გოგი ხარაბაძის ახალი "აღმართ-აღმართი" - კვირის პალიტრა

გოგი ხარაბაძის ახალი "აღმართ-აღმართი"

20 თებერვალს "ბიბლუსი გალერიში" გოგი ხარაბაძის პირველი პიესის - "მცველის" პრეზენტაცია გაიმართება

რუსთაველის თეატრის სცენა ზუსტად 25 წლის წინ დატოვა, მაშინ, როდესაც ნამდვილი ვარსკვლავი იყო და მაყურებელი ეთაყვანებოდა - დიახ, ბევრი დავკარგეთ სცენის გენიოსის თეატრიდან წასვლით, თუმცა, თუ მის შემდგომ შემოქმედებით გზას გავაანალიზებთ, აღმოჩნდება, რომ საბოლოოდ კიდევ უფრო მეტი შევიძინეთ, ვიდრე დავკარგეთ.

დღეს როგორც ხელოვანები, ისე ისტორიკოსები მსახიობ გოგი ხარაბაძეს ექვთიმე თაყაიშვილსაც კი ადარებენ და ერთხმად აღიარებენ, რომ როგორც ექვთიმემ გადაურჩინა საქართველოს მთავარი განძი, ამგვარივე სამსახურს უწევს ის ქართულ სიტყვიერებას. გოგი ხარაბაძემ შეძლო თეატრიდან წასვლის შემდეგ, დაეწერა ცხრა წიგნი და შეექმნა 120-დისკიანი უნიკალური აუდიობიბლიოთეკა. მან ქართულ ენაზე აამეტყველა ბიბლიაც.

დიდი მსახიობის მეცხრე წიგნის პრეზენტაცია გაიმართება "ბიბლუსი გალერიში" 20 თებერვალს, სადაც თავად გოგი ხარაბაძე წარუდგენს მკითხველს ახალ წიგნს, რომელსაც "აღმართ-აღმართ" ჰქვია. დეტალებზე წიგნის რედაქტორი თამარ ცაგარეიშვილი ესაუბრა "კვირის პალიტრას":

- აქტიორის პროფესია ტრაგიკულია, რადგან ის სხვაზეა დამოკიდებული და ვერასდროს შეიგრძნობს, რა არის თავისუფლებაო, არაერთხელ დაუწერია და აღუნიშნავს გოგი ხარაბაძეს. აქტიორული კარიერის შეწყვეტა და მწერლობისთვის თავის შეფარებაც, ეტყობა, თავისუფლების მოპოვების ერთ-ერთი გზა იყო მისთვის.მართლაც თავისუფალი, თითქოს ცოცხალი, სულიერია მისი ტექსტი, სუნთქავს...

გოგი ხარაბაძის მოგონებებს, ორ რომანსა და მოთხრობებს მკითხველი კარგად იცნობს, ახალ წიგნში კი პირველად იბეჭდება მისი პიესა "მცველი".

პიესა ავტობიოგრაფიულია და თბილისში 90-იან წლებში დატრიალებულ ტრაგიკულ მოვლენებს ეძღვნება. ის ორი თვალსაზრისით არის საინტერესო: პირველი - მსახიობის დაწერილია, რომელიც გულის თვალით, შიგნიდან ხედავს და გრძნობს სცენას და მხოლოდ თეორიულად არ იცის დრამატურგიის კანონები, ყოველი მოძრაობა, რეპლიკა განცდილი და გადახარშული აქვს. მეორე - სამოქალაქო ომისდროინდელი რუსთაველის თეატრის თავგადასავალი, არც მახსოვს ვინმეს აღეწეროს, ამიტომ პიესა "მცველს", ჩემი აზრით, ისტორიის მცველისა და შემნახველის ფუნქციაც აქვს. რუსთაველის თეატრის სცენა პიესის სრულუფლებიანი მოქმედი პირია! ხელოვნების ტაძარი კი არ არის, ბრძოლის ველის თუ პოლიგონის სიმბოლოა, სადაც მთავარი გმირების ტრაგიკული გზები იკვეთება. სამოქალაქო ომის დროს ზღვრულ, ექსტრემალურ სიტუაციაში ერთმანეთს ეჯახება ორი თაობა, ორი საუკუნე - წარსული და მომავალი - თავისი ლექსიკით, მეტყველებით, ფასეულობებით, თავისი სიმართლით და რწმენით. რომელ მათგანს და როგორ განაჩენს გამოუტანს ავტორი, მკითხველი თავად წაიკითხავს.

