კონკურსში გამარჯვებული რომანი "შემოვალ ეტლით" უკვე წიგნის მაღაზიებშია - კვირის პალიტრა

კონკურსში გამარჯვებული რომანი "შემოვალ ეტლით" უკვე წიგნის მაღაზიებშია

"ეს წიგნი უნდა წავიკითხოთ, რომ ვიგრძნოთ, როგორია ცხოვრება ეტლის ბორბლებზე..."

როგორც ცნობილია, გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ჩატარებულ ლიტერატურულ კონკურსს "გახდი ბესტსელერის ავტორი" საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კონკურსის მიზანი ახალგაზრდა მწერლების გამოვლენა იყო, რომელთა წიგნებს გამომცემლობა საკუთარი დაფინანსებით დაბეჭდავდა. ამ მართლაც უნიკალურმა შანსმა 300 მწერალი და მკითხველის უპრეცედენტო, მრავალათასიანი არმია მიიზიდა. საბოლოოდ გამარჯვებულად ხუთი ახალგაზრდა მწერალი მოგვევლინა. ორი ავტორის, თათული ღვინიანიძისა და შორენა ხუხუას წიგნები კი უკვე გამოიცა და ახლა უამრავი მკითხველის თაროს ამშვენებს. როგორც გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მთავარი რედაქტორი მაია ალუდაური ამბობს, კონკურსით არა მხოლოდ გამარჯვებულებს გაეკაფათ გზა ფართო აუდიტორიისკენ, - ამ ძალიან თამამმა კონკურსმა და გამომცემლობა "პალიტრა L"-მა საზოგადოებასთან ერთად ყველა ახალგაზრდა შემოქმედში დატოვა იმის განცდა, რომ ჩვენს ქვეყანაში ზუსტად ისევე, როგორც უცხოეთში, შეიძლება ახალგაზრდა შემოქმედი წინ წავიდეს, წიგნებიც გამოსცეს და ბესტსელერის ავტორადაც იქცეს.

მაია ალუდაური, გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მთავარი რედაქტორი: - გამომცემლობამ ამ კონკურსით მოინდომა, აღმოეჩინა ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც, მხოლოდ იმის გამო, რომ არ ჰქონდათ საშუალება თუ ბიძგი, გზას ვერ იკაფავდნენ. საბოლოოდ, მართლაც საინტერესო ხუთი ავტორი გამოვლინდა, რომელთაგან ორის ნაწარმოები გამომცემლობამ უკვე გამოსცა და წარმატებით იყიდება.

შორენა ხუხუას ნაწარმოები "შემოვალ ეტლით" სრულიად ახალი სიტყვაა ლიტერატურაში და გულწრფელად ვფიქრობ, რომ არამხოლოდ ქართულ ლიტერატურაში. ნაწარმოები, რომელიც ეტლით მოსარგებლე ახალგაზრდა ქალზეა, ძალიან გულწრფელია და, იმავდროულად, მაღალი ლიტერატურული გემოვნებით დაწერილი. რასაკვირველია, ბევრ რამეს განაპირობებს ისიც, რომ ავტორი დიდი ხნის განმავლობაში თავად სარგებლობდა ეტლით და მისთვის ნაცნობია ასეთი ადამიანის განცდები. თუმცა ნაწარმოების პოპულარობისთვის მხოლოდ ეს არ კმარა - ავტორმა შეძლო ეტლით მოსარგებლე ადამიანის ტკივილი და სულისშემძვრელი ბრძოლა ბედნიერებისთვის იმდენად ცოცხლად და დამაჯერებლად გადმოეცა, რომ მკითხველი წიგნის კითხვას თავს ვერ აღწევს. ავტორი გვარწმუნებს, რომ ბედნიერებისთვის, სიცოცხლისთვის ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს, მაშინაც კი, თუ ეტლს ხარ მიჯაჭვული, ხარ სხვაზე დამოკიდებული.

ნაწარმოების მთავარი გმირი თავს კი არ იცოდებს, არამედ, პირიქით, საკუთარ თავს ქმნის, ქმნის თავის ბედნიერებას. ვფიქრობ, "შემოვალ ეტლით" ყველამ უნდა წაიკითხოს, ნებისმიერმა, ვისაც სურს, ისწავლოს ბრძოლა ბედნიერებისთვის. ეს წიგნი უნდა წავიკითხოთ იმიტომაც, რომ უკეთ გავუგოთ ამ ადამიანებს, უკეთ ვიგრძნოთ, როგორია ცხოვრება ეტლის ბორბლებზე... ის თვალს აგვიხელს და დაგვანახებს, როგორ უნდა ვიქცეოდეთ, როცა საქმე ეტლით მოსარგებლეებს ეხება. ეს წიგნი და შორენა ხუხუას გმირის ამბავი ჩვენ შეგვცვლის და, დარწმუნებული ვარ, ცოტათი მაინც უკეთესები გავხდებით.

შორენა ხუხუა: - მე ჩემი წიგნის გმირის გზა თავად გავიარე, თავად ვსარგებლობდი ეტლით და იმდროინდელ ჩემს სულიერ მდგომარეობას აღვწერდი კიდეც ჩემს ჩანაწერებში. რომ არ ყოფილიყო გამომცემლობა "პალიტრა L", ამ წიგნს ვერ გამოვცემდი. შესაბამისად, ვერ წაიკითხავდნენ ის ადამიანები, რომლებსაც ეს წიგნი ძალიან სჭირდებათ. მე ვარ ადამიანი, რომელმაც სხეულის ყველა უჯრედით იცის, რას გრძნობს ადამიანი ეტლით სარგებლობისას. ეს წიგნი, რომლის პროტოტიპი, ჩემთან ერთად, ეტლით მოსარგებლე ჩემი ორი მეგობარია, არის ცხოვრება, რომელსაც ვერ გაიგებს ის, ვინც არასოდეს ყოფილა ეტლში. ეს არის სამყარო, რომელსაც სხვა წესები აქვს და ამას მაშინვე ხედავ, როცა ეტლში ჯდები. შენ კი უნდა მიიღო ეს წესები ან შეცვალო. ერთიცა და მეორეც ძნელია და ტკივილიანი, თუმცა, როცა იბრძვი, ბედნიერება, რომელიც დაკარგულად მიგაჩნია, მხოლოდ მაშინ მოდის. შეგუებაში ბედნიერება არ არსებობს!

ეს განცდა მინდოდა, გადამეცა მთელი სამყაროსთვის, რადგანაც მე თავად ეს გზა ავირჩიე.მხოლოდ ამიტომ გადავრჩი.

- ეს როგორ მოხდა, როგორ აღმოჩნდით ეტლში?

- წამების განმავლობაში, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე. 2009 წელს სომხეთ-საქართველოს საზღვარზე აზერბაიჯანულ სკოლაში ვასწავლიდი ქართულ ლიტერატურას. თბილისიდან 35 კილომეტრზე 10 წლის მანძილზე ყოველდღე დავდიოდი ჩემი ორკარიანი პატარა ავტომობილით, რომელსაც ერთ დღეს თავზე ბე-ემ-ვე დაეცა და ჩემიანად გასრისა... "ბე-ემ-ვეს" მძღოლის 18 წლის ძმა დაიღუპა.

- თქვენ როგორ გადარჩით?

- ამას ექიმები ახლაც ვერ ხსნიან. ყველაფერი დამტვრეული მქონდა, მათ შორის, ორივე ბარძაყის ძვალი და თორმეტივე ნეკნი. დაფლეთილი მქონდა ნაწლავები და ღვიძლი, ფილტვები, ელენთა... ელენთა ამომკვეთეს, ოთხად გაგლეჯილი ღვიძლი კი როგორღაც შეაერთეს. ფილტვებში სისხლი მქონდა ჩაქცეული; ფეხებზე ორი თვის განმავლობაში ჩამოკიდებული მქონდა სიმძიმეები.

- გონება არ დაგიკარგავთ?

- საოცრება ის იყო, რომ - არა. და თუკი რაიმემ გადამარჩინა, ექიმები სწორედ ამას ასახელებენ. ამ საშინელი ტანჯვის პირველივე წამებიდან ვფიქრობდი, რომ აუცილებლად უნდა მეცოცხლა. საბოლოოდ, ყველა ოპერაციის შემდეგ, ფეხებზე ოპერაცია დამინიშნეს. ოპერაცია აღმოჩნდა წარუმატებელი. ყავარჯნებით უნდა მევლო, მაგრამ არა ჩემი კიდურების, არამედ იმ ლითონის დახმარებით, რომელიც ძვლებში მქონდა. ამასობაში თვეები გავიდა და უკვე თავიდან მომიწია აზერბაიჯანული სკოლის მასწავლებლობისთვის კონკურსში მონაწილეობამ.

