გიორგი ლორთქიფანიძე: "თბილისის განვითარების გენგეგმა მომავალი მერის თავზე დაკიდებულ "დამოკლეს მახვილს" მაგონებს" - კვირის პალიტრა

გიორგი ლორთქიფანიძე: "თბილისის განვითარების გენგეგმა მომავალი მერის თავზე დაკიდებულ "დამოკლეს მახვილს" მაგონებს"

2017 წლის თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით "ინტერვიუ" საზოგადოებრივი ორგანიზაცია "სახალხო თვითმმართველობის" თავმჯდომარე გიორგი (გოგი) ლორთქიფანიძესთან...

- ბატონო გოგი, რამდენად არის ქვეყნის პოლიტიკური სისტემა მზად ამ არჩევნებისათვის და რამდენად სამართლიანია საარჩევნო გარემო მოცემული მომენტისათვის?

- ის პოლიტიკური მოცემულობა, რაც დღეს გვაქვს, დიდად არაფრით განსხვადება ბოლო 25 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული რეალობისგან. ისევ არასრულყოფილი საარჩევნო კანონმდებლობა; არათანაბარი სასტარტო პირობები ყველა სუბიექტისათვის; წინა წლებისგან განსხვავებით დამცრობილი თვითმმართველობა (7 თვითმმართველ ქალაქს აუკრძალეს საკუთარი მერის არჩევა); კოჰაბიტაციის პრინციპიდან გამომდინარე ხელოვნურად შექმნილი ორპოლუსიანობა; ადმინისტრაციული რესურსის და სუს-ის ჩართულობა საარჩევნო კამპანიაში და ა.შ. და ა.შ.

- ანუ რაც იყო, იგივე დარჩა და ზოგადად პროცესი უარესობისკენ მიდის?

- სამწუხაროდ ასეა. "ქართულმა ოცნებამ" არ ან ვერ შეძლო სასიკეთოდ წაეყვანა პროცესები და გამოეყენებინა შანსი სახელმწიფოს აღმშენებლობის. მან არჩია საკუთარ თავზე მოერგო ძველი რეალობა და კომფორტულად ჩაფლულიყო იმ ჭაობში, რომელიც მისმა წინამორბედმა დაუტოვა.

- დღეს მთავარი ყურადღება მაინც დედაქალაქის მერის არჩევნებზეა გადატანილი. როგორ ფიქრობთ, რა შედეგი დადგება ამ ორთაბრძოლაში?

- მიუხედავად "ქართული ოცნების" კანდიდატის, ბატონი კახი კალაძის დიდი უპირატესობისა, რაც გამოიხატება მის დადებით იმიჯში, მეტ-ნაკლებად კარგად ორგანიზებულ პოლიტპიარში, ფინანსურ დამოუკიდებლობაში და ადმინისტრაციული რესურსის უპირობო მხარდაჭერაში, დიდი ალბათობით, მას მაინც მძიმე დაპირისპირების გადატანა მოუწევს. მეორე ტურის ალბათობა მცირეა, თუმცა ჯერ კიდევ არის დრო და შეიძლება 1-2 ახალი აქტორის გამოჩენამ სცენაზე ეს ალბათობა საკმაოდ გაზარდოს.

- გამარჯვების შემთხვევაში არც ბატონ კალაძეს და არც სხვა ვინმე ჰიპოთეტურ კანდიდატს არ მგონია სახარბიელო მემკვიდრეობა დახვდეს დედაქალაქში...

- გეთანხმებით. თან უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამ შემთხვევაში არ იქნება დაცული მემკვიდრეობითობის პრინციპი და ნარმანიას გუნდის ჩანაცვლება მოხდება მთელი სამთავრობო ვერტიკალის მასშტაბით. აი, აქ დაიწყება ზუსტად კოლიზია. შეუსრულებელი დაპირებები, არდამთავრებული პროექტები, საგზაო ტენდერებში ბოლო დღეებში დახარჯული კოლოსალური თანხები, დაცარიელებული ბიუჯეტი და მრავალი სხვა არასახარბიელო მემკვიდრეობა ახალი მერისთვის. ბოლო აკორდი იქნება ე.წ. ქალაქის გენერალური გეგმა, რომელიც არანაირად არ არის შესატყვისი გენერალური გეგმის და რეალურად წარმოადგენს ქალაქის ტერიტორიების ინტერესების მიხედვით გადანაწილების გეგმას.

