როგორ უნდა მოვრთოთ სახლი საახალწლოდ?! - კვირის პალიტრა

როგორ უნდა მოვრთოთ სახლი საახალწლოდ?!

ამბობენ, ახალ წელს როგორც შეხვდები, ისეთი წელი გექნებაო, ამიტომ ყველა ცდილობს ამ დღეს განსაკუთრებულად შეხვდეს, რათა ბედნიერი წელი დაიბედოს. ახლა სწორედ ის პერიოდია, საახალწლო ფაციფუცი რომ იწყება. ამ დროს ერთ-ერთი პირველი საზრუნავთაგანია ნაძვის ხე, ინტერიერის სადღესასწაულოდ მორთვა და საახალწლო საჩუქრები ჩვენთვის ძვირფასი ადამიანებისთვის. "ბიბლუსი" მომხმარებელს საშუალებას აძლევს, აბსოლუტურად ყველა ნივთი და დეტალი შეიძინოს, რაც კი მის ნაძვის ხეს თუ ინტერიერს დახვეწილს, გამორჩეულსა და განსხვავებულს გახდის.

დიზაინერი თაკო უნდილაშვილი მოგვცემს რამდენიმე რჩევას, რაც კიდევ უფრო დაგვეხმარება, რომ ჩვენი ნაძვის ხე, საახალწლო სუფრა თუ ოთახი მოვრთოთ ტრენდული ფერებით, ფორმებით, აქსესუარებით, რათა ჩვენი საახალწლო განწყობა ყველაზე ლამაზი, ზღაპრული და დაუვიწყარი გავხადოთ.

- "ბიბლუსში" წარმოდგენილია საახალწლო დეკორაციების ნამდვილად მრავალფეროვანი არჩევანი, რომელიც, ვფიქრობ, ნებისმიერი გემოვნების ადამიანს დააკმაყოფილებს.

წელს ყველაზე ტრენდული საახალწლო დეკორაციები დედამიწის ტონებშია წარმოდგენილი. ყვითელი ძაღლის წელი მოდის და გაგიკვირდებათ, ყვითელი ტონი არც ერთ ბრენდს არ დაუსახელებია ტრენდულად. მკვეთრი და ბუნებრივი ტონებია მოდური. ინტერიერის სხვადასხვა კომპანია ვერ შეჯერდა ერთ კონკრეტულ ფერზე და ამიტომ რამდენიმე ფერი ითვლება მოდურად. ესაა: ხისფერი, მუქი ლურჯი, მუქი მწვანე, მუქი წითელი, ასე ვთქვათ, უდაბნოში ჩამავალი მზისფერი, რომელიც ძალიან მოუხდება ჩვენს ნაძვის ხეს.

- როგორი ზომის ნაძვის ხე შევარჩიოთ და როგორ მოვრთოთ?

- ნაძვის ხის ზომა ჩვენი სახლის ზომიდან გამომდინარე უნდა შეირჩეს. პატარა ოთახში დიდი ნაძვის ხის სილამაზე დაიკარგება. თუ დიდი სივრცე გაქვთ, ნაძვის ხეც დიდი შეარჩიეთ, თუ ნაკლები, შედარებით მომცრო, რათა კარგად აღიქვას თვალმა მისი სილამაზე.

რაც შეეხება ფერებს - თუ აქამდე ერთი კონკრეტული ფერით რთავდნენ ნაძვის ხეებს, წელს უფრო ტრენდული ფერადი ნაძვის ხე იქნება. არაჩვეულებრივად გამოიყურება თეთრი თუ წითელი აქცენტები, ასევე ნაჭრის ხაოიანზედაპირიანი მოსართავები. მოდურია ხის სათამაშოები, რომელიც, ჩემი აზრით, ძალიან დახვეწილია. თამამად და უხვად გამოიყენეთ თეთრი ფიფქები.

სამწუხაროდ, წინასაახალწლოდ უაზროდ იჩეხება ნაძვები თუ ფიჭვები, რომელთა რეალიზაციას ყოველთვის ვერ ახერხებენ და რჩება საცოდავად მიყრილი. "ბიბლუსში" რეალურთან მაქსიმალურად მიახლოებული მაღალი ხარისხის ნაძვის ხეები იყიდება. მე, როგორც დიზაინერი, მათ შეძენას გირჩევთ - ჯერ ერთი, ლამაზია, მეორე, მას შემდეგ წელსაც გამოიყენებთ და რაც მთავარია, ჩვენი პლანეტის მოვლა ყოველი ჩვენგანის ვალია.