- მიიღეთ?

- მივიღე და გავიმარჯვე. სწორედ აქედან დაიწყო სხვა ბრძოლა - ბრძოლა, რომელიც უკვე როგორც შეზღუდული შესაძლებლობების პირს უნდა მომეგო. მოვითხოვე, რომ ვინაიდან ყავარჯნებით მეორე სართულზე ასვლა მიჭირდა, ჩემთვის გამოცდები პირველ სართულზე დაენიშნათ. იმავდროულად, რადგან ფეხებში რკინა მქონდა ჩადგმული და ერთ ადგილზე ვერ ვჩერდებოდი, გამოცდისას დასვენებითაც უნდა მესარგებლა. ასე ჩავაბარე გამოცდა და დავუბრუნდი სკოლას საზღვარზე, სადაც ისევ მანქანით დავდიოდი. ჩემი მოსწავლეები ამომიდგნენ მხარში, სკოლის კართან მხვდებოდნენ და ხელით ავყავდი შენობაში. ამ მდგომარეობაში ექსკურსიებზეც კი დავდიოდი, ისევ მათი დახმარებით. ეტლით სარგებლობა დავიწყე, როცა ბარძაყში თეძოს ძვალი გადავინერგე და ექიმმა მითხრა, რომ ყავარჯნებით სიარული შეუძლებელი იყო, ან დაწოლა უნდა ამერჩია, ან ეტლი. მე ეტლი ავირჩიე. ყავარჯნებთან შედარებით ეტლმა ცხოვრება შემიმსუბუქა, თანაც, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ის ცხოვრება დამანახა, რასაც ვერავინ ვერასოდეს დაინახავს, თუ ეტლში არ აღმოჩნდა. მე გავიცანი ეს თემი, რომელთაგან ზოგიერთს ადრეც ვიცნობდი, თუმცა, სანამ ეტლში არ აღმოვჩნდი, ვერაფრით მივხვდებოდი, რომ ეს ადამიანები, და მეც მათთან ერთად, ცალკე ვარსებობდით. სხვა სამყარო იყო, საზოგადოების განწყობაზე დამოკიდებული, რომლისთვისაც ბედნიერების თუ სრულფასოვნების მისაღწევად აუცილებელია ბრძოლა. სხვანაირად არაფერი გამოვა. მე ეს ბრძოლა მიზნად დავისახე. მახსოვს, რა ამბავი ავტეხე ერთ-ერთ ტრენინგზე, სადაც 100 ლარი მქონდა გადახდილი - მეორე სართულზე რომ ვერ ავედი, მოვითხოვე, უკან დამიბრუნეთ ჩემი 100 ლარი, რადგან თქვენ ჩემთვის პირობები არ შეგიქმნიათ-მეთქი. სინამდვილეში, საქმე არა 100 ლარში, არამედ იმაში იყო, რომ ჩემისთანა ადამიანის ინტერესი არ გაითვალისწინეს. აი, მერე იყო, რომ ყველა პირობა შემექმნა.

- თქვენ მარნეულის სკოლის დირექტორობაც ეტლში მჯდომმა მოიპოვეთ.

- მახსოვს, ბევრი გაოცებით მიყურებდა, როგორ მივედი ეტლში მჯდომი სკოლის დირექტორობისთვის კონკურსში. მახსოვს კონკურსის ბოლო საფეხურიც, სადაც იმ ადამიანმა, რომელსაც ჩემი ბედი უნდა გადაეწყვიტა, მითხრა, კარგი, თუ გასწვდები საქმეს... ახლა ვარ მარნეულის იმ არაქართული სკოლის დირექტორი, რომელშიც 1300-ზე მეტი ბავშვი სწავლობს.

- მოსწავლეების ცხოვრების შეცვლაც მოახერხეთ?

