დიალოგი XXI საუკუნესთან (R) - კვირის პალიტრა

დიალოგი XXI საუკუნესთან (R)

კაცობრიობის განვითარებამ განაპირობა რევოლუციური გარდაქმნები, როდესაც დიდ მნიშვნელობას იძენს უკვე პრობლემა: ინდივიდი და საზოგადოება. ხდება ძირითად ღირებულებათა გადაფასება, შემოდის ბევრი რამ ახალი, ბევრი კი სამუდამოდ ბარდება წარსულს. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: რა უნდა გადავაგდოთ და რისი დატოვებაა აუცილებელი? იწყება ადამიანის ახალი დიალოგი სამყაროსთან და აშკარაა, რომ ადამიანის სოციალური სტატუსის დასადგენად საკმარისი არ არის მხოლოდ ყვირილი „უმცირესობების უფლებებზე“ და „ლიბერალურ ღირებულებებზე“. საჭიროა კიდევ რაღაც სხვა, რაც შეაძლებინებს თითოეულს გაარკვიოს თავისი უფლებები და მოვალეობები და გამოიმუშაოს ცხოვრებაში ადეკვატური არსებობის და მოქმედების უნარი.

ლიბერალურმა რადიკალიზმმა მოსახლეობის დიდი ნაწილი დაუცველი დატოვა; ქვეყანაში არასწორად არის განაწილებული სახელმწიფო ბიუჯეტი, გამეფებულია უსამართლობა და უკანონობა, სახელმწიფო პროექტები ხორციელდება უპასუხისმგებლოდ, უხარისხოდ და კორუფციული გარიგებებით; ხალხის ქონება კი, რომელიც რაციონალური პოლიტიკური მართვის პირობებში საშუალებას მისცემდა ყველას ეცხოვრა ნორმალურად, იფლანგება და თვითნებურად განიკარგება მთავრობის მიერ. გვინდა კი ასეთი ხელისუფლება, რომელიც ვერ უვლის ქვეყანაში ეკონომიკას, განათლებას და მეცნიერებას, ჩავარდნილი აქვს მრეწველობა, მცირე და საშუალო ბიზნესი და ვერ ანვითარებს სოფელს? ილია წერდა: „საქართველო მოკვდება მაშინ, როდესაც მოკვდება ქართველი გლეხიო“. დღეს კი რა დღეშია ეს გლეხი, რა მდგომარეობაშია სოფელი?

მოსახლეობას არ გააჩნია მყიდველობითი უნარი, გლეხი კი, რომელსაც ძალიან ძვირი უჯდება ნატურალური პროდუქტების წარმოება, იძულებულია აღარ გამოიტანოს ნატურალური პროდუქტი ჩვენს ბაზარზე. ყველაფერი, რაც ხარისხიანია, გადის გარეთ, იქ, სადაც მყიდველობითი უნარი უფრო მაღალია და გლეხმა ფასიც შეიძლება დაადოს მეტი. ჩვენთან კი შემოდის იაფი და უხარისხო პროდუქტი. ამიტომაც არის, რომ უკვე დიდი ხანია ვიკვებებით ფალსიფიცირებული პროდუქტებით და ადრე თუ გვიან სოიოზე და პალმის ზეთზე დამზადებული რძის ნაწარმის მოხმარების შედეგები აუცილებლად აისახება ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. ამ მაგალითზეც კარგად ჩანს უკვე ის, რომ, თუ არ დაიძლია ქვეყანაში სიღარიბე და არ გაიზარდა მოსახლეობის მყიდველობითი უნარი, მაშინ სრულიად უაზრო და წამგებიანი იქნება ნებისმიერი სახის წარმოება. როდესაც ქართველი გლეხი დადგა ამ სერიოზული პრობლემის წინაშე, მან ყოველგვარი კვლევისა და ანალიზის გარეშე, როგორც შეძლო, ისე იპოვა გამოსავალი ამ მდგომარეობიდან: დაიწყო იაფი, ფალსიფიცირებული პროდუქტის წარმოება და მისი გასაღება ჩვენს ბაზარზე.

