"ქართველი მეფეების" მეორე ტომი ბაგრატ მესამის მეფობას მიეძღვნება - კვირის პალიტრა

"ქართველი მეფეების" მეორე ტომი ბაგრატ მესამის მეფობას მიეძღვნება

წიგნი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად სპეციალურ ფასად გაიყიდება

გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მორიგ უნიკალურ პროექტს - "ქართველი მეფეები" მკითხველთა დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სერიის პირველი წიგნის - "თამარ მეფის" გამოცემისთანავე ტირაჟი სრულად გაიყიდა და მკითხველის მოთხოვნით, გამომცემლობამ წიგნი მეორედ გამოსცა. ამჯერად"ქართველი მეფეების მეორე ტომი - "ბაგრატ მესამე" ემზადება მკითხველთან შესახვედრად, რომელიც გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის მმართველობის როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკურ ვითარებას, მის პიროვნულ თვისებებსა და იმ მნიშვნელოვან ფაქტებს გაგაცნობთ, რამაც საქართველოს ისტორიაში გარდამტეხი როლი შეასრულა. დეტალებზე "კვირის პალიტრასთან" წიგნის ავტორი და პროექტის მენეჯერი ჯაბა სამუშია საუბრობს:

- ქართველი მეფეების პირველი ტომისადმი მკითხველთა დაინტერესებამ მოლოდინს გადააჭარბა. წიგნის გამოცემის მესამე დღეს ტირაჟი სრულად გაიყიდა და ის ხელმეორედ დავბეჭდეთ, რაც მიანიშნებს, რომ საზოგადოებას საქართველოს ისტორია აინტერესებს და, რაც მთავარია, მკითხველი ჩვენს გამოცემულ წიგნებში მოყვანილ ფაქტებსა და ანალიზს ენდობა. ჩვენი მთავარი მიზანიც სწორედ ეს იყო. წიგნებზე იმუშავეს პროფესიონალმა ისტორიკოსებმა, რომლებიც წლების განმავლობაში სწავლობდნენ სხვადასხვა მეფის მმართველობასა და ეპოქას. ამასთან,

მკითხველს მხოლოდ მშრალ ფაქტებს კი არა, სხვადასხვა ისტორიულ წყაროზე დაყრდნობით ისტორიკოსების ანალიზსაც ვთავაზობთ. ბუნებრივია, მკითხველი ამას გრძნობს და ვფიქრობ, უპრეცედენტო გამოხმაურებაც სწორედ ამით არის განპირობებული.

- სერიის მეორე წიგნი ბაგრატ მესამის მმართველობას მიეძღვნება.

- დიახ, სერიის მეორე ტომი მიეძღვნება ბაგრატ მესამეს, რომლის მმართველობასაც ათ წელიწადზე მეტია, ვსწავლობ, წიგნის ავტორიც მე ვარ.

წყაროებში ქართული სახელმწიფოს მისწრაფების იდეოლოგიური ფორმულა - ყოფილიყო კავკასიის მასშტაბით იმპერიული სახელმწიფო - პირველად სწორედ ბაგრატის მეფობისას ჩამოყალიბდა. ამდენად, ბაგრატ III-ის მეფობისას შემუშავდა გარკვეული იდეოლოგიური საფუძველი კავკასიის ერთიანობისა, ქართული სახელმწიფოს ლიდერობით. მაგრამ ეს მეყსეულად არ მომხდარა და ამას რამდენიმე ათწლეული დასჭირდა. ბაგრატი III მოხერხებულად უთავსებდა ერთმანეთს დიპლომატიასა და სამხედრო ძალას. მან იცოდა, რომელი ხერხი ვის წინააღმდეგ მიემართა - ბიზანტიასთან თუ მშვიდობისმოყვარე პოლიტიკას ატარებდა და არ ამწვავებდა ურთიერთობას, სამხრეთ კავკასიის წვრილ-წვრილი სამეფო-სამთავროების მიმართ იგი აქტიურ სამხედრო ექსპანსიას ეწეოდა. ამ დროისათვის ქართული პოლიტიკა, ძირითადად, კავკასიაში ჰეგემონიის მიღწევას ისახავდა მიზნად. სამწუხაროდ, ბაგრატ III-ს საქართველოს ისტორიაში ზედწოდებით არ იცნობენ. ვინმე რომ იტყვის,"აღმაშენებელი ან "ბრწყინვალე, გასაგებია, ვისზეა ლაპარაკი, დაკონკრეტება არ არის საჭირო, მაგრამ ბაგრატ მესამეს, მიუხედავად მრავალი მცდელობისა, არც ერთი მეტსახელი არ შერჩა. ამ შემთხვევაშიც უცნაური ბედი დაჰყვა საქართველოს გამაერთიანებელ მეფეს. ამასთან, დასანანია, რომ ქვეყნის გამაერთიანებელ, ეკლესია-მონასტრების მაშენებელ მეფეზე ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში ერთი ლეგენდაც არ არის შემონახული. ამ უსამართლობის შეცვლას შეეცადა ექვთიმე თაყაიშვილი - სუმბატ დავითის ძის თხზულების მეცნიერულ პუბლიკაციას მან ვრცელი მოკვლევა დაურთო, სადაც აღნიშნა: "ბაგრატ მესამე გასაოცარი ენერგიის პატრონი იყო, მხნე და ახოვანი, შეუპოვარი, სასტიკი, გამსჭვალული მხოლოდ ერთი მიზნით, ერთი აზრით, ერთი იდეით - შემოეკრიბა თავისი სკიპტრის ქვეშ საქართველოს განცალკევებული პატარა სამეფონი თუ საერისთავონი, დაემორჩილებინა უძლიერესი ფეოდალები და აელაგმა ღალატსა და წინააღმდეგობას მიჩვეული აზნაურები."

- წიგნზე მუშაობისას თქვენ მოიარეთ ყველა ის ადგილი, რომლებიც ბაგრატ მესამის ბიოგრაფიას უკავშირდებოდა.

- დიახ, წიგნზე მუშაობისას, წყაროებისა და ლიტერატურის შესწავლის პარალელურად, მოვიარეთ ყველა ის ადგილი, რომლებიც სახელოვანი მეფის ბიოგრაფიას უკავშირდებოდა, უპირველესად, უძველესი ციხესიმაგრე ფანასკერტი, სადაც გარდაიცვალა და, სავარაუდოდ, უნდა დაბადებულიყო კიდეც მომავალი მონარქი; ისტორიული ძორაგეტი - სომხეთში და შამქორის ციხე-ქალაქი - აზერბაიჯანში, საქართველოში კი ყველა ის ძეგლი, რომელიც ბაგრატის სახელს უკავშირდება აფხაზეთისა და შიდა ქართლის იმ ნაწილის გარდა, რომელსაც სეპარატისტები აკონტროლებენ. თითქოს მეფის ნაკვალევს მივუყვებოდით და ვრწმუნდებოდით, როგორ მასშტაბურ სახელმწიფო მოღვაწესთან გვქონდა საქმე. ყველა ამ ნიუანსს მკითხველი"ქართველი მეფეების სერიის მეორე ტომში წაიკითხავს, თანაც წიგნი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად სპეციალურ ფასად გაიყიდება.

რუსუდან შელია