ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო წილოსანის მიმართვა ახალარჩეულ მერებს და საკრებულოებს - კვირის პალიტრა

ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო წილოსანის მიმართვა ახალარჩეულ მერებს და საკრებულოებს

ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"თვითმმართველობის არჩევნები გურიაში მშვიდ ვითარებაში წარიმართა. როგორც მოგეხსენებათ, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მერებისა და საკრებულოების წევრთა ვინაობა პირველივე ტურში გახდა ცნობილი. ამ არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" საუკეთესო შედეგები მიიღო:

ლანჩხუთის განვითარებაზე მომავალი 4 წელი ალექსანდრე სარიშვილი იზრუნებს - ახალგაზრდა პოლიტიკოსი, რომელსაც ლანჩხუთელებისგან მართლაც რომ დიდი მხარდაჭერა აქვს - 68%. ასევე დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ის ფაქტი, რომ ლანჩხუთის საკრებულოში 17 მაჟორიტარიდან 17-ვე "ქართული ოცნების" წარმომადგენელია.

ჩოხატაურის მერის თანამდებობას კი მეორე ვადით ჩაიბარებს ირაკლი კუჭავა. მას კიდევ 4 წელი ეძლევა იმისთვის, რომ ბევრი დაწყებული კარგი საქმე დაასრულოს და ახალი საინტერესო პროექტები განახორციელოს. ჩოხატაურის საკრებულოშიც 23 მაჟორიტარიდან 21 "ქართული ოცნების" წარმომადგენელი იქნება.

არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რომ ჩოხატაურის ახლად არჩეულ საკრებულოში ქალების რაოდენობა გაიზარდა - საკრებულოში 7 ქალია (წინა მოწვევის საკრებულოში 5 ქალი წევრი იყო), აქედან 5 - "ქართული ოცნებიდან".

არჩევნების საბოლოო შედეგებს ცესკო ოფიციალურად რამდენიმე დღეში გამოაცხადებს. და როგორც კი ეს გარდამავალი პერიოდი დასრულდება, ახალარჩეულმა მერებმა და თვითმმართველობის ორგანოებმა წამი არ უნდა დაკარგონ იმ მისიის შესასრულებლად, რაც მათ ხალხის ასეთმა დიდმა ნდობამ დააკისრა.

დავიწყოთ იმით, რომ ორივე რაიონში საკმაოდ ბევრია გასაკეთებელი ზოგადი სოციალური ფონის გასაუმჯობესებლად.

კონსტიტუციის ახალ რედაქციაში გაჩნდა მკაფიო ჩანაწერი - სოციალური სახელმწიფოს პრინციპი. ამით სახელმწიფო უკვე კონსტიტუციურ დონეზე იღებს ვალდებულებას, მაქსიმალურად დაეხმაროს მოსახლეობას ეკონომიკური განვითარების ფარგლებში. რა თქმა უნდა, სიტყვის ფართო მნიშვნელობით ნებისმიერი სახელმწიფო არის სოციალური, ე.ი. საზოგადოებრივი ინსტიტუტი, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში სოციალური სახელმწიფოს ცნება გამოიყენება იმაზე აქცენტის გასაკეთებლად, რომ სახელმწიფო გამოდის ადამიანისათვის ღირსეული ცხოვრების დონის შექმნის გარანტად, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა შემოსავლების დონე, საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ჯანმრთელობის დაცვა, ხელმისაწვდომი განათლება და კულტურა.

სახელმწიფომ სოციალური ფონის გასაუმჯობესებლად ბოლო წლებში ბევრი რამ გააკეთა, სოციალურად დაუცველი ფენებისათვის არაერთი დახმარების პროგრამა არსებობს, თუმცა ამ მიმართულებით კიდევ საკმაოდ არის სამუშაო - იქნება ეს უმუშევრობა, სიღარიბე, გარემოსდაბინძურება...

იუსტიციის სამინისტროსთან აქტიური მუშაობით გადაწყდა, რომ ლანჩხუთში აშენდება საზოგადოებრივი ცენტრი. თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილ სივრცეში მომხმარებელი სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით ისარგებლებს. ცენტრში მოქალაქეთათვის ხელმისაწვდომი იქნება უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები, ვიდეოკონფერენციის აპარატურა და თანამედროვე ელექტრონული ბიბლიოთეკა. მოეწყობა შეხვედრების ოთახი, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება გამოიყენებენ ადგილობრივ მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციისთვის, მათთვის ახალი სერვისების, ინიციატივების, საკანონმდებლო ცვლილებების გასაცნობად და მოსახლეობის ინფორმირებულობის ასამაღლებელი სხვადასხვა ღონისძიებების ჩასატარებლად.

