"ფონდი ნატახტარი" მზრუნველობამოკლებული მოზარდების განათლებისა და დასაქმებისთვის - კვირის პალიტრა

"ფონდი ნატახტარი" მზრუნველობამოკლებული მოზარდების განათლებისა და დასაქმებისთვის

43,972 ლარი მზურნველობამოკლებული მოზარდებისთვის

"ფონდი ნატახტარის" პროექტის "იზრუნე მომავალზე" თანხის შეგროვების მეექვსე ტალღა დასრულდა. კომპანია "ნატახტარის" კორპორაციულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა და "ასოციაცია ჩვენი სახლი – საქართველოს" ფსიქოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელმა მანანა ომარაშვილმა საზოგადოებას ფონდის სამომავლო გეგმების, ინიციატივებისა და შეგროვილი თანხის შესახებ ანგარიში წარუდგინეს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

"ფონდი ნატახტარის" თანხის შეგროვების მეექვსე ტალღა 8 ნოემბერს დაიწყო და 8 დეკემბრამდე გაგრძელდა. ამხნის განმავლობაში "ნატახტარის ლიმონათის" თითოეული გაყიდული ბოთლიდან ფონდში 43,972 ლარი შეგროვდა. აღსანიშნავია, რომ 6 წლის განმავლობაში ფონდში 800 ათასზე მეტი ლარი შეგროვდა და 307 მოზარდს განათლება-დასაქმებაში დაეხმარნენ.

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი, კომპანია "ნატახტარის" კორპორაციულ საქმეთა დირექტორი:

"წელს კამპანია ერთი თვე გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში, დაახლოებით 44 ათასი ლარი შეგროვდა. ბენეფიციართა რაოდენობა იქნება ისევ 120-150, ჩვენ ასევე ვიმუშავებთ 30 მცირე საოჯახო სახლთან, 15 და უფროსი ასაკის მოზარდებთან და ასევე იმ ახალგაზრდებთან, რომლებმაც დატოვეს სახელმწიფო ზრუნვის სისტემა. ფონდი მათ უწევთ, როგორც ფსიქოლოგიური დახმარებას, ასევე, უნარ-ჩვევების გაძლიერებაშიც ეხმარება, პროფესიების შესწავლაშიც. ჩვენ მათ მომზადებასაც ვაფინანსებთ და სტიპენდიასაც ვუხდით. შედეგად, ახალგაზრდები, რომლებიც ზრუნვის სისტემას ტოვებენ, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მზად არიან. სენსიტიური პროექტია, სული და გული ჩავდეთ მის განხორციელებაში. ამ ახალგაზრდებთან ურთიერთობა ჩვენთვისაც დიდი გამოცდილება იყო. გაზაფხულზე ადვოკატირების კამპანია დავიწყეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ გვინდა ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად, გარკვეული მექანიზმი მოვძებნოთ და ახალგაზდები 21 წლამდე ერთობლივად გავაძლიეროთ".

მანანა ომარაშვილი, "ჩვენი სახლი საქართველო"-ს ფსიქოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი:

"წელს, "ფონდი ნატახტარის" 15 ბენეფიციარი შევარჩიეთ, რომლებიც წარმატებულები, დასაქმებულები არიან, ზოგი სტუდენტია, უნივერსიტეტში სწავლობს. მათ უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დავეხმარეთ. 14 საჯარო სკოლა და 10 მცირე საოჯახო სახლი შევარჩიეთ, სადაც ახალგაზრდები დისკუსიებს ჩაატარებენ - როგორ გადავლახოთ სირთულეები, როგორ მივაღწიოთ წარმატებას, რას ნიშნავს სტიგმა ბავშვთა სახლში გაზრდილი ბავშვების მიმართ და ა.შ. მთავარი აქცენტი გაკეთდება იმაზე, რომ აი, მე, ბავშვთა სახლში გავიზარდე, მაგრამ დღეს წარმატებული, დამოუკიდებელი ვარ, ვმუშაობ, განათლება მივიღე, ამდენი სირთულე გადავლახე და ეს თქვენც შეგიძლიათ, გააკეთოთ"

- რა პროფესიებია ამ ახალგაზრდებისთვის პრიორიტეტული?

