მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული 5 ოქტომბერს გამოვლინდება - კვირის პალიტრა

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული 5 ოქტომბერს გამოვლინდება

პირველად საქართველოში კოალიცია "განათლება ყველასათვის - საქართველოს“ ინიციატივით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი ტარდება, რომლის გამარჯვებულს 10 ათასი ლარის ოდენობის ფულადი ჯილდო გადაეცემა.

კონკურსის მიზნების, ეტაპებისა და დაჯილდოების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, კოალიცია "განათლება ყველასათვის - საქართველოს“ პროექტის კოორდინატორს გიორგი ჭანტურიას ვესაუბრეთ.

- როგორ გაჩნდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს დაწესების იდეა?

2013 წლიდან საერთაშორისო დონეზე დაიწყო მასწავლებლის გლობალური ჯილდოს პროექტის განხორციელება, რასაც მომდევნო წლებში რამდენიმე ქვეყანა შეუერთდა და მათ შორის ჩვენც. მნიშვნელოვანია, რომ გლობალურ და ეროვნულ დონეზე ეს ჯილდო არის საზოგადოებრივი ინიციატივა. საქართველოში ეს ინიციატივა ეკუთვნის "კოალიცია განათლება ყველასათვის - საქართველოს,“ რომელიც უკვე რამდენიმე წელია საკმაოდ აქტიურად მუშაობს ზოგადი განათლების საკითხებზე. 2017 წლის მარტში ორგანიზაციამ მოიპოვა გლობალური ჯილდოს აკრედიტაცია, ვხელვმძღვანელობთ მათი კონცეფციით, პრინციპებით, თუმცა რა თქმა უნდა გარკვეული ეროვნული თავისებურებებიც გვაქვს გათვალისწინებული.

მოხარულები ვართ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მხარს უჭერს ინიციატივას, ხოლო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციაა ამ პროცესში.

- რა არის ინიციატივის ძირითადი მიზანი?

მთავარი მიზანი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და პრესტიჟის ზრდაა. ეს პრობლემა არამხოლოდ საქართველოში, გლობალურ დონეზეც დგას. ეს კომპლექსური პრობლემაა და ჯილდო მცდელობაა ხელი შევუწყოთ მის მოგვარებას. გვინდა, საზოგადოებას, განსაკუთრებით ახალ თაობას, დავანახოთ, რომ ეს პროფესია არის ღირსეული, შეიძლება ამ პროფესიით წარმატების მიღწევა და რომ მასწავლებლებიც თავიანთ საქმიანობაში და ცხოვრებაში წარმატებულები არიან. ასევე, გვინდა, მასწავლებლებიი დავაფასოთ და გამოვარჩიოთ.

აქვე ვამბობთ, რომ ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია და ამბიცია, რომ გამოვავლენთ საქართველოში საუკეთესო პედაგოგს, მით უმეტეს, წელს ეს საქართველოში პირველად ტარდება. უბრალოდ, ჩვენ ვამბობთ, რომ კონკურსში ვინც იღებს მონაწილეობას, აქედან ვარჩევთ საუკეთესო პედაგოგს.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად სამართლიანია კონკურსის მოთხოვნები საქართველოს მასწავლებლების მიმართ?

- ყველაზე მნიშვნელოვანია, მასწავლებელი აჩვენებდეს პროგრესს მოსწავლეების სწავლის შედეგებში. მაგალითად, თუ მასწავლებელს ჰყავს პირობითად პირველ დონეზე მოსწავლე, შეძლო თუ არა მან ამ მოსწავლის განვითარება, ანუ პროგრესს და განვითარებას დინამიკაში უნდა აჩვენებდეს. არ ვამბობთ, რომ ყველაფერი ნიშნებით დაიყვანება, არა. მთავარია, მოტივაციას უღვიძებდეს მოსწავლეებს და შეაყვაროს და დააინტერესოს მისი საგნით.

გარდა ამისა, ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ გამარჯვებული სამოქალაქო აქტივობითაც გამოირჩეოდეს. მასწავლებელი ერგვარი როლური მოდელი უნდა იყოს. გვჯერა, რომ არსებობენ მასწავლებლები, რომლებიც სკოლაში კარგად ასწავლიან და ამით შემოიფარგლებიან. მაგრამ, ვფიქრობთ, რომ გამარჯვებული მხოლოდ სალკასო ოთახით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პედაგოგი ზრუნავდეს პროფესიულ განვითარებაზე და ერთ ადგილას არ იყოს გაჩერებული. მნიშვნელოვანია, ღირებულებითი სწავლების ელემენტები. მოკლედ, რომ ვთქვათ, ამ საკითხს საკმაოდ კომპლექსურად ვუდგებით, თუმცა სხვაგვარად არც იქნებოდა სწორი.

