ბათუმის კინოფესტივალი გიორგი ოვაშვილის ფილმით „ხიბულა“ გაიხსნება - კვირის პალიტრა

ბათუმის კინოფესტივალი გიორგი ოვაშვილის ფილმით „ხიბულა“ გაიხსნება

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი BIAFF გიორგი ოვაშვილის ფილმით "ხიბულა" გაიხსნება. კინოფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონია ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში დღეს, 18.00 საათზე გაიმართება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, გახსნის ცერემონიაზე საპატიო სტუმრად მიწვეულია ცნობილი ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი, რომელსაც კინოფესტივალის ყოველწლიური სპეციალური პრიზი მსოფლიო კინემატოგრაფში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცემა.

მათივე ცნობით, ჯგუფ "ირიაოს" მიერ შესრულდება გია ყანჩელის მუსიკალური ნაწარმოებები. ასევე ქართველ მსახიობს ვახტანგ კიკაბიძეს გადაეცემა სპეციალური პრიზი სამსახიობო ოსტატობისთვის.

კინოფესტივალის გახსნის ფილმის გიორგი ოვაშვილის "ხიბულა"-ს საერთაშორისო პრემიერა კარლოვი ვარის კინოფესტივალზე გაიმართა. ბათუმის კინოფესტივალზე შედგება ფილმის ქართული პრემიერა, რომელსაც დაესწრებიან რეჟისორი, მსახიობები და გადამღები ჯგუფის წევრები.

BIAFF კინოფესტივალი რვა დღეს გაგრძელდება და წარმოდგენილი იქნება, დაახლოებით, 40-მდე სრულმეტრაჟიანი მხატვრული/დოკუმენტური ფილმი და 40 მოკლემეტრაჟიანი ფილმი, 30 ქვეყნიდან.

ფესტივალის პროგრამა შედგება შემდეგი სექციებისგან: საერთაშორისო კონკურსი - მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციები: დიდოსტატთა კოლექცია, ქართული პანორამა, სპეციალური ჩვენებები, "SHORT MATTERS!"- ევროპის კინოაკადემიის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია, მასტერ-კლასები.