"ბიბლუსს" კიდევ ორი ფილიალი შეემატა - კვირის პალიტრა

"ბიბლუსს" კიდევ ორი ფილიალი შეემატა

"ამჯერად "ბიბლუსმა" ორივე მაღაზია ისეთ ადგილებში გახსნა, სადაც მოძრაობის მაღალი დინამიკაა და ლოკაცია საინტერესოა არა მარტო ქართველი მომხმარებლისთვის, არამედ ტურისტებისთვისაც, რომელთა დიდი ნაწილი ინტენსიურად მოძრაობს ამ ტერიტორიაზე, ჩვენი წიგნის მაღაზიების მომსახურებით სარგებლობს. შესაბამისად, მაღაზიაში შეხვდებით როგორც ქართულენოვან, ისე უცხოენოვან წიგნებს. ამ მაღაზიებშიც უკვე მოქმედებს "ბიბლუსის" საახალწლო 50%-მდე ფასდაკლება, რაც მკითხველს გაახარებს"

"ბიბლუსის" წიგნის მაღაზიათა ქსელს ორი ფილიალი შეემატა - ერთი დედაქალაქში, რუსთაველის პროსპექტზე, კოსტავას ქ. #8-ში, ხოლო მეორე, ბათუმში, ინასარიძის ქ. #5-ში. ფილიალების გახსნაში დიდი როლი ითამაშა მრავალრიცხოვანი მკითხველის თხოვნამ, რომლებიც "ბიბლუსს" მუდმივად უკავშირდებიან და სხვადასხვა ადგილზე წიგნის მაღაზიების გახსნას სთხოვენ. "ბიბლუსის" წიგნის მაღაზიათა ქსელი ყველაზე დიდია საქართველოში, აღნიშნული ობიექტების შემატებით ის უკვე წიგნის 57 მაღაზიას ითვლის.

"ბიბლუსის" მარკეტინგის ხელმძღვანელი თიკო ფეიქრიშვილი:

- ყველაფერი 9 წლის წინ თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე "ბიბლუსის" ერთი პატარა წიგნის მაღაზიის გახსნით დაიწყო. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს პატარა მაღაზია დასაბამს დაუდებდა საქართველოში ყველაზე მასშტაბური მაღაზიათა ქსელის ჩამოყალიბებას, რომელიც დღეს დიდი პოპულარობით სარგებლობს. იმ პერიოდში წიგნი ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იყო, არც ბევრი მაღაზია არსებობდა და არც "ბიბლუსი გალერეა" თავისი ულამაზესი და საინტერესო სივრცით, მაგრამ იოსებიძის ქუჩის ერთმა მყუდრო მაღაზიამ იმდენი მკითხველი შემოიკრიბა, რომ მალე ქალაქში "ბიბლუსის" მეორე მაღაზიაც გაჩნდა, მას მოჰყვა მესამე, მეოთხე და ეს პროცესი დღესაც გრძელდება. "ბიბლუსმა" შექმნა საქართველოში საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელი, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და სარგებლობს მრავალრიცხოვანი მომხმარებლის ნდობით. ის წიგნის მრავალფეროვანი არჩევანით ანებივრებს არა მარტო დიდი ქალაქების მცხოვრებთ, არამედ რეგიონების მკვიდრთაც. ბოლნისი, ბორჯომი, საჩხერე, სენაკი - ეს იმ ლოკაციების მცირე ჩამონათვალია, სადაც "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელი ფუნქციონირებს, ქსელი, რომელშიც არაერთხელ გვინახავს თინეიჯერთა რიგები საყვარელი მწერლების ახალგამოსული წიგნების შესაძენად.

