გილდა სიხარულიძე: "ლიბერალიზმმა განათლების სისტემაში მიგვიყვანა დეპროფესიონალიზაციამდე" - კვირის პალიტრა

გილდა სიხარულიძე: "ლიბერალიზმმა განათლების სისტემაში მიგვიყვანა დეპროფესიონალიზაციამდე"

დღეისათვის ყველა სფეროში აუცილებელია მაღალი ტექნოლოგიები: სამხედრო საქმე, მედიცინა, სოფლის მეურნეობა, საბანკო სისტემა, მშენებლობა, ხელოვნური ინტელექტი და სხვ. ეს კი მოითხოვს ყმაღლესი დონის პროფესიონალებს ფიზიკაში და მათემატიკაში. მათი მოღვაწეობა განსაზღვრავს სწორედ საზოგადოების კეთილდღეობას და ცხოვრების მატერიალურ დონეს. მოწოდება, რითაც დაიწყო რეფორმები განათლების სისტემაში: რა საჭიროა ფიზიკის და მათემატიკის განვითარება, მაცივარი ხომ შეიძლება სხვა ქვეყნიდანაც ვიყიდოთ, დამღუპველი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნისათვის; განადგურდა უძლიერესი სკოლები ფიზიკაში და მათემატიკაში, დაინგრა აკადემიური მეცნიერება და ვეღარ იზრდებიან კადრები ამ მიმართულებით.

დიალექტიკის პრობლემების უმაღლეს დონეზე კვლევა, რომლის მიზანიც იყო თანამედროვე მეცნიერული მსოფლმხედველობის პარადიგმის შემუშავება, ინტეგრირებული აზროვნების არსის გარკვევა და ჩვენება იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ახალი ადამიანის დიალოგი სამყაროსთან (ა.რაზმაძე, ლ.გოკიელი, ვ.მამასახლისოვი, მ.მირიანაშვილი, კ.ბაქრაძე, ს.წერეთელი, ზ.კაკაბაძე და სხვ.), ჩაანაცვლა ჩვენში სოროსის ფონდის მიერ მომზადებული, იდეოლოგიურად დეფორმირებული კადრების მოღვაწეობამ, რის შედეგადაც უმაღლესი დონის მეცნიერული დისკუსიები შეიცვალა "კომბლესა" და "ნაცარქექიას" "ორიგინალური" ინტერპრეტაციებით, ხოლო განათლების სისტემისათვის აქტუალური გახდა ვაშლების ბიზნესი და პოპ-კორნის რეალიზების რეგულირება.

ყველა ქვეყანა ცხოვრობს თავის კონკრეტულ გეოპოლიტიკურ რეალობაში და თითოეულს ჭირდება თავისი ზუსტად, მეცნიერულად გათვლილი საშინაო და საგარეო პოლიტიკა; ჩვენთან კი ამ დროს სახეზეა ტოტალური დეპროფესიონალიზმი, რაციონალური პოლიტიკა შეცვლილია ყველგან ფსევდოპოლიტიკით და ქვეყანა დგას სუვერენიტეტის დაკარგვის აშკარა საშიშროების წინაშე.

საზოგადოებისათვის, დასაქმების სფეროში, ძირითად საქმიანობად იქცა შემსრულებლობა და მომხმარებლობა, ხოლო ადამიანის შემოქმედებითი აზროვნება, რისი განვითარებაც უნდა მოყოლოდა წესით დემოკრატიას და პიროვნების თავისუფლებას, სრულიად დაითრგუნა. დემოკრატიის არასწორად გაგებამ და "თავისუფლების" ცნების აღვირახსნილობასთან გაიგივებამ დაუკარგა მაიძულებელი ძალა კოლექტიურ ცნობიერებას, გააქრო ხალხში პასუხისმგებლობის გრძნობა, რის გამოც საზოგადოებაში დაიწყო ქაოსი, დესტაბილიზაცია და სახელმწიფოებრიობის ნგრევა. მთავრობის წევრთა ზღვარს გადასულმა მოთხოვნებმა და ქონების დაგროვებისკენ მათმა კანონდარღვევებით სწრაფვამ გამოიწვია საზოგადოების დაყოფა მილიონერებად და ღატაკებად და ქვეყანაში მთელი სიმწვავით დადგა დისციპლინის განმტკიცებისა და სოციალური თანასწორობის აღდგენის საკითხი. ხალხმა დაინახა, რომ ხდება ის, რაც არ უნდა ხდებოდეს.