"მცველი" 15 წლის წინ დაიწერა და, რა თქმა უნდა, დაიწერა გოგი ხარაბაძისთვის, მთავარი გმირის - ხანდაზმული მსახიობის, გიორგის როლი თავად ავტორს უნდა შეესრულებინა, მაგრამ ჯერჯერობით ეს ჩანაფიქრი ვერ განხორციელდა და სპექტაკლს ნაბეჭდმა ვერსიამ, წიგნმა დაასწრო. მიუხედავად იმისა, რომ მას ეპიგრაფად აქვს წამძღვარებული "პიესა, რომელიც არასდროს დაიდგმება", იმედს ვიტოვებ, რომ "მცველს" გოგი ხარაბაძის შესრულებით აუცილებლად იხილავს მაყურებელი. მანამდე ბეჭდურ ვერსიას დავჯერდეთ. "

- გარდა "მცველისა", რას გვთავაზობს გოგი ხარაბაძის ახალი წიგნი?

- "აღმართ-აღმართის" პირველი ნაწილი ეთმობა გოგი ხარაბაძის მოგონებებს, რომლებსაც მე თაობებს შორის ხიდის ფუნქციას მივანიჭებდი, რადგან ისინი ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას შეიცავენ ახალგაზრდებისთვის - მათთვის, ვინც ნაკლებად იცნობს საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ეპოქის თეატრის ისტორიას, დიდ ქართველ მსახიობებს, რეჟისორებს, მწერლებს, მოღვაწეებს - მათ, ვისთან ერთადაც მოღვაწეობდა და ცხოვრობდა გოგი ხარაბაძე.

- "სინტაქსური სპექტაკლები" უწოდა გოგის ტექსტებს ვანო ამირხანაშვილმა და მართლაც თითოეული მოთხრობა, ნარკვევი, მოგონება სპექტაკლივით "იყურება", ცოცხალია, მოძრაობს, ავტორისეულ ენერგიას ასხივებს.

გოგი ხარაბაძის როგორც სამსახიობო, ისე ლიტერატურული შემოქმედება, ჭაბუა ამირეჯიბმა უნიკალურ ტალანტად შეაფასა: "შენ გაიმარჯვე თეატრსა და კინოში. ახლა მწერლობაშიც გამოჩნდი, როგორც შეუდარებელი და თავისთავადი მწერალი. ყოველივე ამას უნიკალური ტალანტი ჰქვია"... ოთარ ჭილაძემ კი ის ორი მუზის ქვეშევრდომად მოიხსენია: "გოგი ხარაბაძე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა თეატრალურ სამყაროში. მწერალი ხარაბაძეც თეატრიდანაა მოვლენილი. ის პოეტური ბუნებისა და ლიტერატურის მოყვარული მსახიობი კი არ არის მხოლოდ, არამედ ორი მუზის ქვეშევრდომია, ორი შემოქმედებითი სტიქიის მატარებელია საკუთარ არსებაში და ჩემთვის ორივე ერთნაირად საინტერესოა და ძვირფასი".

თავად გოგი ხარაბაძემ კი ასე უპასუხა კითხვას, რომელიც მისთვის ბევრჯერ დაუსვამთ: "რა არის ცხოვრება?" აბეზარმა ჟურნალისტებმა იციან ამ შეკითხვის დასმა: რა არის ცხოვრება? ზედიზედ რომ მკითხა რამდენიმემ, დავწერ და გამოგიგზავნით-მეთქი, ვუთხარი და შევასრულე: "ცხოვრება არის: შვილები, შვილიშვილები, დედ-მამა ანუ სამშობლო! ქალი! მეგობარი! რწმენა! პოეზია! მრავალჟამიერი! ღვინო! ქუჩა, მდინარე, ზღვა, მთა... ჰაერი! და დრო... კიდევ ჭაბუამ თქვა ჩინებულად: "ცხოვრება არის ის, რაც გახსოვს, დანარჩენი არსებობაა"... მეც არსებობა გვერდით გადავდე და ცხოვრების ამბის მოყოლა ჩავიფიქრე. ყველა განცდა, ადამიანი, მოგონება ძველია, ჩემი საუკუნის - მეოცე საუკუნის, რომელშიც დავიბადე და რომელსაც ჩემად, მშობლიურად მივიჩნევ, მაგრამ ყოველივე ოცდამეერთეშია ფურცელზე გადმოტანილი. სისხლიანი, სასტიკი და მძიმე იყო მეოცე, უფრო მძიმე, გაურკვეველი და გამოუცნობია ოცდამეერთე, აღმართია გაუთავებელი... აღმართში მიხდება ცხოვრებაც, წერაც... აღმართ-აღმართ მივუყვები გზას! მაგრამ არის ამ აღმართში მწვერვალების წვდომის სურვილიც და კიდევ რაღაც, ღვთიურთან მიახლოებულიც, რომელსაც საქართველოს ბულბულთან - აკაკისთან მივყავარ თითქოს... ორივე ძვირფასი და ახლობელია ჩემთვის!"

რუსუდან შელია