უდავოა, რომ შექმნილი მდგომარეობა ითხოვს სპეციალურ შესწავლას. ამ დროს ჩვენს ქვეყანას გააჩნია შესანიშნავი ინტელექტუალური პოტენციალი და თითქმის ყველა სფეროში ყავს უნიკალური შემოქმედებითი უნარის მქონე კადრები, მაგრამ მათ არავინ არაფერს ეკითხება.ღვაწლმოსილი მეცნიერები სხედან სახლებში და პრინციპულად არიან მოწყვეტილები ყოველგვარ საქმეს. მთავრობას კი აშკარად უჭირს რეალურად არსებული ვითარების შეფასება და ანალიზი და ვერ ახერხებს კრიზისული მდგომარეობიდან ქვეყნის გამოყვანის კონსტრუქციული პროგრამის შემუშავებას; სამაგიეროდ ხელისუფლება დაკავებულია საკუთარი ოჯახების კეთილდღეობაზე ზრუნვით, რიგდება უაზრო და დაუმსახურებელი პრემიები და დანამატები, იფლანგება სახელმწიფო ბიუჯეტი, იზრდება მდიდრების რიცხვი და კიდევ მეტად ღარიბდება მოსახლეობა.

როგორც ჩანს, ისინი, რომლებმაც თავის თავზე დაიბრალეს პოლიტიკოსობა, ცხოვრობენ სრულიად სხვა სამყაროში, დაკარგული აქვთ რეალობის გრძნობა და ვერ ხედავენ იმას, რომ ქვეყანა იღუპება და კარგავს სუვერენიტეტს. მათგან უფრო მეტად „განათლებულებმა“ და „ელიტარულებმა“ გადაწყვიტეს ისიც. რომ ჭკუა ასწავლონ ყველა დანარჩენს და არაფრად აგდებენ იმას, რომ ვიღაც „გაუნათლებელს“ და „ჩამორჩენილს“ არ სურს, მაგალითად, ორი დედით ან ორი მამით შექმნილი ოჯახი, არც ის, რომ საქართველოში ფული შემოდიოდეს ნარკობიზნესით, ან რომ დღეს, როდესაც მთლიანად მოშლილია აღმზრდელობითი სისტემა, გავაბრუოთ კიდევ ჩვენი ახალგაზრდობა რაიმე ტიპის, მძიმე იქნება თუ მსუბუქი, ნარკოტიკით და ამით მიზანდასახულად მოუსპოთ ყოველგვარი შესაძლებლობა თავისით მაინც გადაირჩინონ თავი და იპოვონ სწორი გზა ცხოვრებაში. სხვადასხვაგვარია ასევე აზრი ქვეყანაში უსაფრთხოების და წესრიგის დაცვაზე სახელმწიფო კონტროლის შესახებაც. ბევრი თვლის, მაგალითად, რომ უმჯობესია „მოგვაყენონ შეურაცხყოფა“ და გაგვჩხრიკონ იმდენჯერ, რამდენჯერაც სახელმწიფო ამას საჭიროდ ჩათვლის, ვიდრე ვუყუროთ ჩვენს ქუჩებში უღმერთოდ და უსამართლოდ დახოცილ ახალგაზრდებს, განადგურებულ მშობლებს და გაუბედურებულ საზოგადოებას, რომელსაც უაზროდ ეცლება ხელიდან მომავალი თაობა. ერთნაირად უბედურია ამ დროს ყველა: მოკლულიც, მკვლელიც, მშობელიც და ყველა ისიც, ვინც ხედავს და განიცდის ამას და თანაც არაფრით არ არის დაცული იმისაგან, რომ ეს ხვალ ისევ არ მოხდება და არ გამეორდება. ყველა ნორმალურ ყვეყანაში მთავრობას აქვს, კანონიერების ფარგლებში, ძალის გამოყენების ლეგიტიმური უფლება, ჩვენმა მთავრობამაც გამოიყენოს ეს და დაგვიცვას!

ხალხი დაიღალა ქაოსით, მას მოენატრა კანონი და კანონიერება, სურს წესრიგი ეკონომიკაში, უნდა რომ დაცული იყოს ეროვნული ინტერესები, ქვეყნის სუვერენიტეტი და უარი ეთქვას ძალადობას. ხალხს აღიზიანებს სოციალური უსამართლობა, კორუფცია, ნეპოტიზმი და პროფესიონალების პრინციპულად აბუჩად აგდება. ნორმალური ადამიანი ვერ ეგუება მოძალადე და აგრესიულ ეთიკას: „ფული მაქვს, ე.ი. ყველაფრის უფლება გამაჩნია“.