დღეს უკვე ყველა გრძნობს, რომ ვერც ევროპა და ვერც ამერიკა ვერ გადაგვიჭრის არსებულ საჭირბოროტო პრობლემებს, რომ უნდა ვიქონიოთ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი, დავეყრდნოთ ჩვენს ტრადიციებს, კულტურას და ყოველი სიახლე მივიღოთ იმდენად, რამდენადაც ის წაადგება ჩვენს საზოგადოებას და ქვეყნის სუვერენიტეტს. ყოველმა მოქალაქემ უნდა იგრძნოს საზოგადოების მთავარი იმპერატივები, დაემორჩილოს კანონს და შეიმუშავოს ქმედითი მორალი საკითხების სამართლებრივ-პოლიტიკურ ასპექტში განხილვისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის რაციონალური ანალიზის გზით. მეცნიერულობა და მეცნიერულობა, აი რა აკლია დღეს ჩვენს პოლიტიკას.

დემოკრატია, როგორც პოლიტიკური მართვის ფორმა, უნდა განსაზღვროს პროფესიონალების მიერ შემუშავებულმა რაციონალურმა პოლიტიკამ. მაღალი თვითშეგნების განვითარებით და ძალის ლეგიტიმური გამოყენებით კანონის დაცვის საფუძველზე უნდა იგრძნოს ყველამ სახელმწიფო სტრუქტურების მარეგულირებელი როლი და ქვეყნის სტაბილურობისათვის სახელმწიფოებრივი აზროვნების მნიშვნელობა. ლიბერალიზმს ყოველთვის თან სდევს პიროვნების თავისუფლების გაფართოება და უკანა პლანზე გადადის ამ დროს სახელმწიფოს ინტერესები; ადამიანები კარგავენ პასუხისმგებლობის გრძნობას და უჩნდებათ ისეთი აზრიც კი, რომ მთავრობის შემადგენლობაში ყოფნას და კანონშემოქმედებით მუშაობას პარლამენტში არ ჭირდება საერთოდ არავითარი სპეციალური ცოდნა და გამოცდილება. არადა პოლიტიკა ეს არის ადამიანის მოღვაწეობის ურთულესი სფერო, რომელიც პიროვნებისგან მოითხოვს უდიდეს ხელოვნებას და პროფესიონალიზმს. დღეს, ისე როგორც არასდროს, ქვეყანას ჭირდება მეცნიერულად კარგად გააზრებული და პროფესიული კანონშემოქმედებითი მუშაობა, რის გარეშეც შეუძლებელი იქნება საზოგადოების მიზანმიმართული მართვა და რაციონალური ორგანიზაცია.

თანამედროვე პოლიტიკოსი უნდა იყოს კომპეტენტური და რეალურ ღირებულებებზე კარგად ორიენტირებული ლიდერი ახალი თაობიდან, რომელიც პრინციპულ ბრძოლას გამოუცხადებს ნეპოტიზმს, კორუფციას და არ დაასაქმებს შემთხვევით პირებს სახელმწიფო სტრუქტურებში. ხალხი დაიღალა თანამდებობებზე მუდმივად მონადირე და პოლიტიკაში შემთხვევით მოხვედრილი პირებისგან, რომლებსაც გაწყვეტილი აქვთ კონტაქტი ხალხთან და სახელმწიფო ბიუჯეტი თავისი ყულაბა გონიათ. მთავრობა უნდა იყოს ხალხისათვის და არა ხალხი მთავრობისათვის.