- ითვალისწინებს თუ არა საკონკურსო პირობები ქვეყანაში არსებულ ვითარებას და სკოლების განსხვავებულობას?

თითოეულ მასწავლებელებს თავისი ინდივიდუალური ისტორია და თავისებურებები აქვს. ამ ყველაფერს ჟიური, ბუნებრივია, გაითვალისწინებს. უმნიშვნელოვანესი მომენტია ის გარემო სადაც მასწავლებელს უწევს მუშაობა. ამასაც, რა თქმა უნდა ყურადღებას ვაქცევთ. გვესმის, რომ სოციალურ-ეკომონიკური ფაქტორები ბევრს ნიშნავს და ხშირად გადამწყვეტიც არის წარმატების მიღწევაში. პედაგოგს, რომელიც განსაკუთრებულ ვითარებაში მუშაობს და რომელმაც შეცვალა სკოლის მოსწავლეებში მიდგომები, ლოგიკურია უფრო მაღალი შეფასება ექნება, ვიდრე იმას, რომელსაც ყველანაირი ხელშეწყობა აქვს და ყველა ინსტრუმენტი გააჩნია იგივე შედეგის მისაღწევად.

- ჟიური რამდენი წევრისგან შედგება და ვინ არის წარმოდგენილი მასში?

ჟიური დაკომპლექტებულია 18 წევრისგან. მასში შედიან განათლების სპეციალისტები და ექსპერტები, ჟურნალისტები, პედაგოგები და პროფკავშირის წარმომადგენლები. არიან როგორც საჯარო ასევე საზოგადოებრივი სექტორიდან. ჟიური საკმაოდ ავტორიტეტული და დაბალანსებულია. მნიშვნელოვნია, რომ ჟიური საბოლოო გადაწყვეტილებას გამარჯვებულის შესახებ კონსესუსით იღებს.

- რამდენი ეტაპისგან შედგება კონკურსი და როდის გამოვლინდება გამარჯვებული?

კონკურსი წელს პირველად ტარდება. 31 მაისს გამოცხადდა აპლიკაციების მიღება, რომელიც ივლისის შუარიცხვებამდე გაგრძელდა. შეფასების პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდა, მეორე ეტაპზე გამოვლინდა კონკურსანტთა ათეული, ხოლო მესამე ეტაპზე, სექტემბრის შუა რიცხვებში ცნობილი გახდება იმ ხუთი ფინალისტის ვინაობა, რომელთაგან ერთ-ერთი, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, "მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ პირველი მფლობელი გახდება.

- როგორ მოხდება კონკურსში გამარჯვებულის დაჯილდოება და რა პრივილეგიები ექნება მას?

კონკურსში გამარჯვებულს ჯილდოს სახით 10 ათასი ლარი გადაეცემა. საუკეთესო ხუთი ფინალისტიდან ვარჩევთ გამარჯვებულს, თუმცა დანარჩენ 4 მონაწილესაც სხვადასხვა პრიზები გადაეცემა. შემდგომში შევეცდებით, გამარჯვებული მასწავლებელი და დანარჩენი ფინალისტები ჩავრთოთ სხვადასხვა საქმიანობებსა და პროგრამებში, რომელსაც კოალიცია განახორციელებს. გარდა ამისა, ეროვნულ დონეზე გამარჯვებული მასწავლებელი, მონაწილეოbას მიიღებს პედაგოგთა გლობალურ კონკურსში. საერთაშორისო კონკურსზე გამარჯვებულ მასწავლებელს კი, 1 მილიონი დოლარი გადაეცემა.

- და ბოლოს, როგორ ფიქრობთ, კონკურსი როგორ შეუწყობს ხელს მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას?

მიუხედავად იმისა, რომ წელს პირველად ვატარებთ კონკურსს, უკვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ მხრივ ნამდვილად კმაყოფილები ვართ. ვფიქრობთ, რომ მომავალ წლებში უფრო მეტი დანტერესება და უფრო მეტი განაცხადები იქნება. რაც მთავარია, საზოგადოება გაიცნობს ამ ადამიანებს, ისინი იქნებიან როლური მოდელები ბავშვებისთვის თუ სხვა პედაგოგებისათვის და ამით კონკურსი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის პროცესში თავის როლს ითამაშებს, დაინახავს საზოგადოება, რომ პედაგოგის პროფესია ღირსეულია.

რა თქმა უნდა, მხოლოდ ჯილდო ამ კომპლექსურ საკითხს ვერ მოაგვარებს და საჭიროა სისტემური ცვლილებები. თუმცა, როგორც აღვნიშნე, ეს ინიციატივა პოპულარობასა და პრესტიჟის ზრდას ძალიან დაეხმარება.