- თუ შეიძლება ამ საკითხზე უფრო დაწვრილებით გვითხრათ...

- დედაქალაქის მიწათსარგებლობის განახლებული გეგმა ეწოდება ოფიციალურად დოკუმენტს, რომელიც ჩვენ, გადასახადების გადამხდელებს დაახლოებით 4 მილიონი ლარი დაგვიჯდა (2,8 მლ ლარი უშუალოდ პროექტი და 400.000 დოლარი კონკურსის პირობების მომზდება, შეფასების პროცესი გერმანული ორგანიზაციის მიერ). რეალურად კი, ეს არის გარემოს რეგულირების გეგმა, რომელიც ცვლის ქალაქის ფუნქციონალურ ზონებს და საკრებულოს მიერ მისი დამტკიცების შემდეგ თბილისი სულ სხვა რეალობაში დაიწყებს უფლებრივად ფუნქციონირებას. ათასობით ადამიანის კერძო საკუთრება გახდება საჯილდაო თემა საზოგადოებრივ და კერძო ინტერესს შორის. თბილისის ზღვის გარშემო არსებული მიწების მესაკუთრეები, დიდი დიღმის მიმდებარე კერძო დასახლებები, სადაც ახლაც მიმდინარეობს კანონიერი მშენებლობები, სავაჭრო სივრცეები (მაგ. ელიავას ბაზრობა) და სხვ. ეს არის სულ მცირე 20-25.000 მესაკუთრის უფლებების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, რაც ბუნებრივია, არ დარჩება მათი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის გარეშე და ეს "საჩუქარი" წილად ხვდება ქალაქის ახალ მთავრობას და საკრებულოს. აქ ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, თუ ეს ბატონები ერთი გუნდის წევრები არიან, მაშინ რატომ ცდილობენ ერთმანეთის საპირისპირო საქმე აკეთონ და ასე ნაჩქარევად მიიღონ სქელტანიანი ნაშრომი საერთო-სახალხო განხილვის გარეშე და თან ამაყად უწოდონ მას "თანხმობის დოკუმენტი"? რეალურად, მე ეს დოკუმენტი მომავალი მერის თავზე დაკიდებულ "დამოკლეს მახვილს" უფრო მაგონებს.

- მესმის, რომ საკმაოდ მძიმე სიტუაცია გვაქვს და პოლიტიკურ სარბიელზე ისევ ის სახეები რჩებიან, ვინც რეალურად შექმნეს ეს სიტუაცია. სად ხედავთ თქვენ გამოსავალს?

- გამოსავალი ერთადერთია, ამ პროცესში უნდა ჩაერთონ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები, რომლებიც სარგებლობენ საზოგადოებაში ავტორიტეტით და რომელთა სიტყვასაც ენდობა საზოგადოება; ისინიც, ვინც ჯერჯერობით უცნობი არიან ფართო საზოგადოებისთვის, მაგრამ თავის თავს მიიჩნევენ სწორედ სოციალურად აქტიურ და ჯანსაღი ამბიციით სავსე ადამიანებად. იოანე ბატონიშვილის მიხედვით - პოლიტიკა ქვეყნის ცხოვრების წესის განსაზღვრაა. პოლიტიკა და მასში მონაწილეობა არაა საძრახი საქციელი და მასში მონაწილეობა საშური საქმეც კი არის, რათა ჩვენი და ჩვენი შვილების ცხოვრების წესის განსაზღვრა არ ვანდოთ საეჭვო ხალხს.

ამიტომ ვფიქრობ, რომ თუ ადამიანს სურვილი აქვს რეალურად მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის მშენებლობის პროცესში და მისი პოზიცია არ არის მხოლოდ საკუთარი ვიწრო, მერკანტილური ინტერესებით ნაკარნახევი, იგი მოვალეა, აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა, აქტიურად ჩაერთოს პროცესებში და თავისი მონაწილეობით ხელი შეუწყოს ქვეყნის განვითარებას.

- ასეთი მოწოდების შემდეგ თქვენ თავად თუ აპირებთ აქტიურად ჩაერთოთ პოლიტიკურ პროცესებში?

- პრინციპში, მე ყოველთვის აქტიურად ვიყავი ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში და ალბათ, არც ეს არჩევნები იქნება გამონაკლისი. რა ფორმით და რა პოზიციაზე, ეს ცოტა განსჯის საგანია და მალე ამ კითხვასაც გავცემ პასუხს.