ყველა ქვეყანაში მაგალითად, გზები და კაპიტალური რემონტები კეთდება ხალხის სიკეთისათვის, ჩვენთან კი თითქოს მარტო იმიტომ, რომ მოიპარონ და დაიტაცონ სახელმწიფო ქონება. არადა ქურდობა ხომ არასოდეს ყოფილა ქართველი კაცის ძირითადი მახასიათებელი ნიშანი. ამიტომაც არის აუცილებელი დამოუკიდებელი სასამართლო და ისეთი სახელმწიფოებრივი სისტემა, სადაც შეუძლებელი იქნება სახალხო ქონების მოპარვა და მითვისება. ხალხის მტერია ყველა, ვინც საზოგადოებრივ ქონებას იტაცებს, ვინც ამკვიდრებს არასწორ სახელმწიფოებრივ მმართველობას, ხელს უწყობს კორუფციას და ნეპოტიზმს, დევნის სამუშაო ადგილებიდან პროფესიონალებს, ყველა, ვინც მშვიდად არის მაშინ, როდესაც მოსახლეობა გაღატაკებულია და სანაგვე ურნებში ეძებს საკვებს, როდესაც პატიოსანი შრომის 55 წლის სტაჟის მქონე პროფესიონალი მასხრად არის აგდებული უმსგავსო საპენსიო კანონით და როდესაც ჩვენი კულტურის მთავარი ნაწილი გახდა ძალადობა.

ყველაზე დიდი და აბსოლუტური უსამართლობა იყო ჩვენს ცხოვრებაში პრივატიზაცია, რამაც საზოგადოება დაყო მილიონერებად და ღარიბებად და გააჩინა მოსახლეობის ისეთი ახალი, უკანონოდ გამდიდრებული ნაწილი, რომელსაც ხშირად არც განათლება გააჩნია, არც კულტურა და არც იმის უნარი, რომ გაიგონ, თუ რა გზით აღმოჩნდნენ პრივილეგირებულები. პრივატიზაციამ დაანგრია ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, გაანადგურა მისი საფუძვლები.

და აი, დღეს ქვეყანა დგას აშკარა სოციალური აფეთქების წინაშე; მთავარ უბედურებად იქცა მასიური სიღატაკე, ისპობა ხალხის სულიერი და შემოქმედებითი პოტენცვიალი, უფრო და უფრო იკარგება მთავრობისადმი რწმენა. ხალხს ვერ გაუგია, რატომ მოხდა, რომ XXI საუკუნეში აღარა აქვს ყველას განათლების მიღების უფლება, აწუხებს კომუნალური გადასახადების გაზრდილი ტარიფები, მაღალი და მოუწესრიგებელი ფასები წამლებზე, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე... ბევრი ფიქრობს, ხომ არ იქნებოდა კარგი, რომ ისევ სახელმწიფოს, რაღაც ახალი მეთოდებით, დაერეგულირებინა ეს სფერო და დაეწესებინა მასზე კონტროლი? ასევე კარგი იყოს იქნებ სახელმწიფო კონტროლის დაწესება საბანკო სისტემაზეც და დასავლეთზე ჩვენი საფინანსო დამოკიდებულების საკითხის სერიოზული გადახედვა, რათა უფრო პრაგმატულად გამოიყენოს მოსახლეობამ საკრედიტო სისტემა, არ დაიტანჯოს ბანკებთან დადებული სახიფათო, ბუნდოვანი კონტრაქტებით და არ გაებას იმ იპოთეკურ ხაფანგში, სადაც ძალიან ძნელია უკვე გაარკვიოს კაცმა, თუ ვინ არის მტყუანი და ვინ მართალი?

ხალხს უჭირს, ნამდვილად, გაიგოს ის, თუ რატომ ისჯება ქვეყანაში წვრილმანი ქურდი უფრო მეტად, ვიდრე კორუმპირებული მინისტრი, რომელიც, როგორც წესი, ყოველთვის დაუსჯელი რჩება და გადაყავთ მხოლოდ სხვა თანამდებობაზე, იგივე ან უფრო მეტი ხელფასით. ხალხი მშვენივრად ხედავს, თუ სად არის დაცული და სად ირღვევა კანონი და სურს კანონის უზენაესობა ანუ ის, რომ იურიდიული კანონის ყოველ დარღვევაზე ერთნაირად მოთხოვოს პასუხი ყველას სახელმწიფომ, ზნეობრივი კანონის დარღვევაზე კი - საზოგადოებამ, რათა ქვეყანამ შეინარჩუნოს წონასწორობა, დაცული იყოს სამართალი და ზნეობა და ყველამ იგრძნოს, რომ კანონის დარღვევა და უზნეობა წამგებიანია.

