"10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ" - კვირის პალიტრა

"10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ"

პროექტის ფარგლებში ღვინის დეგუსტაცია "გემოვანის" ფესტივალზე გაიმართა

მარიამ ბიბილაშვილი: "ფესტივალზე გაიმართა ბრმა დეგუსტაციაც, რომლის შემდეგ მომხმარებელს შეეძლო ფავორიტი ღვინისთვის ხმა და საუკეთესო ღვინოების ათეულში მოხვედრის შანსი მიეცა"

18 ნოემბერს ფილარმონიის "ივენთ ჰოლში" ქართული სურსათის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ღონისძიების მიზანი ქართველი მომხმარებლისთვის "გემოვანის" ნიშნის წარდგენა და ადგილობრივ ბაზარზე ქართული პროდუქტის პოპულარიზაცია იყო.

გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობა 50-მდე ქართველმა მეწარმემ მიიღო, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოვიდნენ და მომხმარებლებს საკუთარი პროდუქცია გააცნეს. სტუმრები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ პროდუქციის გასინჯვისას - თითქოს ნაცნობი პროდუქტი იყო, თუმცა ქართული ტრადიციით დამზადებულ ყველს, ჩურჩხელასა თუ ღვინოს მაინც განსხვავებული გემო ჰქონდა. ქართული სურსათის გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იყო როგორც მცენარეული, ისე ცხოველური ქართული, ნატურალური პროდუქცია და მცირე მარნების ღვინოები. ფესტივალში მონაწილეობდა პროექტი "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ". შეიძლებოდა როგორც ღვინოების დაჭაშნიკება, ისე - მათი შეძენა. ტარდებოდა ღვინის მოყვარულთა გამოკითხვაც - რომელი ღვინო იმსახურებდა საპატიო ათეულში მოხვედრას. აღსანიშნავია, რომ პროექტში მონაწილეობა 100 000-მდე ადამიანმა მიიღო. ხმის მიცემა ონლაინრეჟიმით კვლავაც გრძელდება, გამოკითხვაში მონაწილეობა შეუძლია "კვირის პალიტრის", "გზის", "ლელოსა" და "ავტობილდის" მკითხველსაც.

მარიამ ბიბილაშვილი, Allwine.ge-ის მენეჯერი: - ონლაინმაღაზია Allwine.ge "გემოვანის" ფესტივალზე წარმოდგენილია როგორც ყიდვა-გაყიდვით, ასევე პროექტით - "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ". ფესტივალზე გაიმართა ერთგვარი ბრმა დეგუსტაციაც, რომლის შემდეგ მომხმარებელს შეეძლო ფავორიტი ღვინისთვის ხმა და საუკეთესო ღვინოების ათეულში მოხვედრის შანსი მიეცა. ვფიქრობ, პროექტი ხელს შეუწყობს ღვინის პოპულარიზაციას და, რაც მთავარია, საუკეთესო ღვინოებს მომხმარებლისთვის იოლად ხელმისაწვდომს გახდის."

დღეს არავინ დაობს, რომ საქართველო უძველესი, თვითმყოფადი აგრარული კულტურის ქვეყანაა, თუმცა "გემოვანის" ავტორის, ირაკლი ჩავლეიშვილის განცხადებით, მისი მთავარი მიზანია, ეს მსოფლიოს გავაგებინოთ და დეფიციტური, განსაკუთრებული გემოთი გამორჩეული პროდუქცია ქვეყნის საზღვრებს გარეთაც გავიტანოთ. სწორედ ამ იდეით გამოჩნდა ბაზარზე "გემოვანი", რომელიც ქართული ტრადიციული მეთოდით დამზადებულ პროდუქტს გააერთიანებს და G- ნიშნიან გემრიელ და ხარისხიან პროდუქციას მომხმარებელს გამოფენა-გაყიდვებზე პერიოდულად მიაწვდის.

ირაკლი ჩავლეიშვილი, "გემოვანის" ავტორი: -"არსებობს ხორბლის ჯიში მახა, რომელიც ქართული ენდემურია. მისი მოყვანის ტრადიცია მხოლოდ საქართველოში არსებობდა. სწორედ მახა ითვლება დანარჩენი ხორბლის ჯიშების საწყისად. ქვეყანაში, სადაც სათავეს იღებს ხორბლის კულტურა და ახლა უკვე მთელმა მსოფლიომ აღიარა, რომ ვაზიც - სხვა სასურსათო პროდუქტიც ხარისხიანი და გამორჩეული უნდა იყოს. სამწუხაროდ, დღეს ამის შესახებ საზოგადოებას მცირე ინფორმაცია აქვს, ამიტომაც "გემოვანის" მიზანია, ასეთი მივიწყებული პროდუქტი თუ პროდუქციის დამზადების ქართული ტრადიციები შეძლებისდაგვარად გავაცნოთ მომხმარებლებს და მასზე მოთხოვნა მსოფლიოში გაჩნდეს. ამასთან, ეს არის ქართული სურსათის ერთგვარი იუბილე. ვიცით, რომ 8 000 წელი მაინც არის, რაც საქართველოში ღვინო იწურება, ამიტომ, ვფიქრობ, საერთაშორისო ბაზარზე ჩვენი განსაკუთრებული ნიშის მოპოვებას ერთობლივი ძალით აუცილებლად შევძლებთ.

რუსუდან შელია