მეფე თამარი - განსხვავებული რაკურსით დანახული ფაქტები - კვირის პალიტრა

მეფე თამარი - განსხვავებული რაკურსით დანახული ფაქტები

უფრო ვრცელ ინფორმაციას საქართველოს მაშინდელ საზღვრებსა და სხვა ისტორიულ ფაქტებზე სერიის პირველ ტომში გაეცნობით, რომელიც ისტორიკოსმა როინ მეტრეველმა დაწერა. თამარ მეფის შემდეგ კი პროექტ "ქართველი მეფეების" ფარგლებში მეორე ტომი ბაგრატ მესამის დროინდელ საქარ თველოს მიეძღვნება. შეგახსენებთ, წიგნის სპეციალური ფასი 5.50 ლარია, გაზეთთან ერთად კი 7 ლარად გაიყიდება

"კვირის პალიტრის" მკითხველისთვის უკვე ცნობილია, რომ შემდეგი კვირიდან "პალიტრა L"-ის მორიგი უნიკალური პროექტის - "ქართველი მეფეების" გაცნობის შესაძლებლობა ექნება, რომლის ფარგლებშიც, 28 ქართველ მეფეზე აქამდე უცნობ ან ცნობილ, მაგრამ განსხვავებული რაკურსით დანახულ ფაქტებს შეიტყობს. გთავაზობთ ამონარიდს ქართველი მეფეების პირველი ტომიდან, რომელიც თამარ მეფეზეა:

1188 წელს გელათისადმი გაცემულ შეწირულების სიგელში მეფე თამარი ასე წარმოგვიდგება: "ქ. სახელითა ღმრთისაითა მე, თამარ ბაგრატუნიანმან, ნებითა ღმრთისაითა აფხაზთა და ქართველთა, რანთა და კახთა და სომეხთა მეფემან და დედოფალმან შარვანშა და შაჰანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თუით მფლობელმან ვინებე..." სრულიად საქართველოს მეფის - თამარის ტიტულატურაში რეალურად აისახა XII საუკუნის მიწურულისა და XIII საუკუნის დასაწყისის საქართველოს პოლიტიკური სიძლიერე და გეოგრაფიული სიდიდე. ამ დროს საქართველო ვრცელი და მრავალეროვნული სახელმწიფოა, რომელშიც საკუთრივ ქართველი მოსახლეობაც მრავალი იყო.

ნიშანდობლივია, რომ საქართველოს სახელმწიფო, სამეფო კარი დაპყრობილი თუ შემოერთებული ქვეყნების მიმართ ცალხაზოვან პოლიტიკას არ ატარებდა. აქ მრავალი პოლიტიკური ფაქტორი მოქმედებდა, დიდი ადგილი ეკავა დიპლომატიასაც. მეფე თამარის შორსმჭვრეტელური პოლიტიკის წყალობით, საქართველოს სახელმწიფო ზოგ ქვეყანას უშუალოდ იერთებდა - სამეფოდ იჭერდა. ეს უპირატესად იმ შემთხვევაში ხდებოდა, როცა დაპყრობილ ან შემოსაერთებელ ქვეყანაში ქრისტიანული მოსახლეობა ჭარბობდა. ამ ქვეყანაში მმართველობის ისეთივე სისტემა მყარდებოდა, როგორიც თვით საქართველოს სახელმწიფოში იყო. ის ქვეყნები, რომელთა მოსახლეობა არაქრისტიანი, უპირატესად, მუსლიმანური სარწმუნოების მიმდევარი იყო, საქართველოს სახელმწიფოსთან სხვა დამოკიდებულებაში იყვნენ. სამეფო კარი არჩევდა, რომ ასეთი ტიპის დამოკიდებული ქვეყნები "ყმადნაფიცობის" პირობით ყოფილიყვნენ სახელმწიფოსთან, ე.ი. საქართველოს მეფესთან ვასალური დამოკიდებულება ჰქონოდათ. ამასთან, ეს ქვეყნები გარკვეული ოდენობის ხარკს უხდიდნენ საქართველოს... XIII საუკუნის საქართველოს მოხარკე და ყმადნაფიცი ქვეყნები მეტი ჰყავდა, ვიდრე სამეფოდ დაჭერილი, შემოერთებული მიწები.