არცერთ ნორმალურ სახელმწიფოში არ უნდა იყოს ხალხი კატასტროფულად ღარიბი, ჩვენთან კი ღარიბია მოსახლეობის უდიდესი ნაწილი და მათ შორის ისიც კი, ვინც მუშაობს. დღეს ხალხი უნდა გაერთიანდეს სიღარიბესთან საბრძოლველად და პროფესიონალებმა უნდა მოახდინონ რეალობის ყველა სფეროს დეტალური ანალიზი, რათა მეცნიერება გახდეს მთავარი ორიენტირი ადამიანისათვის ცხოვრებაში. ჩვენს გასაკეთებელს ჩვენს ქვეყანაში ჩვენზე უკეთესად სხვა არავინ გააკეთებს. ასე რომ, ყველა დარგის წარმომადგენელმა უნდა იფიქროს თავის სფეროში წარმატების მიღწევაზე.

კრიზისია დღეს სახელმწიფოებრივ მმართველობაშიც, სადაც ყოველთვის ერთი კაცი იღებს გადაწყვეტილებას მიმდინარე პროცესების შესახებ, რაც უტყუარი ნიშანია იმისა, რომ არ არსებობს სახელმწიფოებრივი მმართველობა და არ მუშაობს სამთავრობო აპარატი. კადრები წყვეტენ ყველაფერს და ამიტომ არ უნდა შეირჩნენ ისინი იმის მიხედვით, თუ ვინ ვისი შვილია და ვინ ვისი ნათესავი, ან რამდენად მონურად მორჩილია ვინმე უფროსისადმი. კადრები უნდა შეირჩნენ მხოლოდ პროფესიონალიზმით, კომპეტენტურობით და ცხოვრებისეული გამოცდილებით. მთავრობა კი ვალდებულია რაციონალურად და კანონიერად გადაანაწილოს თანხები ცხოვრების ყველა სფეროზე, იზრუნოს მომავალი თაობის განათლებაზე, ჯანმრთელობაზე, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე და ფეხზე დააყენოს სოფელი, ხოლო ის, თუ რომელი პარტიის წარმომადგენელი გააკეთებს ამას, ნამდვილად სულერთია. მთავარია მოხდეს ქვეყნის შიგნით არსებული ურთიერთობების იმგვარად მოწესრიგება, რომ ყველას ქონდეს განათლების, თავისუფალი არჩევანის გაკეთებისა და შრომის უფლება; დაწესდეს აგრეთვე 8 საათიანი სამუშაო დღე, რათა შევინარჩუნოთ ოჯახის ინსტიტუტი და დედამ და მამამ შეძლონ აღზარდონ თავიანთი შვილები პასუხისმგებელ მოქალაქეებად, რადგან მხოლოდ ის ქვეყანა იქნება ძლიერი, ვისაც ძლიერი ახალგაზრდობა ეყოლება.

ადამიანის მიმართება სამყაროსთან მუდმივად იცვლება, რასაც აუცილებლად უნდა სდევდეს თან საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს რაციონალიზაციის პროცესი; მხოლოდ მოვლენების მეცნიერული ხედვა ხდის ადამიანს ორიენტირებულს „პასუხისმგებლობის ეთიკაზე“, უხსნის გზას პროფესიონალიზმს და ამცირებს საზოგადოებაში კორუფციას და ნეპოტიზმს, რაც ყველაზე საშინელი სენია სახელმწიფოებრივი პროგრესის გზაზე. ამიტომაც არის, რომ თანამედროვე საზოგადოების საერთო ტენდენციაა სწრაფვა მიზანრაციონალური მართვისა და ორგანიზაციისაკენ.

აშკარაა, რომ საჭიროა სოციალისტური და საბაზრო პრინციპების ისეთი რაციონალური შერწყმა, როდესაც შეიქმნება თვისებრივად ახალი სოციალური ინფრასტრუქტურა და რაციონალური ანალიზის ბაზაზე შემუშავებული იქნება საზოგადოებრივი ინტერესების დამცველი, დიპლომატიურ მეთოდებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა და საშინაო პოლიტიკა, რომელიც განავითარებს ქვეყნის ეკონომიკას, გაააქტიურებს მცირე და საშუალო ბიზნესს და შეამცირებს განსხვავებას მდიდრებსა და ღარიბებს შორის. ხალხი დაიღალა სხვადასხვა პარტიებს შორის უაზრო კინკლაობით და დავით. და დღეს, როდესაც ყველა პრობლემა ცხოვრებაში უნდა გადაწყვიტონ პროფესიონალებმა, აღარავითარი მნიშვნელობა არა აქვს უკვე იმას, თუ რომელი პარტიის წარმომადგენელი შეუწყობს ხელს პროგრესს, ვინ განავითარებს და ვინ წაწევს წინ ჩვენ ქვეყანას. ცხოვრება გვაყენებს უამარვი პრობლემის წინაშე და ეს პრობლემები უნდა გადაწყვიტონ ყველგან პროფესიონალებმა.

