თამარ მეფე - უცნობი დეტალები, ისტორია, რომელიც ძვირფასია - კვირის პალიტრა

თამარ მეფე - უცნობი დეტალები, ისტორია, რომელიც ძვირფასია

"ისტორიულ წყაროებში მითითებულია, რომ თამარის მმართველობისას "ტყუილად კაცი არ დასჯილა". ეს ნიშნავს, რომ მაშინ ადამიანის უფლებები ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას წარმოადგენდა"

"პალიტრა L"-ის მორიგი უნიკალური პროექტი - "ქართველი მეფეები" მკითხველთან შესახვედრად ემზადება. გამომცემლობის ამ ახალი წამოწყებით მკითხველს მიეცემა შესაძლებლობა ყველა ცნობილ ქართველ მეფესა და მათი მმართველობის ეტაპებზე სრული წარმოდგენა შეექმნას. სერიის პირველი ტომი ეძღვნება თამარ მეფის საქართველოს და გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად იანვრიდან სპეციალურ ფასად გაიყიდება. წიგნზე იმუშავა ისტორიკოსმა როინ მეტრეველმა, რომლის დეტალებზეც ის "კვირის პალიტრასთან" საუბრობს:

- "ქართველი მეფეები" ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცემაა, რაც კი საქართველოს ისტორიის შესახებ ოდესმე შექმნილა - პროექტი მოიცავს ფასეულ, ღირებულ და რაც მთავარია, დაზუსტებულ ინფორმაციას არა მხოლოდ კონკრეტულად მეფეების ცხოვრების შესახებ, ჩვენს მრავალსაუკუნოვან ისტორიაზეც, როგორ მოვედით აქამდე, რა სირთულეები თუ წარმატებები გამოვიარეთ. ბუნებრივია, საქართველოს ისტორიის კვლევა, ძირითადად, მეფეების საქმიანობის ანალიზზეა დაფუძნებული. უძველესი დროიდან ქვეყნის მართვის ბერკეტი და პოლიტიკური ბედიც სწორედ მეფეების ხელში იყო. ისინი განაგებდნენ ქვეყანას და განსაზღვრავდნენ როგორც მის კულტურულ განვითარებას, ისე ერთიანობას თუ სამხედრო სიძლიერეს.

ისტორიულ წყაროებში ქართლის სამეფო პირველად ჩვენს წელთ აღრიცხვამდე მე-4 საუკუნეებში ჩნდება, რომლის სათავეშიც მეფე ფარნავაზი გვევლინება. ეგრისის მმართველ ქუჯთან ერთად პირველად სწორედ ფარნავაზი აერთიანებს საქართველოს. მთავარი დეტალი: როდესაც ფარნავაზი მატერიალურად გაძლიერდა, მას ქუჯი ესტუმრა და უთხრა: შენ დიდი ქონება გაქვს, ამიტომ ის ქვეყნისთვის გამოვიყენოთ და მტრებსაც ერთობლივი ძალით შევებრძოლოთ, შენ იქნები უფალი და მე შენი მონაო. მსგავსი პრეცედენტი არა მხოლოდ საქართველოს, მსოფლიო ისტორიაშიც კი იშვიათია. ორი მმართველის სახელმწიფოებრივმა აზროვნებამ კი ქართლის სამეფო ერთ-ერთ ძლიერ და ანგარიშგასაწევ სახელმწიფოდ აქცია მაშინდელ მსოფლიოში. ქართლის სამეფოს სიძლიერე უძველესი დროიდან იმითაც დასტურდება, რომ ფარნავაზის მეფობის დასრულების შემდეგაც, ფარსმან ქველის მმართველობის პერიოდში, უცხოურ წყაროებში ხაზგასმითაა ნახსენები, თუ რამდენად განვითარებული იყო მაშინდელი საქართველო, მეტიც, ფარსმან ქველს რომში ძეგლიც კი დაუდგეს, რაც უდიდესი აღიარების მანიშნებელია. მან ქვეყანა გააერთიანა, მისი საზღვრები გააფართოვა და მუდმივად ორიენტირებული იყო წინსვლაზე. ქვეყნის სიძლიერემ პიკს მიაღწია დავით აღმაშენებლის მმართველობისას, რომელსაც უამრავი ქართველი თუ უცხოელი ისტორიკოსი ღირსეული ქართველი მეფეების მწვერვალად მოიხსენიებს. მან ქვეყანა არა მხოლოდ გააერთიანა, საზღვრები გააფართოვა და უამრავი საბრძოლო წარმატების მიუხედავად, მუდმივად ორიენტირებული იყო წინსვლაზე. მის სახელთანაა დაკავშირებული კულტურის აღორძინებაც, მისი ბრძანებით დაფუძნდა გელათის აკადემია, ანუ 1106 წელს საქართველოში პირველი უნივერსიტეტი გაიხსნა, რომელსაც მაშინ ახალ იერუსალიმად და მეორე ათენად მოიხსენიებდნენ.