დღეს ქვეყანაში მეცნიერული და პოლიტიკური კრიზისია. მოდაში აღარ არის განათლებულობა, მოდაშია ფულის კეთება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა განათლების სისტემაში, სადაც განადგურდა ზოგადი ცოდნის მომცემი ტრადიციული სისტემა, მოიშალა ზუსტ მეცნიერებათა სწავლების საფუძვლები, უმაღლესი დონის სახელმძღვანელოები სკოლებში შეიცვალა ზერელე და პრიმიტიული სახელმძღვანელოებით და, რაც მთავარია, სწავლების ეს ფალსიფიცირებული ფორმა დაინერგა როგორც სახელმწიფო პროექტი. ახალგაზრდობას აღარ ასწავლიან კლასიკას, არ აცნობენ ძველ კულტურას და ტრადიციებს, არ მიდის მუშაობა დროის შესაბამისი მსოფლმხედველობრივი პარადიგმის დადგენაზე, რამაც უნდა გაგვააზრებინოს სამყარო როგორც მთელი და ასწავლოს ადამიანს ახალი დიალოგის წარმართვა სამყაროსთან.

ჩვენ ვცხოვრობთ სრულიად ახალ და საოცრად დინამიურ სამყაროში, სადაც პრინციპულად შეცვლილია ყველა სფერო და ორიენტირებისათვის ადამიანს ჭირდება ახალი მსოფლმხედველობრივი პარადიგმა, რომელიც ფაქტების მეცნიერული ანალიზის საფუძველზე გვიჩვენებს იმას, თუ რით განსხვავდება ახალი ეპოქა ძველისაგან. მხოლოდ პროფესიონალი და განათლებული ადამიანი იპოვნის დღეს თავის ადგილს ცხოვრებაში, მხოლოდ ის გამოიყენებს რაციონალურად ინტერნეტს, დაეუფლება ინფორმაციულ მენეჯმენტს და შეძლებს იმოქმედოს ადეკვატურად ჩვენს რთულ, განუზღვრელ და წინააღმდეგობებით სავსე სამყაროში.

მართალია, დემოკრატიამ მოგვცა თავისუფლება, მაგრამ დაგვაკისრა აგრეთვე უდიდესი პასუხისმგებლობა მოქმედებაზე, როდესაც ყოველმა ინდივიდმა თავისი რისკის ფასად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ცხოვრებაში; ეს იმდენად მძიმეა და რთული, რომ ამის გამო სარტრმა თქვა:"ადამიანი დაწყევლილია თავისუფლებით!", მაგრამ ბერდიაევი წერდა;"ადამიანი ეს არის შემოქმედება!" კარგი იქნება, თუ გამოვიყენებთ თავისუფლებას სიახლეების აღმოჩენისა და პროგრესისათვის.

ასე რომ, ჩვენზე და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული ის, თუ როგორ წარვმართავთ ჩვენს ბედს, როგორ გამოვიყენებთ "თავისუფლებას", რა გადაწყვეტილებებს მივიღებთ და რა მოყვება საბოლოოდ ჩვენს არჩევანს ცხოვრებაში. სალვადორ დალისთან ვკითხულობთ: "მე უფრო მძიმე მდგომარეობაში ვარ ვიდრე ღმერთი; მან ერთხელ შექმნა სამყარო და შემდეგ დაისვენა, მე კი, დღიდან ამ ქვეყნად მოსვლისა, დამეყარა თავზე უამრავი პრობლემა და ყოველწამიერად ვდგავარ გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობის წინაშე". მართლაც, ასეთად შექმნა ღმერთმა ადამიანი და კიდევ: ის მიმტევებელია და კეთილგანწყობილია მხოლოდ მის მიმართ, ვინც მასთან მივა გონებით, ზნეობით და სილამაზის განცდით.

გილდა სიხარულიძე

იხილეთ მეტი

R