წიგნის "შემოვალ ეტლით" ყდა პირველმა ლედიმ გააფორმა - კვირის პალიტრა

წიგნის "შემოვალ ეტლით" ყდა პირველმა ლედიმ გააფორმა

შორენა ხუხუა: "სიურპრიზი იყო, როდესაც მითხრეს, რომანის ილუსტრირებაზე პირველი ლედი იმუშავებსო - ის საოცრად დადებითი ადამიანია და მიხარია, რომ მასთან შეხვედრის შესაძლებლობა მომეცა"

მაკა ჩიჩუა: "გოგონას ჭრელი ტანსაცმელი მოვარგე, რაც შეხედვისთანავე სიხარულისა და ბედნიერების ასოციაციას აღძრავს, და ხვეული თმით გამოვსახე. საოცრება ისაა, რომ შორენა ხუხუა, წიგნის ავტორი, ზუსტად ისეთი აღმოჩნდა, როგორი გოგონაც ილუსტრაციაში გადმოვეცი"

გამომცემლობა "პალიტრა L"-ის სახალხო პროექტი "გახდი ბესტსელერის ავტორი" დასკვნითი ეტაპისთვის ემზადება - მენტორებთან კონსულტაციები, ფაქტობრივად, დასრულებულია, წიგნების პრეზენტაციის დღეც დათქმულია და, ყდის ილუსტრაციებიც ცნობილი მხატვრების მიერ შექმნილი.

კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულისთვის, შორენა ხუხუას რომანის ყდისთვის ილუსტრაციის შექმნა სულ ცოტა ხნის წინ დაასრულა პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამაც - რამდენად საინტერესო იყო მისთვის პროექტში მონაწილეობა და როგორ შეიქმნა ახალბედა მწერლის წიგნისთვის ილუსტრაცია, პირველი ლედი თავად გვიამბობს:

- როდესაც "პალიტრა L"-ის პროექტში "გახდი ბესტსელერის ავტორი" მონაწილეობა და წიგნისთვის ილუსტრაციის შექმნა შემომთავაზეს, პირველ რიგში დავინტერესდი, რომელ ნაწარმოებზე უნდა მემუშავა - რამდენიმე რომანი შემომთავაზეს, თუმცა, ბევრი არ მიფიქრია, ისე ავირჩიე შორენა ხუხუას რომანი "შემოვალ ეტლით". გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ ნაწარმოების შინაარსი ჩემთვის ახლობელი თემაა, არა მხოლოდ ეტლით მოსარგებლეებთან, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების ფართო სპექტრთან ვმეგობრობ, შესაბამისად, რომანში აღწერილი ბევრი ნიუანსი ჩემთვის კარგად ნაცნობი აღმოჩნდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ შორენა საოცრად დახვეწილად ჰყვება მთელ სიუჟეტს, ლიტერატურულად თუ აზრობრივად ტექსტიც გამართული და მსუყეა და რაც მთავარია, წარმოუდგენელი ემოციებით გავსებს.

- ილუსტრაცია თავიდანვე მარტივად შექმენით?

- ბევრი ვიფიქრე, თუ როგორ გადმომეცა ის, რაც პირადად ვიგრძენი ამ ნაწარმოებით. რამდენიმე ვარიანტზე სიამოვნებით ვიმუშავე და საბოლოოდ მერვე ვარიანტზე ჩამოვყალიბდი: გოგონას ჭრელი ტანსაცმელი მოვარგე, რაც შეხედვისთანავე სიხარულისა და ბედნიერების ასოციაციას აღძრავს, და ხვეული თმით გამოვსახე. საოცრება ისაა, რომ შორენა ხუხუა, წიგნის ავტორი, ზუსტად ისეთი აღმოჩნდა, როგორი გოგონაც ილუსტრაციაში გადმოვეცი, ჭრელი ტანსაცმლითა და ხვეული თმით, არადა, მანამდე ნანახი არ მყავდა.

- გარდა იმისა, რომ ნაწარმოებში ასახული თემატიკა თქვენთვის ახლობელია, რამდენად ამართლებს რომანი "ბესტსელერის ავტორის" გამარჯვებულის სტატუსს?

- ჩემთვის ეს წიგნი უკვე ბესტსელერია და ვფიქრობ, საზოგადოებაც ზუსტად ისეთივე დადებითი ემოციებით მიიღებს, როგორც მე დავიმუხტე საოცარი შთაბეჭდილებებით. შორენას კარგი და სწორი მიგნებები აქვს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ როგორ გადმოსცემს ამ ყველაფერს. ეს არ არის არც სიმძიმე, ტრაგიზმი, მაგრამ ამ დროს ყველაფერია ერთად.

როგორც მწერალი გვიყვება, პირველი ლედისა და მისი ხედვები ერთმანეთს დაემთხვა.

შორენა ხუხუა, კონკურსის გამარჯვებული: - პირველი ლედის მიერ დამზადებული ყდა ძალიან მომეწონა სხვადასხვა მიზეზის გამო: პირველ რიგში, მოულოდნელი იყო ილუსტრაციისთვის შერჩეული ფერები. ნაწარმოებში მთავარი გმირი ეტლს რამდენჯერმე იცვლის, ილუსტრაციაში კი სწორედ ისეთი ეტლი მოხვდა, რომლითაც ის საავადმყოფოდან გამოჰყავთ. განსაკუთრებით მომეწონა ისიც, რომ გმირს სატერფულზე არა აქვს დადებული ფეხი, თითქოს არ არის დამოკიდებული და მიჯაჭვული იმას, რითიც გადაადგილდება, ფრთის ფენომენზე ნამდვილად არ მიფიქრია და ეს დეტალი განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა. საბოლოოდ, ილუსტრაცია პოზიციურია, ანუ ის განწყობაა ასახული, რაც თავიდანვე ნაწარმოებში ჩავდე. საერთოდ, სიურპრიზი იყო, როდესაც მითხრეს, რომანის ილუსტრირებაზე პირველი ლედი იმუშავებსო - ის საოცრად დადებითი ადამიანია და მიხარია, რომ მასთან შეხვედრის შესაძლებლობა მომეცა.

რუსუდან შელია