- მე ამ სკოლაში გავაკეთე ის, რაც მაშინ ჩავიფიქრე, როცა კონკურსში ვმონაწილეობდა და ეტლში ვიჯექი - გადავწყვიტე, ჩვენს სკოლაში ის ბავშვები მომეყვანა სასწავლებლად, რომლებიც ამ რაიონში ეტლით სარგებლობდნენ. პირველი 12 წლის მოსწავლის მოყვანაზე მისი მშობლების ძალიან დიდი წინააღმდეგობა შემხვდა, მაგრამ მაინც წამოვიყვანე და პირველ კლასში დავსვი, რადგან წიგნის არაფერი გაეგებოდა. სულ მოკლე ხანში ამ ბავშვმა 6 კლასის პროგრამა დასძლია და დღეს წარჩინებული მოსწავლეა. ახლა ჩემს სკოლაში 17 შშმ მოსწავლეა.

- ბესტსელერის ავტორი როგორ გახდით? საოცარი წიგნია იმის შესახებ, როგორ არ უნდა შეიცოდოს თავი ეტლს მიჯაჭვულმა ადამიანმა, როგორ უნდა იბრძოლოს ბედნიერებისთვის, რომელსაც აუცილებლად მიაღწევს.

- ეს წიგნი ნამდვილი განცდა და ნამდვილი ბრძოლაა, რომლითაც ვიბრძოლეთ მეც და ჩემმა ორმა ეტლით მოსარგებლე მეგობარმა. როდესაც კონკურსი გამოცხადდა, მეგობრებმა მირჩიეს, მიიღე მონაწილეობაო. ნამდვილად არ მინდოდა, რადგან ეს სხვა აუდიტორიაა - აუდიტორია, რომელსაც სული უნდა გაუხსნა. ბევრი ვიფიქრე და საბოლოოდ ის ჩანაწერები გადავიკითხე, რომელთაც ნამდვილი ტკივილით ვწერდი, მერე ჩემს გრძნობაში გავატარე და ხელახლა დავწერე. პირველი ტური რომ მოვიგე, სხვა პასუხისმგებლობა გამოჩნდა - არ შეიძლებოდა, არ მეთქვა ბოლომდე სათქმელი. არ ვიცი, არის კი მწერალი, რომელიც ეტლში მჯდომი აღწერს ეტლით მოსარგებლე ადამიანების ტკივილს და ბედნიერებისთვის ბრძოლას, ინტიმურ განცდებს?

კიდევ ერთხელ ვიმეორებ - რომ არ ყოფილიყო გამომცემლობა "პალიტრა L", არ იქნებოდა ჩემი წიგნიც. ჩემს ნაწერებს, ალბათ, მხოლოდ ჩემი მეგობრები წაიკითხავდნენ და ისწავლიდნენ ბრძოლას ბედნიერებისთვის ნებისმიერ სიტუაციაში, მე კი მინდა, რომ ეს ყველამ ისწავლოს, უპირველესად კი მათ, ვინც საკუთარი თავის რწმენა დაკარგა

- თქვენს წიგნს ცნობილი ადამიანების საუკეთესო შეფასება ერგო - კონკურსის ჟიურის წევრის, ლევან ბერძენიშვილის თქმით, ეს არის "ნამდვილი ლიტერატურა და გამარჯვება ნამდვილი ლიტერატურისა, როდესაც მასალამ ვერ დათრგუნა სათქმელი. კარგია, რომ ავტორი იცნობს ამ სფეროს, მაგრამ მთავარია, რომ მასში არის ძალა სიყვარულისა და იმისა, რომ პრეტენზიები არის სამყაროს მიმართ ზუსტად ისეთი, როგორიც შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანს", საქართველოს პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ კი, წიგნის გარეკანი გააფორმა.

- ჩემთვის ბატონი ლევანის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ლიტერატურის საუკეთესო მცოდნეა. რაც შეეხება პირველ ლედის, თავადაც გაოცდა ჩემს დანახვაზე და მეც, როცა მისი ნახატი ვნახე. ზუსტად ისე ჰქონდა დახატული, როგორც მინდოდა - ეტლში მჯდომი ქალი ზურგით, რომელსაც ხვეული თმა აქვს (მეც ასეთივე თმა მაქვს). ქალბატონმა მაკამ, ალბათ, ის დაინახა ჩემს წიგნში, რაც მინდა ჩემმა მკითხველმაც დაინახოს - ბედნიერებისთვის ბრძოლა ყოველთვის ღირს.

ეთერ ერაძე