კონკურსში "გახდი ბესტსელერის ავტორი" გამარჯვებული წიგნების ყდებს ქართველი მხატვრები გააფორმებენ - კვირის პალიტრა

კონკურსში "გახდი ბესტსელერის ავტორი" გამარჯვებული წიგნების ყდებს ქართველი მხატვრები გააფორმებენ

რუსუდან ფეტვიაშვილი: "როდესაც ელის დოდჯსონის წიგნის ყდაზე მუშაობა შემომთავაზეს, ჯერ წიგნის წაკითხვა დავიწყე. მომეწონა და მაშინვე დავთანხმდი"

"პალიტრა L"-ის სახალხო ლიტერატურული კონკურსი "გახდი ბესტსელერის ავტორი" მორიგი მნიშვნელოვანი ეტაპისთვის ემზადება - მას შემდეგ, რაც კონკურსმა გამარჯვებულები გამოავლინა და თითოეული მათგანის მენტორი ცნობილი ლიტერატურათმცოდნეები თუ მწერლები გახდნენ, წიგნების ყდის ილუსტრირების დრო დადგა, რისთვისაც გამომცემლობა განსაკუთრებულად ემზადება. რუსუდან ფეტვიაშვილი, ნინო მორბედაძე, ლევან სილაგაძე, ქეთი მატაბელი და საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა - სწორედ საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ამ მხატვრების შემოქმედებით გაფორმდება საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ უცნობი და ახალბედა მწერლების პირველი წიგნები, რომლებიც სულ მალე საპატიო ადგილს დაიკავებენ თითოეული ოჯახის ბიბლიოთეკაში.

ელის დოდჯსონის წიგნის - "რაფლეზიას" ყდა რუსუდან ფეტვიაშვილის ილუსტრაციით გაფორმდება:

- როდესაც ელის დოდჯსონის წიგნის ყდაზე მუშაობა შემომთავაზეს, ჯერ წიგნის წაკითხვა დავიწყე. მომეწონა და მაშინვე დავთანხმდი. ვფიქრობ, საინტერესო მწერალია და დიდი მომავალი აქვს. ჯერჯერობით ილუსტრაციის საბოლოო ვარიანტზე არ ჩამოვყალიბებულვართ. ჩემთვის პირველ რიგში ავტორის სურვილია მნიშვნელოვანი, ამიტომ რამდენიმე ვერსიას ერთობლივად განვიხილავთ. გულწრფელად მინდა, ელისი მკითხველმა დადებითად მიიღოს და ეჭვიც არ მეპარება, რომ ასე იქნება - მიხარია, რომ ამაში ჩემს მცირე წვლილსაც შევიტან.

ელის დოდჯსონი, მწერალი: - ჩემთვის, როგორც ავტორისთვის, უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომ წიგნზე მსოფლიოში ცნობილი მხატვარი მუშაობს - მეტიც, ბავშვობის ოცნება ამიხდა. რუსუდანის შესახებ ჯერ კიდევ არაფერი ვიცოდი, როდესაც ხუთი წლის ასაკში თოჯინების თეატრში პირველად მოვხვდი, დეკორაციის ერთ ნაწილზე ისეთი ჯადოსნური ნახატი იყო, ვერ ვშორდებოდი კედელს. გვიან შევიტყვე, რომ ეს რუსუდან ფეტვიაშვილის ნამუშევარი იყო.

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ჩემი წიგნის ყდის ილუსტრაციაზე იმუშავებდა.

ია კარგარეთელის "აღმოსავლურ რომანს" კი ცნობილი მხატვარი ქეთი მატაბელი გააფორმებს:

- ია კარგარეთელის რომანმა გასაოცარი შთაბეჭდილება მოახდინა. მართალია, ია ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე ძალიან საინტერესო პიროვნებაა - ამ ასაკში ასეთი სერიოზული სათავგადასავლო რომანის შექმნა მის უზომო ნიჭზე მიანიშნებს. რაც შეეხება ყდის ილუსტრაციას, ის, ფაქტობრივად, ერთობლივად შევქმენით - როდესაც ვკითხე, თავად როგორ წარმოედგინა ყდის ილუსტრაცია, რამდენიმე ფოტო მომიტანა, რომლისგანაც საბოლოოდ კოლაჟი ავაწყვეთ. საერთოდ, როდესაც წიგნზე მუშაობას ვიწყებ, მას თითქოს მედიტაციურად ვუკავშირდები, იას რომანზეც ასეთი განცდით ვიმუშავე. ყდის ილუსტრაცია უკვე მზადაა და ბედნიერი ვარ, რომ მასზე მუშაობის პასუხისმგებლობა დამეკისრა.

ია კარგარეთელი, მწერალი: - როდესაც მაცნობეს, რომ ჩემი რომანის ყდაზე იმუშავებდა ისეთი გამოჩენილი ხელოვანი, როგორიც ქეთი მატაბელია, სიხარულისაგან ცრემლი მომერია. რაც შეეხება ყდაზე მუშაობას, მეც და ქალბატონ ქეთისაც სიძველე გვიყვარს და ვცდილობთ, ის თანამედროვეობას შევუსაბამოთ. ყდის გარკვეული სახე უკვე გვაქვს და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ აღტაცებული დავრჩი.

მკითხველს ყდის სახით არა მხოლოდ ლამაზი ნახატი ელის, არამედ სიმბოლიკებითა და აღმოსავლური თემატიკით გაჯერებული ხელოვნების ნიმუში.

კიდევ ერთი გამარჯვებულის, თათული ღვინიანიძის წიგნის ყდის ილუსტრაციაზე ნინო მორბედაძე მუშაობს. თორნიკე ზვიადაურის წიგნს ლევან სილაგაძე, ხოლო შორენა ხუხუას რომანის ყდას პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა გააფორმებს.

რუსუდან შელია