შენც აირჩიე საუკეთესო! - კვირის პალიტრა

შენც აირჩიე საუკეთესო!

"10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ" - პროექტის ფარგლებში 23 სახეობის ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

"ბიბლუსის" მრავალფუნქციურ ფილიალში Allwine.ge-მ მსურველებს 23 სახეობის ქართული ღვინო სადეგუსტაციოდ წარუდგინა. ღონისძიებაზე ბევრმა სტუმარმა მოიყარა თავი. მათ ყველა ღვინო დააჭაშნიკეს და საუკეთესო აირჩიეს - ხმა მისცეს სასურველი ღვინის სახეობას.

"საფერავი აუცილებლად უნდა მოხვდეს ათეულში!"

დეგუსტაციაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სომელიეთა ასოციაციის წევრმა ნიკა დევიძემ: "გასინჯულ ღვინოებს შორის, სავარაუდოდ, საფერავი ამოვიცანი. ის აუცილებლად უნდა მოხვდეს საუკეთესო ათეულში, თუმცა მე უპირატესობას თეთრ ღვინოებს ვანიჭებ. მომწონს თეთრი არომატული ღვინოები, მაგალითად, ქისი. ღვინო ქართული ეთნიკური კულტურის საგანძურია და ასეთი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია".

სომელიეთა ასოციაციის წევრის აზრით, 10 საუკეთესო ქართულ ღვინოს შორის, საფერავთან ერთად, აუცილებლად უნდა მოხვდეს იმერული და კახური ღვინოები.

"ხუთი პლუსი ხვანჭკარას!"

თავისი ღვინო აირჩია ფოტოჟურნალისტმა გოგა ჩანადირიმაც: "სანამ ცოცხლები ვართ, არა მხოლოდ ათი ქართული, არამედ ყველა ღვინო უნდა დავაჭაშნიკოთ. ეს არაჩვეულებრივი პროექტი ღვინის კულტურის ქვეყანაში შესანიშნავი წამოწყებაა".

გოგა წითელი ნახევრად ტკბილი ღვინის მოყვარულია, თუმცა მოსწონს რამდენიმე თეთრი ღვინოც, რომლებიც, ძირითადად, ევროპული ტექნოლოგიით მზადდება:

"განსაკუთრებით მომეწონა ერთ-ერთი წითელი ღვინო, შეფასებისას ხუთი პლუსიც კი დავუწერე. ალბათ, ხვანჭკარა უნდა იყოს... ჩემი საყვარელი ღვინოებია ქისი, მანავის მწვანე, ხვანჭკარა, ტვიში, შავკაპიტო. ტრადიციული ღვინოებიდან კი, ალბათ, ოჯახის თეთრ ღვინოს ავირჩევდი."

"ძველი ქართული ვაზის ჯიშები ისევ ცოცხალია!"

დეგუსტაციას ღვინის კლუბის წევრი და ჟურნალისტი ალეკო ცქიტიშვილიც ეწვია: "ასეთ აქციებს მივესალმები, რადგან უცნობი ან მივიწყებული ქართული ვაზის ჯიშების გაცოცხლებასა და ბაზარზე გატანას უწყობს ხელს. ჯიშები, რომლებიც ჩვენ ახალი გვგონია, სინამდვილეში ძველია, მაგრამ ისევ არსებობს, ცოცხალია!

"ჯიშების მიხედვით უნდა დავასახელო ხიხვი - კახური ვაზის ჯიში, რომელიც დავიწყების ნისლიდან გამოდის. ასევე - კრახუნა, რომელიც იმერული ვაზის ჯიშია. მესამე ადგილზე უსახელოურია, მეოთხე და მეხუთე ადგილებს ჩემთვის საფერავი და რქაწითელი იკავებს".

ამერიკელის არჩევანი ოჯალეშია

არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვით, რომ ქართული ღვინო ძალიან მოსწონთ უცხოელებს და საქართველოში ჩამოსვლისთანავე ტრადიციულ ჯიშებს აჭაშნიკებენ. ღონისძიების ამერიკელი სტუმარი გრანტ ფრიმანი უკვე დიდი ხანია, საქართველოში ცხოვრობს...

"შვიდი განსხვავებული ღვინო გავსინჯე, რომელთა შორის მუკუზანი ამოვიცანი - ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ღვინოა, თუმცა ყველაზე მეტად მაინც ოჯალეში მომწონს, რადგან მშრალია. გავსინჯე ნახევრად ტკბილი საფერავიც, რომლითაც ძალიან კმაყოფილი დავრჩი".

ხმის მიცემა ახლაც გრძელდება

თქვენ რომელი ღვინო უნდა გასინჯოთ, სანამ ცოცხალი ხართ? - ამ შეკითხვაზე პასუხის პოვნაში ეს პროექტი დაგეხმარებათ - მასში მონაწილეობა უკვე 100 000-მდე ადამიანმა მიიღო და ხმის მიცემა ახლაც გრძელდება ონლაინრეჟიმით. გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება "კვირის პალიტრის", "ლელოს", "ავტობილდისა" და "გზის" მკითხველსაც შეუძლია.

მარიამ მენაბდიშვილი