ქვეყნების სამეფოდ დაჭერა, ე.ი. მიწების უშუალოდ საქართველოს საზღვრებში მოქცევა-შემოყვანა ინტენსიურად დავით IV აღმაშენებლის დროს დაიწყო XII საუკუნის პირველ მეოთხედში და შემდგომ ხანაში კიდევ უფრო გაფართოვდა. XIII საუკუნის დასაწყისისათვის "სამეფოდ დაჭერილ" მიწათა რიგში იყო შირვანის დასავლეთი ნაწილი და ჩრდილოეთი სომხეთი. როგორი იყო სასაზღვრო ხაზი, რომელიც საქართველოსა და მასზე უშუალოდ შემოერთებულ არაქართულ ტერიტორიებსა და ყმადნაფიც ან მოხარკე ქვეყნებს შორის გადიოდა? ფართო, ვრცელი იყო თამარის დროის საქართველო. საქართველოს სახელმწიფოს აღმოსავლეთის საზღვარი, ჟამთააღმწერლის მიხედვით, ჩაღან-უსუნზე ანუ თეთრ წყლებზე გადიოდა. თეთრი წყლის აღმოსავლეთით საქართველოს ყმადნაფიცი შირვანი მდებარეობდა.

არსებობს ჟამთააღმწერლის სხვა ცნობა, რომელიც კიდევ უფრო აზუსტებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარს - აღმოსავლეთით ეს საზღვარი გადიოდა თეთრ წყალსა და შამახიის მთის ძირას. საკუთრივ საქართველოს ეთნიკური საზღვარი კი, როგორც ივ. ჯავახიშვილი მიიჩნევს, უფრო დასავლეთით - გიშის წყალზე გადიოდა. ადგილს, რომელიც საქართველოს სახელმწიფო და ეთნიკურ საზღვრებს შუა იყო, ყაბალა ერქვა. დასავლეთის საზღვარი "ყოველი იმერი სამეფო" იყო, ე. ი. მთელი დასავლეთი საქართველო სრულიად საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში შედიოდა. ასე რომ, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი დასავლეთით შავ ზღვამდე აღწევდა... ჩვენს ისტორიოგრაფიაში გარკვეულია, თუ რა ტერიტორიას მოიცავდა "ყოველი სომხითი" და შანშეს საგამგეო მამული, რომელსაც ავაგის მამულიც შეუერთდა. ესაა გარდაბანი, ე.ი. ტერიტორია, რომელიც ქურდვაჭრის ხევსა და მდინარე აღსტევს შორის მდებარეობდა. ვარამ გაგელის სამფლობელო იყო გაგი ვიდრე განძამდის" (განძა-რანის ქვეყანა) და "შამქორი და მისი მიმდგომნი ქვეყანანი. ამგვარად, შამქორის მიმდგომი ქვეყანა საქართველოს სახელმწიფოს აღმოსავლეთით მდებარე საზღვრისპირა მხარე ყოფილა. ამ მხარეში ნაგულისხმევია გელაქუნის ტბასა და მდინარე მტკვარს შორის მოქცეული ტერიტორია. XIII საუკუნის ათიანი წლების საქართველოს ჩრდილოეთი საზღვარი გადიოდა კავკასიონის მთავარი ქედის გასწვრივ, ჩრდილო-დასავლეთით კი - შამახიის მთის ძირას. კავკასიონის მიღმა მდებარეობდა საქართველოს ყმადნაფიცი ქვეყნები: ქაშმაგეთი, ოვსეთი, დურძუკეთი, დიდოეთი, ღუნძეთი, ლეკეთი, დარუბანდი. საქართველოს ყმადნაფიცები იყვნენ, აგრეთვე, აღმოსავლეთი შირვანი და რანი. საქართველოს ხარკს უხდიდნენ: ხლათის სასულთნო, ერზინკის სასულთნო, კარნუ-ქალაქის საამირო, ნახჭევანის საამირო (ქართული ნარატიული ძეგლების გარდა, ამას ადასტურებს იბნ ალ-ასირიც). რაც შეეხება ტრაპიზონის სამეფოს, ეს იყო თამარის მიერ შექმნილი საქართველოს სახელმწიფოს გავლენის სფეროში მყოფი იმპერია.

რუსუდან შელია