საქართველოს რკინიგზაში დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა ამოქმედდა - კვირის პალიტრა

საქართველოს რკინიგზაში დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა ამოქმედდა

საქართველოს რკინიგზაში დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა ამოქმედდა. როგორც რკინიგზიდან გვაცნობეს, საქართველოს რკინიგზა პირველი კომპანიაა რეგიონში, რომელმაც მსგავსი სისტემა დანერგა.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ეს სიახლე ადგილობრივ გადამზიდავებს სატვირთო გადაზიდვების დოკუმენტების ელექტრონულ ფორმატში წარმოების შესაძლებლობას აძლევს.

”რკინიგზის მომხმარებელი ე.წ. ”ერთი ფანჯრის პრინციპით“, ნებისმიერი ადგილიდან განაცხადის გაკეთებას და ყველა საჭირო საბუთის ელექტრონულ ფორმატში წარმოებას შეძლებენ. ასევე, გადამზიდავებს ოფისიდან გაუსვლელად, გადაზიდვის დოკუმენტის გადმოგზავნა და ხელმოწერის შესაძლებლობა ეძლევათ. გადაზიდვაზე თანხმობას შესაბამისი სადგურიც ელექტრონულად ადასტურებს.

სატვირთო გადაზიდვების დოკუმენტების ელექტრონულ ფორმატში წარმოების სისტემა პროცესის გამჭვირვალობის, ონლაინ რეჟიმში მომხმარებლის ინფორმირებულობის, საიმედოობისა და საჭიროების შემთხვევაში, მათზე წვდომის მოქნილობის შესაძლებლობას იძლევა.

დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის შექმნაზე საქართველოს რკინიგზის ფილიალ სატვირთო გადაზიდვების კომერციული და ფინანსური დეპარტამენტები და საქართველოს რკინიგზის ფილიალი WBS (World Business Solutions) 8 თვის განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ. ახალი სერვისის დანერგვას ტვირთმფლობელები, ექსპედიტორები და სატვირთო გადაზიდვის პროცესებთან დაკავშირებული პირები დადებითად აფასებენ”, - აცხადებენ რკინიგზაში.

მათივე თქმით, საქართველოს რკინიგზა სისტემატურად მუშაობს სერვისების განვითარების საკითხებზე და მომხმარებლებს კიდევ ბევრ სიახლეს შესთავაზებს.