- ბევრმა მათგანმა პროფესიად ფსიქოლოგია აირჩია. ხშირად ირჩევენ ჟურნალისტიკას და ერთმა უკვე დაამთავრა კიდეც, ახლა მისთვის ადგილს ვეძებთ სტაჟირებისთვის და ეგებ, ვინმე გამოგვეხმაუროს, რომ დავასაქმოთ. ასევე, ირჩევენ ტურიზმს, იურისპრუდენციას, ხელობებიდან - სტილისტობას, ავტომობილებისა და კომპიუტერული ტექნიკის შეკეთებას ანუ იმას, რაც პრაქტიკაში უფრო გამოსადეგია.

კესო აბშილავა, ბენეფიციარი:

- ფონდის ფსიქოლოგი, ლელა ზარქუა წალენჯიხის ბავშვთა სახლში მოვიდა ჩემთან და პროექტში იქიდან მოვხვდი. სწავლის გადასახადსა და მგზავრობის თანხასაც კი მიფინანსებდა, ჯანმრთელობის პრობლემები როცა შემექმნა, მხარში ამომიდგა და საავადმყოფოშიც კი სულ ჩემთან იყო.

ორი წლის განმავლობაში ფარმაცევტის თანაშემწის სპეციალობას ვეუფლებოდი, ამ გადაწყვეტილების მიღებაში ფსიქოლოგი დამეხმარა. ეროვნულ გამოცდებზე სამწუხარდ, ორი ქულა დამაკლდა, წლის გაცდენა არ მინდოდა, ამიტომ, შემომთავაზეს, პროფესიულ კოლეჯში ისწავლე და სწავლისა და მგზავრობის საფასურს ჩვენ აგინაზღაურებთო. ზუგდიდში ორი წელი ვისწავლე, წალენჯიხიდან დავდიოდი.

- გვიამბეთ თქვენზე, ბავშვთა სახლში რა ასაკში აღმოჩნდით, თუ გახსოვთ?

- ბავშვთა სახლში მეორე კლასიდან ვიყავი, ინტერნატების დახურვის შემდეგ კი მცირე საოჯახო სახლებში გადაგვიყვანეს. დედაჩემი მშობიარობას გადაჰყვა, საშუალება არ გვქონდა, პირობები, ამიტომ მე და ჩემი და ბავშვთა სახლში შეგვიყვანეს. ჩემი და მეცხრე კლასიდან გამოვიდა, მაგრამ მე სწავლა მინდოდა და დავრჩი. ღოცა "ფონდი ნატახტარის" ფსიქოლოგი გამოჩნდა, თავიდან არ მჯეროდა, რომ ასეთი დახმარება შესაძლებელი იყო, რადგან ბევრი მოდიოდა, რაღაცებს გვპირდებოდა, მაგრამ მერე აღარ გვისრულებდნენ. ამიტომ, არარეალურად მეჩვენებოდა. დღეს კი ძალიან მადლიერი ვარ მათი.

შეგახსენებთ, რომ ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის პრეზენტაციები და განხილვები საქართველოს 8 მსხვილ რეგიონში 9 ნოემბრიდან დაიწყო და 18 ნოემბერს დასრულდა. გორის, ახალციხის, თელავის, რუსთავის, ქუთაისის, ოზურგეთის, ბათუმისა და ზუგდიდის რეგიონებში განლაგებულ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში ადვოკატობის კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის" და „ფონდმა ნატახტარმა" ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს, მათ შორის, თვითმმართველობის ორგანოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლებს ერთობლივად მომზადებული პროგრამა წარუდგინა.

(R)