- იოსებიძის ქუჩის "ბიბლუსი" ბევრ მკითხველს ახსოვს, - იმხანად თითქოს წიგნის კითხვის ისეთი დიდი სურვილი არ იყო, მაგრამ იქ მკითხველს თანამედროვე დიზაინის წიგნების საოცარი სამყარო და მრავალფეროვანი არჩევანი დახვდა, რამაც ბევრი მათგანი მრავალჯერ დააბრუნა ამ მაღაზიაში წიგნის საყიდლად.

- "ბიბლუსი" კვლავ აგრძელებს ქსელის გაფართოებას, ლიტერატურის მოყვარულთა განებივრებას და ზრუნავს, რომ კიდევ უფრო გაუძლიეროს მათ კითხვის სურვილი. ამჯერად კომპანიას ორი ახალი წიგნის მაღაზია შეემატა - ერთი დედაქალაქში, ხოლო მეორე - ბათუმში. ამაში მკითხველმაც შეიტანა დიდი წვლილი - ჩვენ ხშირად გვირეკავენ სხვადასხვა რეგიონიდან და ახალ-ახალ ადგილზე "ბიბლუსის" მაღაზიების გახსნას გვთხოვენ. ამჯერად ორივე მაღაზია ისეთ ადგილებში გაიხსნა, სადაც მოძრაობის მაღალი დინამიკაა და ლოკაცია საინტერესოა არა მარტო ქართველი მომხმარებლისთვის, არამედ ტურისტებისთვისაც, რომელთა დიდი ნაწილი ინტენსიურად მოძრაობს ამ ტერიტორიაზე და ჩვენი წიგნის მაღაზიების მომსახურებით სარგებლობს. შესაბამისად, მაღაზიაში შეხვდებით როგორც ქართულენოვან, ასევე უცხოენოვან წიგნებს. აქვე მინდა ისიც ვთქვა, რომ ამ მაღაზიებშიც უკვე მოქმედებს "ბიბლუსის" საახალწლო 50%-მდე ფასდაკლება, რაც მკითხველს გაახარებს. საახალწლოდ "ბიბლუსის" გალერეებიც ულამაზესი საახალწლო აქსესუარებით მოირთო.

- ტურისტები ახსენეთ, ახალგახსნილ "ბიბლუსის" მაღაზიებში მათთვის რაიმე ნიშანდობლივი პროდუქტი გაიყიდება?

- აუცილებლად. მომხმარებელს, გარდა საინტერესო ლიტერატურისა, უამრავი სასაჩუქრე ნივთი და საქართველოს ღირსშესანიშნაობების ამსახველი სუვენირი დახვდება. ასევე, ინგლისურ და რუსულ ენებზე ნათარგმნი თანამედროვე და კლასიკური ლიტერატურაც.

- ბათუმში უკვე "ბიბლუსის" ხუთი მაღაზიაა...

- ბათუმი მართლაც საინტერესო ქალაქია იმ თვალსაზრისითაც, რომ ამ ქალაქში ძალიან ბევრი მკითხველია, რომელიც ხშირად გვეხმაურება. ასეთ კარგ მკითხველს უკვე ელოდება ინასარიძის ქუჩაზე გახსნილი მაღაზია და წიგნების ფართო არჩევანს სთავაზობს. მათთან ერთად, ტურისტებსაც, რომელთაც ბათუმის "ბიბლუსში" დახვდებათ უამრავი სასაჩუქრე ნივთი და სუვენირი.

ასე რომ, "ბიბლუსს" უკვე აქვს 57 ფილიალი საქართველოში და ჰყავს უამრავი ადამიანი გაერთიანებული ერთი სურვილით: წიგნი ხელმისაწვდომი გახადოს საქართველოს ყველა კუთხეში და კიდევ უფრო მეტად შეაყვაროს ადამიანებს კითხვა - სწორედ ეს არის "ბიბლუსის", საქართველოში წიგნის მაღაზიათა ყველაზე დიდი ქსელის, მიზანი და ის მომავალშიც აუცილებლად გააგრძელებს მკითხველის სხვადასხვა საინტერესო წიგნით განებივრებას.

ეთერ ერაძე