ღვინის დიდი ენციკლოპედია უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია
27-11-2017
ღვინის დიდი ენციკლოპედია უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია
ერთგული მკითხველის თხოვნით, "ღვინის დიდი ენციკლოპედია" გამოიცემა. ეს მოოქრული ორტომეული აქამდე გამოცემულ სასაჩუქრე ვერსიაზე თითქმის 3-ჯერ იაფი იქნება!

ღვინოს ქიმიკოსის შეიარაღებული თვალით თუ შევხედავთ, ჩვენ წინ უნიკალური სურათი გადაიშლება. მასში ბევრი სასარგებლო ნივთიერებაა თავმოყრილი - კალიუმი, კალციუმი, ვიტამინები, მინერალური ნაერთები - ერთი სიტყვით, ფარმაკოლოგიური მახასიათებლებით, ღვინის შემადგენლობით აღფრთოვანება ნამდვილად შეიძლება. შესაბამისად, თითქოს წინ არაფერი უდგას, ღვინო მივირთვათ და დავტკბეთ მისი ეფექტით, თუმცა ისიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ჩვეულებრივი კი
არა, ღმერთების სასმელია და დაჭაშნიკებამდე ხარისხიანი პროდუქციის შერჩევა სასურველი შედეგის მისაღებად ძალიან მნიშვნელოვანია.

გამორჩეული ღვინის მოძიება მართლაც არ არის იოლი, მით უმეტეს, რომ დღეს ღვინის ბაზარი მრავალფეროვანი­ და საკმაოდ კონკურენტულია, თუმცა იმისთვის, რომ საქმე გაიმარტივოთ და ღვინის მახასიათებლებს დეტალურად გაეცნოთ, "პალიტრა L"-ი მორიგ უნიკალურ გამოცემას
"დიდი ენციკლოპედია - ღვინო" გთავაზობთ.

წიგნი დაგეხმარებათ უკეთ გაეცნოთ ღვინოებს, გახდეთ ღვინის კომპეტენტური მოყვარული და მისი დახასიათებისას არ დაგაბნიოთ ისეთმა ტერმინებმა, როგორიცაა - კამკამა, კრამიტისფერი, სხეულიანი, აბრეშუმივით რბილი.

ამასთან, გაეცნოთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ვენახებსა და ღვინოებს, ყურძნის განსხვავებულ ჯიშებს, ტერუარებსა და მათ თავისებურებებს, ღვინის დაყენების ეტაპებსა და დავარგების ტექნიკას. რაც მთავარია, ისწავლოთ ღვინის არჩევა, შენახვა და დეგუსტაცია, როგორ წავიკითხოთ ეტიკეტი, როგორ შევიძინოთ ღვინო რეალურ ფასად, როგორ მოვაწყოთ მარანი, სწორად შევუხამოთ ერთმანეთს ღვინო და კერძი, დავეუფლოთ დეგუსტაციის ხელოვნებას - ერთი სიტყვით, კიდევ ძალიან ბევრი განმასხვავებელი ნიშნის ჩამოთვლა შეიძლება, რასაც წიგნში აუცილებლად გაეცნობით. სწორედ ამიტომ განსხვავდება ყველა ღვინო ერთმანეთისგან, ყოველ შემთხვევაში,­ ყველა ნამდვილ ღვინოს თავისი განუმეორებელი ხასიათი აქვს და მისი გასინჯვისას­ სწორედ ამ გამორჩეულობით ვტკბებით.

თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ცოტა ხნის წინ სრულიად მსოფლიო შეთანხმდა, რომ პირველი ღვინო დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე დაიწურა, შემდეგ კი ვაზის გაკულტურება მოხდა, ვალდებულიც კი ვართ, ჩვენი ისტორიული თუ კულტურული ტრადიციის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია გვქონდეს.

აღსანიშნავია, რომ "დიდი ენციკლოპედია - ღვინო" ორ ტომად გამოიცემა და 4 დეკემბრიდან თითო წიგნი სპეციალურ ფასად - 23.50 თეთრად, გაზეთთან ერთად კი 25 ლარად გაიყიდება.

ოლივიე პუსიე, მსოფლიოში საუკეთესო სომელიე:

"დღეს საქართველოში ღვინის ბუმია, ასპარეზზე გამოდიან ახალი მარნები, ახალი ჯიშები, ახალი ღვინოები. ბევრი დაუბრუნდა ტრადიციულ ქვევრის მეღვინეობას, გაიზარდა დარგით დაინტერესება. ამ ცნობისწადილის დასაკმაყოფილებლად კი, ძნელია იპოვო ასეთ გამოცემაზე უფრო მოსახერხებელი და ამომწურავი წყარო. უმნიშვნელოვანესია, რომ ღვინით სიამოვნებას ღვინის ცოდნაც ახლდეს თან. ასეთი ცოდნის მოპოვებას დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

მალხაზ ხარბედია, საქართველოს ღვინის კლუბის პრეზიდენტი, წიგნის რედაქტორ-კონსულტანტი:

"წიგნში მსოფლიოს მეღვინეობის ყველა რეგიონს გაეცნობით, ლეგენდარულ ღვინოებს და ახალ ვარსკვლავებს, ძველ და ახალ სამყაროს. მასში არაერთი საცნობარო ჩანართია, თავი რომ დავანებოთ უმდიდრეს საილუსტრაციო მასალას, ლექსიკონებსა და საძიებლებს.
"დიდი ენციკლოპედია - ღვინო" მკითხველს გაუღვიძებს სურვილს, დააჭაშნიკოს საუკეთესოდ აღიარებული ღვინოები და გაემგზავროს ახალი, უჩვეულო გემოს მქონე ღვინოების აღმოსაჩენად.

წიგნში მოცემულია მეღვინეობის ქვეყნებისა და რეგიონების 38 რუკა, მსოფლიოს რეგიონებისა და ღვინოების 246 მონაცემთა სქემა, 600-ზე მეტი უნიკალური ფოტომასალა და ღვინის მოსავლის წლების ცხრილები.

ასე რომ, შემოუარეთ მსოფლიოს: საფრანგეთის სხვადასხვა რეგიონისა და ევროპის, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, ლათინური ამერიკის ვენახებს. არც სამხრეთი აფრიკა და ავსტრალია დაივიწყოთ, არც აზიის კონტინენტი და არც საქართველო!"

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით