შესვი? გაამოს! - ქართული ღვინის ფესტივალი - 2017 - კვირის პალიტრა

შესვი? გაამოს! - ქართული ღვინის ფესტივალი - 2017

ამ დღეს უხვად იყო ღვინოც და ლხინიც, სადღეგრძელოც და საუკეთესო განწყობაც...

Allwine.ge-მ ფესტივალის ფარგლებში წამოიწყო კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი: "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ!". ფესტივალზე 40-მდე ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. სტენდზე კი მრავლად ნახავდით ღვინის შესახებ "პალიტრა L"-ის გამოცემულ წიგნებს

"ამავსებ ღვინით, აგავსებ ლხინით! შესვი? გაამოს!" - ნიკოლოზ ბარათაშვილის ეს სიტყვები ამეკვიატა "ქართული ღვინის ფესტივალზე" მიმავალს, რომელიც 15 ოქტომბერს შარდენის ქუჩაზე გაიმართა და მართლაც უხვად იყო ღვინოც და ლხინიც, სადღეგრძელოც და საუკეთესო განწყობაც. დარწმუნებული ვარ, ეს დღე ყველაზე მხიარულ და ლამაზ მოგონებებში გადაინაცვლებს როგორც ფესტივალის სტუმრებისთვის, ისე მისი მონაწილეებისთვისაც.

"ქართული ღვინის ფესტივალი - 2017" ღვინის ონლაინმაღაზია Allwine.ge-სა და "მეიდან ჯგუფის" ორგანიზებით გაიმართა. სტუმრებს მეღვინეები საკუთარ ღვინოებს აჭაშნიკებინებდნენ. ღვინოსთან ერთად უხვად იყო ნუგბარიც, მრავალი სახეობის ყველი, 5500 წლის წინანდელი დიზაინიანი ქოთნებით უნიკალური თაფლი და სხვა...

აღსანიშნავია, რომ ფესტივალზე 40-მდე ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. მოგეხსენებათ, ღვინის შეცნობა მხოლოდ დაჭაშნიკებით არ ამოიწურება და ეს ორგანიზატორებმაც გაითვალისწინეს. შესაბამისად, სტუმრებს შეეძლოთ სტენდთან გადაენაცვლათ, სადაც მრავლად ნახავდით ღვინის შესახებ "პალიტრა L"-ის გამოცემულ წიგნებს, კომპანია VR House კი მსურველებს ვირტუალური სათვალეების მეშვეობით ღვინის წარსულში ამოგზაურებდა.

ფესტივალის ატმოსფერო დაამშვენეს ფოლკლორულმა ანსამბლებმა "ჰერიოს კვარტეტმა" და "სამებამ", ასევე პანტომიმისა და დრამის მსახიობების გუნდმა Art Shok Company-მ. მიმები ცდილობდნენ, სტუმართა განწყობა უფრო მხიარული და ხალისიანი გაეხადათ. ორგანიზატორებს უყურადღებოდ არც პატარები დაუტოვებიათ. სპეციალურად მათთვის "ბიბლუსის" თანამშრომლები მუშაობდნენ - პატარებს სახე მოუხატეს და მათ გართობაზე ზრუნავდნენ.

Allwine.ge-მ ფესტივალის ფარგლებში წამოიწყო კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი: "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ!". ფესტივალის მონაწილე 40-მდე მწარმოებელმა თითო თეთრი და წითელი ღვინო წარადგინა, ბრმა დეგუსტაციის საფუძველზე კი სახალხო ხმის მიცემა გაიმართა. შემდეგ ეტაპზე ხმის მიცემა ონლაინსივრცეში გაგრძელდება. საბოლოოდ, შერჩეული ღვინოებიდან ათ საუკეთესოს სომელიეების გუნდი გამოავლენს.

ღვინის ფესტივალი სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა: "სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიესალმება ასეთ ინიციატივას. ეს არის ძალიან კარგი ღონისძიება ღვინის კვირეულის ფარგლებში, რომელიც უკვე ტრადიციად მკვიდრდება. სიმბოლურიც არის, რომ ოქტომბერს საქართველოში ღვინობისთვე ჰქვია. ძალიან მნიშვნელოვანია ის ინიციატივა, რომელიც პარალელურად არსებობს, კერძოდ, "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ". იმისთვის, რომ ღვინისმცოდნეობა და ღვინის ცნობადობა გაიზარდოს ქვეყანაში, ღვინის შესახებ მეტი უნდა ვიცოდეთ. ღვინო არის არა მხოლოდ სასმელი, არამედ კულტურა. ბევრი ღონისძიება უნდა არსებობდეს ქართული ღვინის ცნობადობის შესაქმნელად, ყველა ამ ინიციატივას სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიესალმება".

ფესტივალით კმაყოფილება გამოხატეს მერიის წარმომადგენლებმაც, ტურისტები კი აღაფრთოვანა გამოფენილმა პროდუქციამ, ცდილობდნენ ყველაფერი ტელეფონით გადაეღოთ, სტუმრების მხიარული განწყობა აღებეჭდათ. ღვინის ფესტივალზე, რომლის სპონსორი გახლდათ "ჰალიკ ბანკი", კულტურისა თუ ბიზნესის სფეროში მოღვაწე უამრავ ცნობილ სახეს ნახავდით. იყვნენ ქალაქელებიც, გამრჯე გლეხებიც და უბრალოდ, ღვინის მოყვარულებიც. დაიბადა ახალი იდეები, დაისახა გეგმები - გადაწყდა, რომ ღვინის ფესტივალი ყოველწლიურად გაიმართება.

დრო უცებ გაიპარა... 15 ოქტომბერს ბინდი შეეპარა, ღვინოს - გრადუსი. შესვი? გაამოს!...

ეკა სალაღაია