კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი" გამარჯვებულები წიგნების დასაბეჭდად ემზადებიან - კვირის პალიტრა

კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი" გამარჯვებულები წიგნების დასაბეჭდად ემზადებიან

"ვგეგმავთ, მათი შემოქმედება საქართველოს ფარგლებსაც გასცდეს, რადგან ნაწარმოებები სწორედ იმ თემატიკას მოიცავს, რომლის მიმართაც მსოფლიო მასშტაბით დიდი დაინტერესებაა"

"გახდი ბესტსელერის ავტორი" - ამ საკმაოდ ამბიციური მოწოდებით მიმართა გამომცემლობა "პალიტრა L"-მა მწერლებს, რომლებსაც საკუთარი შემოქმედების ფართო მასებისთვის გაცნობა სურდათ, თუმცა, მიზეზთა გამო ვერ ახერხებდნენ. თუ კონკურსის პროცესსა და გამომცემლობის მიერ ჩატარებულ სამუშაოებს გადავხედავთ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონკურსმა გაამართლა! ამჯერად გამარჯვებული მწერლების შემოქმედებისა და მკითხველების შეხვედრის დრო დადგა - ოქტომბრისთვის "პალიტრა L" შორენა ხუხუასა და თათული ღვინიანიძის რომანების დასაბეჭდად ემზადება, რომლის დეტალებზე ""კვირის პალიტრასთან" გამომცემლობის მთავარი რედაქტორი მაია ალუდაური საუბრობს:

- ლიტერატურული სახალხო კონკურსის გამოცხადება საკმაოდ ამბიციური წამოწყება გახლდათ, სახელწოდებაც - "გახდი ბესტსელერის ავტორი" მიუთითებს, რომ გამომცემლობის მთავარი ამოცანა განსხვავებული და რაც მთავარია, კვალიფიციური შემოქმედების მოძიება და მათი პოპულარიზაცია იყო. ნებისმიერ მსურველს, რომელსაც რომანი დაწერილი ჰქონდა, თუმცა, ობიექტური მიზეზების გამო ვერ აქვეყნებდა ან არ ჰყოფნიდა სითამამე, საკუთარი შემოქმედება ფართო მასებისთვის გაეცნო, უნიკალური შესაძლებლობა შევთავაზეთ. გამოხმაურებამაც არ დააყოვნა და 300-ზე მეტი განაცხადი დარეგისტრირდა. მოგეხსენებათ, კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა - ნაწარმოებების ნაწილი მკითხველებმა შეარჩიეს, ნაწილი კი კომპეტენტური ჟიურის ფავორიტი გახდა, საბოლოოდ, მეორე ეტაპზე 15 ავტორი გადავიდა. თუმცა, ფილტრაციის პროცესი ამით არ დასრულებულა - კონკურსის მეორე ეტაპზე სამი ავტორი მკითხველმა შეარჩია, ორი კი ავტორიტეტულმა ჟიურიმ. ვფიქრობ, პროექტმა ნამდვილად გაამართლა!

- როდის იგეგმება გამარჯვებულების შემოქმედების გამოცემა?

- უკვე დასკვნით ეტაპზე გადავედით - ოქტომბერში ორი ავტორის, შორენა ხუხუას "შემოვალ ეტლით" და თათული ღვინიანიძის "აღიარება ხელისგულზე" დაიბეჭდება.

გადავწყვიტეთ, კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული ნაწარმოებები მკითხველის სიმპათიის გათვალისწინებით დაგვებეჭდა. მოგეხსენებათ, ყველაზე მეტი ხმა მკითხველისგან სწორედ თათული ღვინიანიძემ მიიღო. ახლა ორივე ნაწარმოები სარედაქციო სამუშაოებს, დიზაინსა თუ კორექტურულ შესწორებებს გადის, მალე კი მკითხველებს შესაძლებლობა ექნებათ, ახალბედა მწერლების შემოქმედებას სრულყოფილად გაეცნონ.

მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ჩვენ კონკურსი მხოლოდ კონკურსისთვის არ ჩაგვიტარებია - თითოეულ ნიუანსზე დიდხანს ვფიქრობდით და ვმუშაობდით. ჯერ გამარჯვებულ ავტორებს საზოგადოებისთვის ცნობილი მწერლები მენტორებად შევთავაზეთ, რომლებმაც საკუთარი რეკომენდაციები ახალგაზრდა შემოქმედებს სიამოვნებით გაუზიარეს. ამასთან, მნიშვნელოვანი ღონისძიებები დავგეგმეთ ყდებთან დაკავშირებით - გამარჯვებული ავტორების ყდის ილუსტრირებაზე ისეთმა ცნობილმა მხატვრებმა იმუშავეს, როგორიცაა რუსუდან ფეტვიაშვილი, ქეთი მატაბელი, საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა... მადლობელი ვარ, რომ ისინიც ენთუზიაზმით შეხვდნენ და სიამოვნებით ჩაერთვნენ ამ პროცესში.

- იმის გამო, რომ კონკურსმა გაამართლა, აპირებთ მსგავსი პროექტების გაგრძელებას?

- ჩვენდა გასაოცრად, კონკურსის მიმდინარეობისას არაერთი ნიჭიერი ადამიანი აღმოვაჩინეთ, რომლებსაც მნიშვნელოვანი ლიტერატურული ბაზა აქვთ, მაგრამ არ ჰქონდათ შესაძლებლობა, წიგნი დაებეჭდათ - თუნდაც ის რად ღირს, რომ ხუთ ახალგაზრდა ავტორს გამომცემლობამ შესაძლებლობა მისცა, საკუთარი რესურსით წიგნები დაუბეჭდოს და მათ პოპულარიზაციაზე არა მხოლოდ საქართველოში, მის ფარგლებს გარეთაც იზრუნოს. ვფიქრობ, ეს გამოცდილება კიდევ მეტ ავტორს კონკურსში მონაწილეობის ინტერესს გაუჩენს, ჩვენც აუცილებლად გავაგრძელებთ თემატურ კონკურსებს, რათა შემოქმედებით ადამიანებს საკუთარი სათქმელის მკითხველამდე მიტანა მაქსიმალურად გავუმარტივოთ. მანამდე კი, დარწმუნებული ვარ, ხუთი გამარჯვებულიდან სამი ნამუშევარი როგორც ქართველ მკითხველზე, ასევე უცხოელებზეც დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს.

როგორც გითხარით, ვგეგმავთ, მათი შემოქმედება საქართველოს ფარგლებსაც გასცდეს, რადგან ნაწარმოებები სწორედ იმ თემატიკას მოიცავს, რომლის მიმართაც მსოფლიო მასშტაბით დიდი დაინტერესებაა.

რუსუდან შელია