მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი უკვე გამოვლინდა - კვირის პალიტრა

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი უკვე გამოვლინდა

კოალიციის "განათლება ყველასათვის - საქართველოს“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით მიმდინარე "მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის ფარგლებში, ხუთი ფინალისტი გამოვლინდა. ფინალისტები ამ სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია.

ხუთეულში მოხვდნენ:

  • მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ეკა წულუკიძე;
  • ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ვლადიმერ აფხაზავა;
  • სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის ბიოლოგია/ბუნებისმეტყველების მასწავლებელი თეა ნონიკაშვილი;
  • თბილისის #43 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი ნინო აბულაძე;
  • თბილისის კერძო სკოლა "ქორალის” ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნათია ფურცელაძე.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის გიორგი მაჩაბელის განცხადებით, ხუთი ფინალისტიდან კონკურსის გამარჯვებული პედაგოგი, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს გამოვლინდება.

მასწავლებელთა დღეს, გამარჯვებულ პედაგოგს კამპანიის გენერალური სპონსორი ინა გუდავაძე-პატარკაციშვილი ფულადი ჯილდოს სახით 10 000 ლარს გადასცემს. დანარჩენ ოთხ ფინალისტს კი "ლიბერთი ბანკი“ დააჯილდოებს.

ჟიურის ერთ-ერთი წევრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და განათლების სკოლის ხელმძღვანელი სოფიკო ლობჟანიძე მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს დაწესებას მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ასამაღლებლად კარგ საშუალებად მიიჩნევს.

"ამ შემთხვევაში ჩემთვის, როგორც უნივერსიტეტის წარმომადგენლისთვის, რომელიც ემსახურება მასწავლებლების მომავალი თაობის მომზადებას, ამ ჯილდოს დაწესება მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ეს არის ნაბიჯი, რომელიც ხელს უწყობს მასწავლებლის პრესტიჟის ზრდას. დღეს კი მასწავლებლის პროფესია, არც თუ ისე პრესტიჟულია. ჩვენ ვაფასებთ კარგ მასწავლებლებს. ეს უკვე მოტივაციაა მომავალი თაობისთვის, რომ მათ აირჩიონ მასწავლებლის პროფესია.“-აღნიშნავს ჟიურის წევრი.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის განმარტებით, საქართველოში მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს დაწესება, პედაგოგთა გლობალური ჯილდოს ნაწილია. კრიტერიუმებიც სწორედ ამ გლობალური კონკურსის მიხედვით შეირჩა.

"მასწავლებლის ეროვნული ჯილდო დღეს უკვე ფინალურ სტადიაში შევიდა. დავასახელეთ ხუთი ფინალისტი. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში, ჩვენს პარტნიორს კოალიცია "განათლება ყველასათვის - საქართველო", ჟიურის წევრებს და მასწავლებლებს. საინტერესო კონკურსი გამოვიდა და ძალიან საინტერესო კანდიდატებიც დასახელდნენ. კონკურსის პირობების თანახმად, ყურადღება ექცეოდა არამარტო მათ პედაგოგიურ საქმიანობას, არამედ იმ აქტივობებსაც, რომელსაც ისინი თემში ახორციელებდნენ. რაც შეეხება კონკურსში მონაწილეობის პროცედურებს, კონკურსზე თვითონ პედაგოგები წარადგენდნენ საკუთარ კანდიდატურას. მათ მოეთხოვებოდათ რამდენიმე ტიპის დოკუმენტაცია, დასაბუთება, თუ რატომ თვლიდნენ საკუთარ თავს შესაბამის კანდიდატად. ასევე მოეთხოვებოდათ 3 სხვადასხვა რეკომენდაცია მათი საქმიანობის შესახებ. ჩვენი ეროვნული ჯილდო, მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის - "The Global Teacher Prize“ ნაწილია, კონკურსის მონაწილეების შერჩევის კრიტერიუმებიც სწორედ გლობალური ჯილდოს მიხედვით შეირჩა“, - განმარტა გიორგი მაჩაბელმა.

ერთ-ერთი ფინალისტი პედაგოგის თეა ნონიკაშვილის განცხადებით, ერთი სული აქვს ეს ამბავი თავის მოსწავლეებს აცნობოს, რადგან მასზე მეტად ისინი ელოდებიან კონკურსის შედეგებს.

"ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდოა. ჩემთვის მართლა მოულოდნელი იყო ხუთეულში აღმოჩენა. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ჩემი მოსწავლეებისთვის დიდი სიხარული იქნება. მათი ნაწილი ინტერნეტითაც კი ადევნებდა თვალს შედეგების გამოცხადებას. სულ მეკითხებოდნენ და აინტერესებდათ შედეგები. ვფიქრობ ამ კონკრეტულმა კონკურსმა მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისთვის ძალინ კარგი შედეგები მოიტანა“, - განაცხადა სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის პედაგოგმა.

კიდევ ერთი ფინალისტის ნათია ფურცელაძის შეფასებით, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს დაწესება, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს და კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას გაუჩენს სურვილს მასწავლებლის პროფესია აირჩიოს

"ჩემი მოსწავლეები და კოლეგები დილიდან ადევნებდნენ თვალყურს ფინალისტების გამოვლენას. თითქმის მთელი სკოლა იყო ჩართული ამ პროცესში. აინტერესებდათ ვინ მოხვდებოდა ხუთეულში. ეს იმდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის, მათი ასეთი მხარდაჭერა, ჩემი სიხარულის გაზიარება. ამ კონკურსმა კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მომცა უკეთ გავაგრძელო ჩემი საქმიანობა, პროფესიული განვითარება“- აღნიშნავს ერთ-ერთი ფინალისტი თბილისის კერძო სკოლა "ქორალის“ პედაგოგი.

"მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“კოალიცია "განათლება ყველასათვის - საქართველოს“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში პირველად ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის - "The Global Teacher Prize“ ნაწილია.

"მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“, ინა გუდავაძე-პატარკაციშვილისა და ლიბერთი ბანკის გარდა, ასევე, მხარს უჭერენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საზოგადოებრივი მაუწყებელი და ტელეკომპანია "იმედი“.

"მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის მათ წარდგენას და ამ გზით პედაგოგის პროფესიის პრესტიჟის ზრდას.