სკოლის დირექტორთა გადამზადების პროექტის ფარგლებში "სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენცია" გაიმართა - კვირის პალიტრა

სკოლის დირექტორთა გადამზადების პროექტის ფარგლებში "სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენცია" გაიმართა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 9-10 სექტემბერს, სკოლის დირექტორთა მონაწილეობით, "სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენცია" გაიმართა.

კონფერენცია „ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა" და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „მასწავლებელთა და დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის" ფარგლებში გაიმართა, რომელიც სკოლის საზოგადოების კვალიფიკაციის ამაღლებაზე მთლიანობაში 3 წლის განმავლობაში იზრუნებს.

კონფერენციას 200-ზე მეტი საჯარო სკოლის დირექტორი და 50-ზე მეტი განათლების სპეციალისტი დაესწრო. ასევე, მონაწილეობდენ საჯარო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

პროექტის ერთ-ერთი განმახორციელებელი ორგანიზაციის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის გიორგი მაჩაბელის განმარტებით, კონფერენციის მიზანია სკოლის მართვისა და პროფესიული განვითარების თანამედროვე სტანდარტების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.

მისი თქმით, პედაგოგთა და სკოლის დირექტორთა კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით, ამ მასშტაბის და ამ ფორმატის პროექტი განათლების სისტემაში პირველად ხორციელდება. პროექტი 20 ათასამდე პედაგოგის და დირექტორის გადამზადებას ითვალისწინებს.

„მთავარი თემაა მოსწავლეზე ორიენტირებული საკლასო გარემოს, სასკოლო სისტემის შექმნა და წარმართვა. პროგრამა რომელიც დაფინანსებულია „ათასწლეულის გამოწვევის" კორპორაციის მიერ და ინიცირებული „ათასწლეულის გამოწვევა - საქართველოს ფონდის" მიერ ხორციელდება ჩვენი ცენტრის მეშვეობით. პროექტი ითვალისწინებს ე.წ STEM საგნების: ზუსტ და საბუნებისმეტყველო, ინგლისური ენის და გეოგრაფიის თითქმის ყველა პედაგოგის გადამზადებას. ასევ ყველა სკოლის დირექტორის გადამზადებას, სასწავლო პროცესის ეფექტიანად ორგანიზების მიზნით. პროგრამის დაგეგმვისას ბევრი კომპონენტი იყო გათვალისწინებული. საერთაშორისო კვლევების და შეფასებების საფუძველზე ამ საგნების განვითარება ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, ამიტომ, ათასწლეულის კორპორაციამ და ამერიკის მთავრობამ გადაწყვიტა საქართველოს განათლების სფეროში დიდი თანხები ჩაედო და ქართველ ხალხს განათლების სისტემის გაუმჯობესების პროცესში გვერდით დასდგომოდა. ეს არის უნიკალური შემთხვევა. კორპორაციის მაგალითზე მე შემიძლია ვთქვა რომ მანამდე ესეთი შემთხვევა არ ყოფილა. პროექტებს უფრო ინფრასტრუქტურის მიმართულებით აფინანსებენ. კარგი განათლების მიღება არის სიღარიბიდან თავის დაღწევის ერთ-ერთ მთავარი წინაპირობა", - აღნიშნავს გიორგი მაჩაბელი.

როგორც ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დირექტორმა მაგდა მაღრაძემ აღნიშნა კონფერენციის და პროექტის მიზანია ისეთ საგანმანათლებლო სისტემის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი კადრების მომზადებას და ადამიანური რესურსის განვითარებას.

„პროექტის მოდულების დამუშავების პროცესში ჩართული იყო არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია და კონსულტანტი, რომლებიც წლებია წარმატებით მუშაობენ განათლების სექტორში. ჩვენი პრიორიტეტია ასევე ყველა საჯარო სკოლის დირექტორის გადამზადება. დღეისათვის ტრენინგების პირველ ეტაპში უკვე 9000-მდე ადამიანმა მიიღო, როგორც მასწავლებლებმა ასევე დირექტორებმა. ტრენინგები 2019 წლამდე გაგრძელდება. ეს არის ფართომასშტაბიანი პროგრამა და გრძელვადიანი კურსები, რომელიც მასწავლებლებს პროფესიულ განვითარებასა და წარმატების მიღწევაში დაეხმარება", - აღნიშნა მაგდა მაღრაძემ.

კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ პროექტის მნიშვნელობა შეაფასა და განაცხადა, რომ აღნიშნული პროექტის შედეგად მოკლევადიან პერსპექტივაში სერიოზულ შედეგებს მიიღებენ.

სიტყვით გამოსვლისას ჯეჯელავამ სამ საკთხზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც მისი აზრით ხარისხიანი განათლების მისაღწევად აუცილებელი კომპონენტია. ეს არის: მშობლებთან ურთიერთობის გაუმჯობესება; პედაგოგთა მოტივაციის გაზრდა და მეგობრული კოლექტივის ჩამოყალიბება.