რაც შეეხება სათამაშოებს - ერთი ზომის ბურთულებით ნაძვის ხის მორთვა სასურველი არ არის. უფრო ლამაზია დიდი და პატარა ბურთულების კომბინაცია. ასე უფრო მრავალფეროვანი და ლამაზი გამოგვივა ჩვენი ნაძვის ხე. არ უნდა დაგვავიწყდეს ძაღლის ფორმის სათამაშოებიც.

რა თქმა უნდა, ნაძვის ხის მორთვის ბოლო და მთავარი აქცენტი არის მის თავზე დასამაგრებელი, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს მოზრდილი ფიფქის ფორმა, ან ვარსკვლავის, რომელიც, ერთი მხრივ, სიმაღლესთან, მიზნის მიღწევასთან, კოსმოსთან ასოცირდება და, მეორე მხრივ, რელიგიური დანიშნულებაც აქვს - ბეთლემის ვარსკვლავი ხომ შობის სიმბოლოა.

"ბიბლუსში" ბავშვობიდან რომ გვახსოვს, იმასთან შედარებით გაცილებით უკეთესი, როგორც ხარისხით, ასევე რეალურთან მიახლოებული, სხვადასხვა ზომის თოვლის ბაბუებია წარმოდგენილი. კარგი იქნება, თუ მას ნაძვის ხესთან ახლოს დააყენებთ. ბავშვებს განსაკუთრებით ახარებს მათი დანახვა. ვისაც დიდი ნაძვის ხე გაქვთ, თოვლის ბაბუაც მასიური შეარჩიეთ, ვისაც მომცრო, ზომა შეუსაბამეთ.

- "ბიბლუსში" წარმოდგენილი აქსესუარებიდან მრავლად გვხვდება სხვადასხვა მასალისგან შექმნილი ანგელოზებიც.

- ანგელოზების ნაძვის ხეზე დამაგრებას არ გირჩევთ, ფერად სათამაშოებში დაიკარგება. ბევრად ეფექტურია მათი გამოყენება სადღესასწაულო მაგიდაზე, ბუხრის თავზე, ჭაღზე...

სახლის დეკორაციას ერთიორად გაალამაზებს ფერადი ფაჩუჩები, რომელიც დამდეგი წლის ფეხბედნიერ შემობრძანებასთან ასოცირდება. ამიტომ კარგი იქნება, თუ შემოსასვლელში დავკიდებთ, ან ჩვენთვის ძვირფასი ადამიანებისთვის შერჩეულ საჩუქრებს მათში მოათავსებთ.

ინტერიერის მორთვისას საზოგადოდ სასტუმრო ოთახზე ვაკეთებთ აქცენტს, თუმცა გირჩევთ, საძინებელში, შემოსასვლელსა და სხვა ოთახებშიც შევიტანოთ პატარ-პატარა საახალწლო განწყობის მომგვრელი აქცენტები. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა თემაზე შექმნილი საახალწლო კერამიკული ნივთები, რომლებიც მრავლად არის "ბიბლუსის" მაღაზიებში. იქვე შეგიძლიათ შეიძინოთ საახალწლო თემაზე შექმნილი ლამაზი გირლანდები, რომლებიც სახლის შესასვლელ კარზე უნდა დაკიდოთ.

მძივები შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ნაძვის ხის მოსართავად, ასევე სადღესასწაულო მაგიდის გასაფორმებლად. ისინი გამჭვირვალე ჭურჭელში მოათავსეთ გირჩებთან, ფიფქებსა და ფერად ბურთულებთან ერთად. ბოლო დროს მკვიდრდება სადღესასწაულო სუფრის თემატური ჭურჭლით გაშლის ტენდენცია. "ბიბლუსში" წარმოდგენილი ჭურჭელი გვაძლევს საშუალებას, საახალწლო განწყობა შევიტანოთ ჩვენს სუფრაზე. ასევე ძალიან მოდური გახდა საახალწლო სუფრის ულამაზეს შანდლებში მოთავსებული სანთლებით მორთვა.

მოგეხსენებათ, ძაღლი ერთგული მეგობარია, მას ოჯახში სიმშვიდე და სტაბილურობა შემოაქვს. ყველას ვუსურვებ, ეს განწყობები არ მოგვკლებოდეს მთელი წლის განმავლობაში.

ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!

ეკა სალაღაია