- დავით აღმაშენებლის ღირსეულ მემკვიდრედ ითვლება მეფე თამარი. რა საინტერესო ფაქტები ელოდება მკითხველს?

- თამარი დავით აღმაშენებლის მართლაც ღირსეული მემკვიდრე გახლდათ. უამრავი ბრძოლისა თუ შიდა დაპირისპირების შემდეგ, თამარ მეფემ ქვეყანაში სიმშვიდე შემოიტანა. ისტორიულ წყაროებში მითითებულია, რომ მისი მმართველობისას "ტყუილად კაცი არ დასჯილა". ეს ნიშნავს, რომ მაშინ ადამიანის უფლებები ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას წარმოადგენდა. თამარ მეფის სახელთანაა დაკავშირებული უამრავი კულტურული ინიციატივაც, მაღალ დონეზე იყო განვითარებული მეცნიერებაც. სწორედ თამარს მიუძღვნა შოთა რუსთაველმა "ვეფხისტყაოსანი", რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ გენიალურ ნაწარმოებად არის აღიარებული. ხალხს იმდენად უყვარდა თამარი, რომ შვილებს მის სახელს არქმევდა. ისტორიულ წყაროებში ასევე ვკითხულობთ, რომ თამარ მეფე იმდენად კეთილშობილი პიროვნება გახლდათ, მისი ყმობაც კი სანატრელი ყოფილა. ის ძლიერი მმართველიც გახლდათ - გარდა იმისა, რომ ქვეყანა ეკონომიკურად თუ სამხედრო თვალსაზრისით უფრო გააძლიერა, აქტიურად ერთვებოდა საგარეო პოლიტიკაშიც - მისი მონაწილეობით შავი ზღვის სანაპიროზე შეიქმნა ტრაპიზონის სამეფო, სადაც მან ახლო ნათესავები გაამეფა. თუმცა იყო სირთულეებიც, მათ შორის, მის პირად ცხოვრებაშიც. ფეოდალების ბრძოლისა და ძალისხმევის შედეგად, მეფე თამარი გიორგი რუსს, დიდი რუსი მთავრის, ანდრია ბოგოლიუბსკის შვილს შერთეს. ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში მან არაერთი უღირსი თვისება გამოავლინა და მისი მხარდამჭერი ფეოდალებიც კი იძულებულნი შეიქნენ, ის ქვეყნიდან გაეძევებინათ. ბუნებრივია, გიორგი რუსმა ეს გააპროტესტა, თუმცა თამარმა ამ შემთხვევაშიც გაიმარჯვა. მოგვიანებით, მეფე თამარმა დიდუბის სასახლეში დავით ბაგრატიონ-სოსლანთან იქორწინა. ბაგრატიონი შემთხვევით არ მიხსენებია - დავითი გახლდათ ოსეთში დამკვიდრებული ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელი. უამრავი საინტერესო მასალა არსებობს თამარზე, რომელიც შესაძლოა ბევრისთვის ჯერ კიდევ უცნობია - ყველა დეტალი კი წიგნში ვრცლადაა აღწერილი. ამასთან, წიგნში უხვად არის საინტერესო ილუსტრაციები.

ვფიქრობ, საზოგადოება მეცნიერულ დონეზე ნამუშევარ, მაგრამ პოპულარული ენით დაწერილ წიგნს მიიღებს.

რუსუდან შელია