათ, რაც 207 საოჯახო-სასტუმრო სახლისა და კვების ობიექტის გადამზადებულ მეპატრონეს ითვალისწინებს. რაც შეეხება ქალაქს, ბათუმში ტრენინგ-კონსულტაციები 100-მა ადამიანმა გაიარა. მათ შორის წელს პირველად 16 გიდი ბათუმის ტურის მიმართულებით გადამზადდა.

R