"მეგზური სიკეთის სამყაროში" - ახალი საჩუქარი მკითხველს! - კვირის პალიტრა

"მეგზური სიკეთის სამყაროში" - ახალი საჩუქარი მკითხველს!

სერია "მეგზური სიკეთის სამყაროში" ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება, მეტიც, ჟურნალ "კარიბჭესთან" ერთად მას აქციის ფასში შეიძენთ. წიგნი ჟურნალთან ერთად სპეციალურ ფასად, 5 ლარად გაიყიდება

25 იანვარს წიგნების სერია "თვენის" ბოლო 36-ე ტომი გამოვიდა. - უნიკალური 36-ტომიანი სერია საქართველოში პირველი სრულყოფილი გამოცემა გახლდათ, რომელიც ყველა წმინდანის საერო და სასულიერო მოღვაწეობას ამომწურავად გვაცნობდა. ამჯერად ჟურნალი "კარიბჭე" ემზადება წიგნების ახალი სერიის გამოსაცემად, რომელიც ბავშვებსა და მშობლებს დაწყებით ინფორმაციას მიაწვდის ქრისტიანობასა და ქრისტიანულ ღირებულებებზე. ახალი სერიის დეტალებზე პროექტის ავტორსა და ხელმძღვანელს, "კარიბჭის" მთავარ რედაქტორს თამარ მამაცაშვილს ვესაუბრეთ:

- თებერვლიდან ჟურნალ "კარიბჭესთან" ერთად გამოვა წიგნების ახალი სერია -"მეგზური სიკეთის სამყაროში", რომელიც ერთგვარი ბიბლიოთეკა იქნება მოზარდებისთვის. ჩვენი მიზანია ბავშვებსა და მშობლებს დავეხმაროთ ქრისტიანული ღირებულებების გააზრებასა და ქრისტიანობაზე დაწყებითი ინფორმაციის მიწოდებაში, თუმცა სერია არ იქნება მხოლოდ რელიგიური შინაარსის, ის სხვადასხვა მიმართულების ლიტერატურასა და ისტორიას გააერთიანებს, მთავარი სათქმელი კი, როგორც უკვე აღვნიშნე, რა თქმა უნდა, ქრისტიანული ღირებულებების მოზარდებამდე მიტანა იქნება.

- რატომ გადაწყვიტეთ მოზარდებისთვის მიგეძღვნათ ახალი სერია?

- სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში თითქმის ყოველდღიურად გვესმის მოზარდების მონაწილეობით ჩადენილი მსუბუქი თუ მძიმე დანაშაულების შესახებ. აგრესიამ იმდენად იმატა, რომ თანატოლები ერთმანეთს სასიკვდილოდ იმეტებენ - 51-ე საჯარო სკოლაში დატრიალებულმა ტრაგედიამ შეძრა მთელი საქართველო! გარდა ამისა, არაერთი ინფორმაცია გავრცელდა სკოლის მოსწავლეებს შორის მწვავე კონფლიქტსა და ერთმანეთის დაჭრის ფაქტების შესახებ. ამ სამწუხარო მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა, ვინ არის პასუხისმგებელი მოზარდებში გაზრდილ აგრესიაზე, როგორ ცხოვრებას ირჩევენ ისინი, ან ჩვენ რას ვასწავლით და რას ვაკეთებთ მათი სწორი აღზრდისთვის.

მოგეხსენებათ, საპატრიარქო განათლების სამინისტროსთან ერთად აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. ასევე,

ცნობილი გახდა, რომ სკოლებში აღდგება რელიგიის ისტორიის სწავლებაც. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ამ საქმეში ჩვენი მცირე წვლილი შეგვეტანა და ახალი პროექტი მთლიანად მოზარდებისთვის მიგვეძღვნა. სერია 15-ტომიანი იქნება და, ვფიქრობ, ის კარგი საჩუქარია როგორც მოზარდებისთვის, ასევე, მშობლებისთვისაც, რომლებსაც შვილების აღსაზრდელად საუკეთესო სახელმძღვანელოების კრებულს ვთავაზობთ.

- აღნიშნეთ, რომ სერია მხოლოდ რელიგიის ისტორიას არ მოიცავს. რა თემატიკას მიეძღვნა პირველი ტომი?

- სერიის პირველ ტომში საბავშვო მოთხრობების კრებულია შესული, სადაც თითოეულ მოთხრობას მცირე განმარტება აქვს დართული იმ ღირებულებებზე, რაზეც გვიამბობს ტექსტი. თითოეული მოთხრობა თუ ამბავი სათუთად არის შერჩეული ბავშვის ბუნების გათვალისწინებით. მოთხრობებზე დართული წიგნის ავტორების კომენტარები პატარებს დაეხმარება სულ სხვაგვარად დაინახონ ის სამყარო, რომელშიც დღეს ამდენ აგრესიასა და ბოროტებას ხედავენ. ვფიქრობ, განმარტებები გამოადგებათ არა მხოლოდ ბავშვებს, მშობლებსაც, რომლებიც შვილებთან ერთად განიხილავენ მოთხრობებში ასახულ მოვლენებს და ერთად იმოგზაურებენ სიკეთის სამყაროში.

სერიის მეორე ტომის სახელწოდება კი ასეთია - "პირველი ნაბიჯი ქრისტიანობაში". სახელწოდებიდან გამომდინარე, წიგნი გაგვაცნობს პირველდაწყებით ცნობებს ქრისტიანობაზე. გარდა საინტერესო ტექსტისა, წიგნში არის კითხვა-პასუხიც რწმენის საკითხებზე, ქრისტიანული მცნებებისა და სიმბოლიკის მარტივი განმარტებები. ეს წიგნი იქნება გზამკვლევი დამწყები ქრისტიანებისათვის.

ერთ-ერთი მომდევნო წიგნის სათაურია "ანგელოზები". იგი გვაწვდის პირველ ცნობებს უხილავ სამყაროზე, ანგელოზთა იერარქიაზე, მფარველ ანგელოზზე, მთავარანგელოზებზე. აქ გველოდება საინტერესო ამბები წმინდა მამების ცხოვრებიდან ანგელოზების შესახებ.

ვამზადებთ კიდევ ერთ წიგნს, რომელიც ეძღვნება ბავშვების ენაზე ბიბლიური შესაქმის, კერძოდ, ცხოველებისა და ფრინველების, აგრეთვე მცენარეების შექმნის ბასილი დიდისეულ განმარტებებს. დაწერილია ბასილი დიდის ჰომილიების მიხედვით.

- რამდენად ხელმისაწვდომი იქნება ის მკითხველებისთვის?

- ჩვენი თითოეული პროექტი იმით გამოირჩევა, რომ დაბალი შემოსავლის მქონე მკითხველსაც კი მისი შეძენის შესაძლებლობა ჰქონდეს. სერია "მეგზური სიკეთის სამყაროში" ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება, მეტიც, ჟურნალ "კარიბჭესთან" ერთად მას აქციის ფასში შეიძენთ. წიგნი ჟურნალთან ერთად სპეციალურ ფასად, 5 ლარად გაიყიდება.

რუსუდან შელია