"გახდი ბესტსელერის ავტორი 2018" - შანსი ლიტერატურის მოყვარულებისთვის - კვირის პალიტრა

"გახდი ბესტსელერის ავტორი 2018" - შანსი ლიტერატურის მოყვარულებისთვის

მაია ალუდაური: "პირველი ეტაპი 15 მარტიდან 15 აპრილამდე გაგრძელდება, ტექნიკური სამუშაოების დასრულების შემდეგ კი 20 აპრილს, ხელახლა გაიხსნება საკონკურსო გვერდი, სადაც შერჩეული ნაწარმოებები ერთდროულად განთავსდება"

გამომცემლობა "პალიტრა L"-ის უნიკალური და სახალხო ლიტერატურული პროექტის - "გახდი ბესტსელერის ავტორი" - მეორე სეზონი იწყება. "გახდი ბესტსელერის ავტორი 2018" - ასეთი მოწოდებით მიმართავს გამომცემლობა მწერლებს, რომლებსაც საკუთარი შემოქმედების საზოგადოებისთვის გაცნობა სურთ და მათაც, ვისაც ჯერ არ დაუწერია რომანი, თუმცა ნიჭი მართლაც აქვს.

კონკურსის მეორე სეზონისთვის განაცხადების მიღება 15 მარტს დაიწყება და პირველი ეტაპი ერთი თვე გაგრძელდება. მეორე ეტაპისთვის 20 ნაწარმოები შეირჩევა, რომელთაგან საბოლოოდ ჟიური და მკითხველი ხუთ გამარჯვებულს გამოავლენენ.

კონკურსის მეორე სეზონის დეტალებზე "კვირის პალიტრას" გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მთავარი რედაქტორი მაია ალუდაური ესაუბრა:

- თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონკურსმა - "გახდი ბესტსელერის ავტორი 2017" გაამართლა, აღმოგვაჩენინა ავტორები, რომლებმაც მკითხველს საინტერესო ნამუშევრები შესთავაზეს და სიყვარულიც დაიმსახურეს. ასეთი წარმატებული დასაწყისის შემდეგ გადავწყვიტეთ, კონკურსი წელსაც გაგვეგრძელებინა. კვლავაც უნდა მივცეთ როგორც ახალბედა, ისე გამოცდილ ავტორებს შანსი, საზოგადოებას თავიანთი შემოქმედება გააცნონ. განაცხადების მიღება 15 მარტს დაიწყება. დაინტერესებული პირები დეტალურ ინფორმაციას უახლოეს დღეებში გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ვებგვერდზე მიიღებენ. მათ ავუხსნით, როგორ უნდა შეავსონ განაცხადი, გამოგზავნონ ტექსტი, ასევე გავაცნობთ ტექნიკურ პარამეტრებსა და კონკრეტულ მოთხოვნებს. შარშან ჩატარებულმა კონკურსმა დაგვანახა, რომ შეზღუდვების დაწესება აუცილებელია.

- როგორი შეზღუდვებია გათვალისწინებული?

- განსაკუთრებული შეზღუდვების დაწესებას არ ვაპირებთ, თუმცა რაღაც პირობების დაკმაყოფილებას აუცილებლად მოვითხოვთ. მაგალითად, განაცხადის შემოტანას შეძლებენ ავტორები 18 წლიდან.

ტექსტის გამოგზავნისას განსაზღვრული გვაქვს სტანდარტებიც - თუ ტექსტი მინიმალურ ლიტერატურულ, სტილისტურ თუ ენობრივ ნორმებს არ დააკმაყოფილებს, ის კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

რაც შეეხება კონკურსის ხანგრძლივობას, პირველი ეტაპი 15 მარტიდან 15 აპრილამდე გაგრძელდება, ტექნიკური სამუშაოების დასრულების შემდეგ კი 20 აპრილს, ხელახლა გაიხსნება საკონკურსო გვერდი, სადაც ყველა შერჩეული ნაწარმოები ერთდროულად განთავსდება. სწორედ ამ წუთიდან მკითხველს შესაძლებლობა ექნება, კონკურსში აქტიურად ჩაერთოს და სასურველ ავტორს მისცეს ხმა.

სხვათა შორის, ხმის მიცემის პროცედურაც გავამკაცრეთ, რათა თავიდან ავიცილოთ შესაძლო მანიპულაციები, რომელთა გამოყენების ფაქტებიც შარშან რამდენჯერმე დაფიქსირდა - ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება ობიექტურად დავადგინოთ გამარჯვებული ავტორი.

- კონკურსი ისევ ორეტაპიანია?

- დიახ, კონკურსის პირველ ეტაპზე 10 ნაწარმოებს მკითხველი შეარჩევს, ათს კი - ჟიური. შერჩეული ოცი ავტორის შემოქმედება მეორე ეტაპზე გადავა და ხმების დათვლა ხელახლა, განულებული ნიშნულიდან დაიწყება, საბოლოოდ კი ხუთი კონკურსანტი გაიმარჯვებს. ვფიქრობ, შარშანდელი გამარჯვებულების გავლილი გზა სამაგალითო და მოტივაციის მიმცემი იქნება იმ ავტორებისთვის, რომლებიც, შესაძლოა, 2017 წელს სკეპტიკურად უყურებდნენ ასეთ კონკურსს. 2017 წლის ოთხივე გამარჯვებულმა მკითხველების აღიარება მოიპოვა. თათული ღვინიანიძის წიგნის ტირაჟი ოთხ თვეში უკვე სამჯერ დაიბეჭდა, ასეთივე აღიარება მოიპოვეს კონკურსის სხვა გამარჯვებულებმაც. სწორედ ამას ვპირდებოდით მათ - განსაკუთრებულ ყურადღებასა და მათი შემოქმედების პოპულარიზაციას. ვფიქრობ, კონკურსის პირველი სეზონის შემდეგ ყველა მსურველს გაუქარწყლდება ეჭვი და თამამად გადმოდგამენ ჩვენკენ ნაბიჯს. "გახდი ბესტსელერის ავტორი 2018" არის შანსი ლიტერატურის მოყვარულებისთვის, რომ ამ ჯადოსნურ სფეროში საკუთარი ადგილი დაიმკვიდრონ. ამაში მათ "პალიტრა L" დაეხმარება.

რუსუდან შელია