და ბოლოს: მსოფლიოში მიდის ლიბერალიზაციის და გლობალიზაციის ძალზე საინტერესო, რთული და წინააღმდეგობებით სავსე პროცესი, რაც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება და გაიშლება. მაგრამ პარალელურად დაიწყო აგრეთვე სერიოზული ანტიგლობალისტური და ანტილიბერალისტური მოძრაობაც, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია და რაც გვეუბნება იმას, რომ არ უნდა შევებრძოლოთ უაზროდ ჩვენს ტრადიციებს, ძველ კულტურას და უნდა დავაფასოთ და დავიცვათ ეროვნული ღირებულებები. ამგვარი ტენდენციის აშკარა მაგალითია დონალდ ტრამპი, რომელმაც მთავარ პრიორიტეტებად გამოაცხადა მხოლოდ თავისი ქვეყნის ინტერესების დაცვა და თქვა ისიც კი, რომ ლიბერალური რადიკალიზმი სპობს ადამიანს, როგორც ღირებულ არსებას, ანადგურებს მასში ღვთიურ ნაწილს და აღვიძებს ცხოველურ საწყისებს; ლიბერალურ რადიკალიზმზე დამყარებული პოლიტიკა საფრთხეს უქმნის კაცობრიობას, ემუქრება პროგრესს და ჩიხში შეყავს ნებისმიერი ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა. ევროპამ, მაგალითად, დააკნინა თავის თავში ბევრი რამ მშვენიერი, ამაღლებული, წმინდა და ღვთიური და მიიღო შედეგად საზოგადოების ძლიერი დესტაბილიზაცია: მიგრანტები, ნარკობიზნესის ნაკადი, ტერორიზმის ტალღა და ა.შ. დ.ტრამპი არის აშკარა მესიჯი, რომ ასე აღარ შეიძლება გაგრძელდეს! ჩვენც უნდა შევჩერდეთ უფსკრულის პირას ვიდრე დროა! დავინახოთ კარგად გლობალიზაციის და ლიბერალიზაციის პლიუსები და მინუსები და ვიზრუნოთ ისეთად ორგანიზებული ქვეყნის შექმნისათვის, სადაც პირველი პირი ყვალაზე მეტად დაიცავს კანონს და არასოდეს დააყენებს ეჭვის ქვეშ თავის ზნეობას. ხალხი დაინახავს ამას და აღდგება ნდობა მთავრობისადმი.

და კიდევ: ნებისმიერი ქვეყანა იდეოლოგიის გარეშე, რასაც გვიკიჟინებდა და გვიკიჟინებს დღესაც დასავლეთი, მოგვაგონებს გემს, რომელიც ოკეანეში უკომპასოდ გადის. და მართლაც, დღეს, როდესაც უკიდურესად რთულია და წინააღმდეგობრივი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების დინამიკა, ხოლო გლობალიზაციის პროცესი თანდათან უფრო და უფრო ძლიერდება, კარგად გამოჩნდა უკვე, რომ ვერცერთი ქვეყანა, ცალკე აღებული, ვერ იარსებებს იზოლირებულად და ვერ გამოვა დამოუკიდებლად კრიზისიდან. ყველა მათგანს და მათ შორის ჩვენც გვჭირდება ეროვნული ინტერესების ამსახველი, მეცნიერულად კარგად გააზრებული და თეორიულად ზუსტად ჩამოყალიბებული სამოქმედო პროგრამა, რომლის საშინაო და საგარეო პოლიტიკის მთავარი მიზანი იქნება ქვეყნის სახელმწიფოებრივი საფუძვლების რაციონალური დაცვა და გამყარება. XXI საუკუნის მესიჯი ნამდვილად არ არის დავიტაცოთ და დავაგროვოთ რაც შეიძლება მეტი ქონება. ჩვენი მთავარი ამოცანაა დღეს გადავარჩინოთ ქვეყანა კატასტროფისაგან, ვებრძოლოთ სიღარიბეს, კორუფციას და ნეპოტიზმს.

იხილეთ მეტი

გილდა სიხარულიძე