„დროა სასკოლო სისტემაში დასაქმებულთა ანაზღაურების სამართლიანი სისტემის შემოღებასა და სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე სერიოზულად ვიზრუნოთ. ამ საკითხების მიმართ ყურადღების მოდუნების დრო დამთავრდა. თუმცა, მხოლოდ ანაზღაურების გაუმჯობესებით მოტივაციის გაზრდას ვერ მივაღწევთ. ყველა სკოლის დირექტორი, რომელიც თავისი მოსწავლეთა განათლების დონით მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწევს, დაფასებული უნდა იყოს, არა მხოლოდ სამინისტროს მხრიდან, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით, საზოგადოების მიერ. ამ სისტემის დანერგვაზე უკვე აქტიურად ვმუშაობთ ", - განაცხადა მინისტრმა

მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის მენეჯერის ირინა აბულაძის განმარტებით, ხშირ შემთხვვაში დირექტორები აქცენტს აკეთებენ მხოლოდ პროცესების მართვაზე. სასწავლო პროცესების გაუმჯობესებაში კი ნაკლებად ერთვებიან და ლიდერობის უნარებიც არ გააჩნიათ.

„პროექტის ფარგლებში სწორედ ამ ყველაფრის ერთად მიღწევას ვცდილობთ. დირექტორებისგან შევქმნათ არა მხოლოდ უკეთესი ადმინისტრაციული მენეჯერები, არამედ სასწავლო პროცესის მართვის ლიდერები"- განაცხადა მან.

კონფერენციაზე მოწვეულ სკოლის დირექტორებს სასკოლო განათლების სისტემის თანამედროვე და ეფექტიან მოდელების დანერგვის საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ლონდონის ბოსვორსისის კოლეჯის დირექტორმა ფიონა პოკოკმა და ბრიტანეთში ჰეილებარის საერთაშორისო სკოლის დირექტორმა პოლ უოტკინსონმა. კონფერენციას და პროექტის მნიშვნელობის შესახებ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირეს ასევე „აირექსის" განათლების მიმართულების დირექტორის მოადგილე ემი ბერნათმა, სსიპ ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ სანიკიძემ და ჰამილტონის სკოლის დირექტორმა გია მურღულიამ.

კონფერენციის და პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნა და გამოცდიელბა სკოლის დირექტორებმაც შეაფასეს.

გორის რაიონის სოფელ ძევერის სკოლის დირექტორი ნუნუ წეველიძე: დღევანდელი კონფერენცია მნიშვნელოვანია იმითაც რომ ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელების ერთ ოჯახად, ერთი იდეის გარშემო გაერთიანება ხდება, რაც ძალიან კარგ ზეგავლენას ახდენს სასკოლო კლიმატის გაუმჯობესებაზე. უკვე ვახდენთ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვას და ვცდილობთ ჩვენი სკოლის თვით განვითარებად ორგანიზმად ჩამოყალიბებას. სწორედ, ამ პროცესში მიღებული გამოცდილება გავუზიარეთ კოლეგებმა ერთმანეთს.

ქუთაისის #24 საჯარო სკოლის დირექტორი სოფო ხარშილაძე: მე უკვე წარმატებით ვიყენებ ტრენინგების პირველი ეტაპის პროგრამას და შედეგსაც ვხედავ. მეორე მოდული ტრენინგიდან განსაკუთრებით საინტერესო იყო ერთ წლიანი განვითარების დაგეგმვის პროცესი. უკვე ვიყენებ ამ მოდულს. სკოლა იმდენად ცოცხალი ორგანიზმია, ერთმანეთისგან ისე განსხვავდება, როგორც თითის ანაბეჭდი. ამიტომ, ის რაც შეიძლება მე წარმატებით გამოვიყენო, სხვამ მისი ადაფტირება ვერ შეძლოს.

თბილისის #87 საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან მეურნიშვილი: ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და გამორჩეულად მომწონს გუნდური მუშაობის პრინციპის მოდელი. რაც შეეხება მოდულებს რეცეპტი არ არსებობს რომელი მოდული უფრო მეტად გაამართლებს. ლიდერობაც იმას ნიშნავს, რომ თუ ლიდერი ხარ, იმას მოირგებ, რაც შენი სკოლისთვის იქნება სასარგებლო და უკეთ იმუშავებს.

ლიდერობის აკადემია სამი დონისაგან შედგება და წარმოადგენს ტრენინგ-მოდულების ერთობლიობას, რომელიც 2016 წლის 15 აგვისტოს დაიწყო და 2018 წლის ბოლომდე ეტაპობრივად გაგრძელდება. პროგრამაში ყველა საჯარო სკოლის დირექტორია ჩართული. ლიდერობის პირველი აკადემია 1700-ზე მეტმა საჯარო სკოლის დირექტორმა 2016 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე გაიარა.