უნიკალური შანსი ქართველი ახალგაზრდებისთვის! - კვირის პალიტრა

უნიკალური შანსი ქართველი ახალგაზრდებისთვის!

4 დეკემბერს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ხელი მოეწერება შეთანხმებას, რომელიც ტექნოლოგიების სფეროს საქართველოში განვითარების სრულიად ახალი შესაძლებლობების შექმნას გულისხმობს. უნივერსიტეტში გაიხსნება ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბი, რომელიც სასწავლო ცენტრის ისრაელის ტექნოლოგიურ პროექტებში დასაქმებასა და ახალი პროექტების განვითარებას შეუწყობს ხელს. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ასობით ახალგაზრდა კადრის გადამზადება და მათი მაღალანაზღაურებად ტექნოლოგიურ პროექტებში ჩართვა. პროექტი ხორციელდება ისრაელის მხარის სრული დაფინანსებით, მისთვის გამოიყოფა განვითარების მრავალმილიონიანი ფონდი, რესურსი დაიხარჯება კადრების გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ახალი ტექნოლოგიური კომპანიების შექმნა-განვითარებაზე. პროექტის დეტალებზე `კვირის პალიტრასთან~ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი მიხეილ ბატიაშვილი საუბრობს:

- წარმატებული ქვეყნების სწრაფი ეკონომიკური ზრდა ტექნოლოგიებმა განაპირობა. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სტუდენტები სწავლის პროცესის პირველივე დღიდან თანამედროვე ტექნოლოგიებს ითვისებენ და მათ გამოყენებას სწავლობენ, თუმცა, პარალელურად, უკვე გვჭირდება კვალიფიციური კადრები, რომლებიც მზად იქნებიან, გამოცდილებისა და ცოდნის საფუძველზე ტექნოლოგიურ პროექტებში მალევე ჩაერთონ. ამ საქმეში ისრაელი უპრეცედენტო დახმარებას გვთავაზობს - მსოფლიოში ტექნოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სახელმწიფო ცოდნას ქართველ ნიჭიერ ახალგაზრდებს გაუზიარებს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი კი კადრების გადამზადების ბაზად ჩამოყალიბდება. ანუ, ჩვენ ისრაელიდან ტექნოლოგიების ცოდნის ექსპორტს განვახორციელებთ. მსგავსი სასწავლო კურსის ღირებულება მინიმუმ სამი ათასი დოლარია, თუმცა ისრაელი მზადაა, თავად დააფინანსოს თითოეული სტუდენტის სწავლა და, რაც მთავარია, თავადვე დაასაქმოს ისინი საკუთარ კომპანიებში.

ისრაელი გეგმავს, მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელოს საქართველოში და რამდენიმე მსხვილი კომპანიით შემოვიდეს ბაზარზე, რისთვისაც მაღალკვალიფიციური კადრები სჭირდება. ახალგაზრდა, რომელიც სასწავლო კურსში ჩაერთვება და სწრაფად აითვისებს პროგრამას, გარანტირებულად დასაქმდება.

ამ სფეროში ანაზღაურება კი მთელ მსოფლიოში საკმაოდ მაღალია.

- თუ არის განსაზღვრული, რა კრიტერიუმებით შეარჩევთ ახალგაზრდებს სასწავლო კურსისთვის და რა პერიოდს მოიცავს სწავლის პროცესი?

- ვფიქრობთ, სწავლის კურსი დაახლოებით ერთწლიანი იქნება. ისრაელიდან საქართველოში ცოდნის ექსპორტი მოკლე დროში უნდა მოვახერხოთ, თანაც, სწავლების მსგავსი მეთოდი ისრაელსა და სხვა წარმატებულ ქვეყნებში უკვე აპრობირებულია.

პროექტი ერთჯერადი არ იქნება და ათასობით ნიჭიერ ახალგაზრდას შეეძლება ამ უნიკალური შესაძლებლობის საკუთარი კარიერული წარმატებისთვის გამოყენება. მხოლოდ ეს პროექტი გვაძლევს გარანტიას, რომ რამდენიმე წელიწადში ქვეყანაში ათასობით მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი შეიქმნება. მომავალი წლის დასაწყისიდან სასწავლო კურსის ოფიციალურად გახსნას ვგეგმავთ, მანამდე კი აუცილებლად მივაწვდით საზოგადოებას კონკრეტულ დეტალებს. დედაქალაქის გარდა, გვსურს პროექტში რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებიც ჩავრთოთ, რათა ყველამ თანაბრად შეძლოს ამ შანსის გამოყენება.

- რამდენი მსმენელის მიღებას შეძლებთ პირველ ეტაპზე და ჩაერთვებიან თუ არა უშუალოდ BთU-ს სტუდენტები ამ სასწავლო პროგრამაში?

- აქცენტს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის"სტუდენტებზე გავაკეთებთ, თუმცა იმდენად მასშტაბურ პროექტზეა საუბარი, ნებისმიერი დაინტერესებული ნიჭიერი ახალგაზრდისთვის ჩვენი კარი ღიაა. პირველ ეტაპზე რამდენიმე ასეულ სტუდენტს მივიღებთ, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა ამის შესაძლებლობას გვაძლევს. კადრების გადამზადების პროცესი მუდმივად გაგრძელდება, შესაძლოა, ერთი ჯგუფის სწავლის პროცესში, პარალელურად, მეორე ჯგუფიც შევქმნათ. ვიმეორებ, საქართველოში ისრაელი მასშტაბური ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს, საუბარია სტარტაპების განვითარებაზეც. ახლა ვიწყებთ იმ ნიჭიერი ახალგაზრდების მოძებნას, რომლებიც ებრაულ კომპანიებში მაღალი ანაზღაურებით დასაქმდებიან. დეტალებს, თუ კონკრეტულად, რა მიმართულებით დასაქმდებიან, ასევე, რომელ საერთაშორისო კომპანიებზეა საუბარი და რას მოიცავს ისრაელის მხარდაჭერით დაფინანსებული კურსი, საზოგადოებას ეტაპობრივად ვაცნობებთ - ეს აუცილებელია იმისთვისაც, რომ ახალგაზრდებმა თავიდანვე კარგად გაიაზრონ, რა შესაძლებლობები იხსნება მათთვის, რამდენად მზად არიან სასწავლო კურსის გასავლელად და როგორ შევარჩევთ მსმენელებს. ვგეგმავთ საინფორმაციო შეხვედრების გამართვასაც, სადაც როგორც უშუალოდ ამ პროექტზე გავაცნობთ ახალგაზრდებს დაწვრილებით ინფორმაციას, მოვისმენთ მათ შეკითხვებსა და წინადადებებსაც.

დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის რეგიონალურ ტექნოლოგიურ ჰაბად ფორმულირებასა და საქართველოში კადრების მიმართ საერთაშორისო შრომის ბაზრებზე ინტერესის გაზრდაში.

რუსუდან შელია