მადრიდის მუზეუმი პრადო - ადგილი, სადაც ბოსხის, რუბენსის და გოიას შედევრები ინახება - კვირის პალიტრა

მადრიდის მუზეუმი პრადო - ადგილი, სადაც ბოსხის, რუბენსის და გოიას შედევრები ინახება

"წიგნი, რომელიც მუზეუმს შეგაყვარებს"

ესპანეთში ქვეყნის ყველაზე სახელგანთქმული მხატვრის დიეგო ველასკესის დაკარგულ საფლავთან დაკავშირებით ბევრს კამათობენ - ნეშტს ხელოვანისა, რომლითაც საუკუნეებია მსოფლიოში ამაყობენ, ვერაფრით აგნებენ. 1960 წლიდან 2015 წლის ჩათვლით, მადრიდში რამდენიმე კვლევა ჩატარდა ეკლესიის სამარხებსა და სასაფლაოებზე. დიდი მხატვრის საფლავის ძიებისას, მკვლევრებმა მსოფლიოში აღიარებული კიდევ ერთი ესპანელის, "დონ კიხოტის" ავტორის, მიგელ დე სერვანტესისა და ქრისტეფორე კოლუმბის ნეშტს მიაგნეს, დიეგო ველასკესთან დაკავშირებით კი კითხვები ისევ პასუხგაუცემელია.

დიეგო ველასკესი სამეფო ოჯახის, სახელმწიფო მოხელეებისა და გამოჩენილი ევროპელების პორტრეტებს ქმნიდა. განსაკუთრებით კი შედევრი - "ლას მენინას" იწვევდა აღტაცებას, მას ესპანელები მსოფლიოში ერთადერთ სრულყოფილ შედევრად მიიჩნევენ.

ველასკესის კარიერა ხანგრძლივი არ აღმოჩნდა. 1660 წელს მან მარია-ტერესიასა და მეფე ლუი XIV-ის ქორწილის ცერემონიალისთვის კუნძულ ლოს ფაისანესზე ("ხოხბების კუნძული") ესპანეთის პავილიონის დეკორაცია მოხატა, მადრიდში დაბრუნებულს კი ციებ-ცხელება შეეყარა და მალევე გარდაიცვალა. ცნობილია, რომ ველასკესი მადრიდში, სან ხუან ბაუტისტას ეკლესიის აკლდამაში დაკრძალეს. 1811 წელს საფრანგეთის ჯარმა ეკლესია და მისი შემოგარენი დაანგრია, ველასკესის ნეშტთან ერთად, ეკლესიაში დაკრძალული სხვა გამოჩენილი ესპანელების საფლავებიც დაიკარგა. დღეს ამ ტერიტორიაზე პლაზა დე რამალესის მოედანია და ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ადგილად მიიჩნევა.

2015 წელს ესპანელებმა კიდევ ერთხელ სცადეს ველასკესის ნეშტის მოძებნა და მხატვრის 400 წლის იუბილეს ამ ფორმით აღნიშვნა - დაიგეგმა მასშტაბური კვლევითი სამუშაოები, მათ შორის, პლაზა დე რამალეს მოედანზე, სადაც დიდი ალბათობით მხატვრის ძვლები უნდა ყოფილიყო განსვენებული, თუმცა ეს მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა. სამაგიეროდ, ესპანელები განსაკუთრებულად უფრთხილდებიან ველასკესის ნამუშევრებს, რომლებიც მადრიდის პრადოს მუზეუმშია გამოფენილი და წელიწადში ათეულობით მილიონი ადამიანი ათვალიერებს. ველასკესის ნამუშევრების გარდა მადრიდის პრადოს მუზეუმში XIV- XVI საუკუნეების ევროპული ხელოვნების საუკეთესო კოლექცია, მათ შორის, ელ გრეკოს, გოიას, მურილიოს, რიბერას, სურბარანისა და სხვა ცნობილ მხატვართა ნამუშევრები ინახება. ამასთან, მუზეუმს 5000-მდე მონახაზის, 2000-მდე ანაბეჭდის და 1000-მდე მედლისა და მონეტის მნიშვნელოვანი კოლექცია აქვს. შესანიშნავი ფერწერული გალერეა, რომელიც 8600 ნახატისაგან შედგება, მუზეუმს მსოფლიო კლასის სტატუსს ანიჭებს.

მადრიდის პრადოს ხელოვნების გალერეის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას "პალიტრა L"-ის უნიკალური სერიიდან - "მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმები" შეიტყობთ. ეს იტალიური გამომცემლობა "სკალასა" და ცნობილი ხელოვნებათმცოდნის, ფილიპ დავერიოს ერთობლივი პროექტის ანალოგია, რომელიც "პალიტრა L"-მა საუკეთესო ხელოვნებათმცოდნეებთან ერთად თარგმნა.

მკითხველს უკვე ჰქონდა შესაძლებლობა, გასცნობოდა ლუვრის მუზეუმს, უფიცის გალერეას, ახლა კი "კვირის პალიტრასთან" ერთად თქვენ შეძლებთ შეიძინოთ სერიის მესამე ტომი, რომელიც მადრიდის პრადოს ხელოვნების გალერეას გაგაცნობთ.

დათო ტურაშვილი, მწერალი: - პირადად ჩემთვის, მთელი მადრიდი მუზეუმია. დადიხარ ქუჩებში და ხვდები, რამდენად დიდ კულტურასა თუ ისტორიას ინახავს ქალაქი. რთულია გადმოსცე, რას გრძნობ, როდესაც"მადრიდის პრადოს მუზეუმს ათვალიერებ - ის მსოფლიოს ერთ-ერთი უპირველესი მუზეუმთაგანია, სადაც მსოფლიოს უდიდეს მხატვართა გვერდით გამოფენილია დიდი ესპანელი მხატვრების ნამუშევრები. თუმცა მადრიდის პრადოს მუზეუმის დიდებულ სვეტებიან და ფრონტონებიან შესასვლელთან მნახველს მხოლოდ ერთი ესპანელი მხატვრის ქანდაკება ეგებება - ედუარდ მანეს ხატოვანი თქმით, ეს გახლავთ,"მხატვართა მხატვარი დიეგო ველასკესი - უდიდესი ესპანელი რეალისტი. მიხარია, რომ ქართველ მკითხველს შესაძლებლობა ექნება მადრიდის პრადოს მუზეუმს გაეცნოს, შეიტყოს როგორ აგროვებდნენ კაცობრიობისთვის უძვირფასეს კოლექციას ესპანელები და როგორ უფრთხილდებოდნენ ამ მონაპოვარს. ვფიქრობ, ბევრს გაუჩნდება სურვილი მადრიდს ესტუმროს პირველ რიგში, პრადოს მუზეუმის დასათვალიერებლად და ვისაც ამის შესაძლებლობა არ აქვს, მიიღოს გაანალიზებული და შესწავლილი ინფორმაცია უდიდესი ესპანელი მხატვრების შესახებ.

რუსუდან შელია