წლის ბოლომდე დამთავრდება ჩოხატაურსა და ლანჩხუთში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრების მშენებლობა, სადაც სათანადო პირობები შეიქმნება როგორც პერსონალის, ასევე პაციენტებისთვის. სამედიცინო დახმარების ბრიგადებს ეყოლებათ თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი მანქანები, რათა მოსახლეობის დახმარებისთვის დროული და ადეკვატური რეაგირება მოახდინონ ნებისმიერ სიტუაციაში, მათ შორის - ბუნებრივი მოვლენების, სტიქიური უბედურებების და კატასტროფების დროს.

ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის მიმართულებით ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლის პირველი დღიდანვე ბევრი რამ გაკეთდა და ეს პროცესი კვლავ აქტიურად გრძელდება.

ასევე, ლანჩხუთში გაიხსნება ჭადრაკის სახლი, რომელიც აქ ერთ დროს არსებობდა, თუმცა ის შენობა, სამწუხაროდ, დაიწვა. ახლა ამ მიზნით მუნიციპალიტეტს გადაეცა ფართი, სადაც სულ მალე რემონტიც დაიწყება. ჩვენ იქ მოვაწყობთ სათანადო გარემოს და ხელს შევუწყობთ ახალგაზრდა თაობაში აზროვნების, ლოგიკის, ყურადღების კონცენტრაციის, თვითკრიტიკის განვითარებას, გამარჯვებისაკენ სწრაფვას.

ამავე შენობაში განთავდება ასევე ახალგაზრდებისთვის ძალიან საინტერესო კიდევ ერთი პროექტი - გლობალურიდასაქმებისონლაინპლატფორმა "ციფრულიმოქალაქე" (Digital Citizen)."ციფრული მოქალაქე" ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს, მსოფლიოს მასშტაბით მოიძიოს თავისი ცოდნის შესაბამისი სამუშაო პოზიცია, გააკეთოს ონლაინ განაცხადი ვაკანტურ სამუშაოებზე და დასაქმდეს. ეს იქნება საკმაოდ კომფორტული სივრცე იმისათვის, რომ ახალგაზრდებმა თავიანთი ნიჭი გამოავლინონ და მიაღწიონ მიზანს. მათ გაეხსნებათ საზღვრები და თავიანთი ცოდნით შევლენ გლობალურ კონკურენციაში. ეს არის ის, რაც მოგვიტანა ციფრულმა განვითარებამ და ამ ნაწილში ჩამორჩენის უფლება არ გვაქვს.

2018 წელს ლანჩხუთი-ჩოხატაური პროგრამულ ბიუჯეტზე გადასვლას გეგმავს. ეს ჩემი ინიციატივაა და ადგილობრივი თვითმმართველობების მეშვეობით რაც შეიძლება ეფექტურად უნდა განხორციელდეს. პროგრამული ბიუჯეტი ტრადიციული სტრუქტურის ბიუჯეტისგან იმ უპირატესობით გამოირჩევა, რომ ის დაგეგმვის პროცესიდანვე შედეგზეა ორიენტირებული. პროგრამულ ბიუჯეტში მთავრობის ხარჯები კონკრეტული პროგრამების და არა სამინისტროების მიხედვით არის დაყოფილი. ამით უფრო თვალსაჩინო იქნება მიზეზ-შედეგობრივი კავშირები კონკრეტულ ღონისძიებაში ჩადებულ ფინანსურ რესურსებსა და მიღებულ შედეგებს შორის. კერძოდ, ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) განსაზღვრებით, აღნიშნული წარმოადგენს "ბიუჯეტირების ფორმას, რომელიც აკავშირებს გამოყოფილ რესურსებსა და გაზომვად შედეგებს".

წინ კიდევ ბევრი მიზანია დასახული და შესასრულებელი.

გილოცავთ არჩეულ მერებს, პარტიებსა და მაჟორიტარკა ნდიდატებს ხალხის ასეთ მხარდაჭერას და გისურვებთ წარმატებულ საქმიანობას სწორედ ამ ხალხის ცხოვრების დონის ასამაღლებლად.

მე კვლავ ველოდები თქვენგან მონდომებას, შრომას და რეალურ საჭიროებებზე ორიენტირებული ნაბიჯების გადადგმას, პრობლემების სწორად იდენტიფიცირებას და პრიორიტიზებას, მკაფიო და მიღწევადი მიზნების დასახვას და შესრულებას.

მე კი, ჩემი მხრიდან, კვლავ გავაგრძელებ ჩემი კუთხის ინტერესების დაცვას და როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე აღმასულებელ ხელისუფლებასთან მუშაობით ვიბრძოლებ ჩემი ხალხისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შესაქმნელად", - ნათქვამია ნინო წილოსანის მიმართვაში.

(R)