ქართული ღვინის 10 რჩეული სახეობა გამოვლენილია პროექტის მეორე ეტაპი სტარტს იღებს - კვირის პალიტრა

ქართული ღვინის 10 რჩეული სახეობა გამოვლენილია პროექტის მეორე ეტაპი სტარტს იღებს

ირაკლი საამიშვილი, ჰოლდინგ "პალიტრამედიის" მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: "პროექტის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ პროექტში ძალიან ბევრმა ადამიანმა, 250 000-მა კაცმა მიიღო მონაწილეობა. გამოვავლინეთ ღვინის 10 სახეობა, "რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ". ახლა გადავდივართ პროექტის მეორე ეტაპზე, სადაც გამოვლინდებიან ის კონკრეტული ღვინის კომპანიები, რომლებიც ამ 10 სახეობიდან საუკეთესოების არჩევაში მიიღებენ მონაწილეობას"

საფერავი, ტვიში, წინანდალი, ციცქა, ქინძმარაული, რქაწითელი, ხვანჭკარა, მუკუზანი, ქისი და მწვანე - სწორედ ასე გამოიყურება ქართული ღვინის რჩეული სახეობები, რომლებიც ფართო საზოგადოებისა და ღვინის ექსპერტების მონაწილეობით გამოვლინდა. პროექტის "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ" ორგანიზატორის, ჰოლდინგ "პალიტრამედიის" წარმომადგენლებმა ღვინოები "ბიბლუსი გალერეაში" სპეციალურად მოწვეულ სტუმრებს, ღვინის კომპანიების წარმომადგენლებსა და ღვინის ექსპერტებს წარუდგინეს. ახლა კი პროექტის მეორე ეტაპის, რჩეული ღვინოების საუკეთესო მწარმოებელი კომპანიების გამოვლენის პროცესი დაიწყება.

როგორც ჰოლდინგ "პალიტრამედიის" მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გენერალური დირექტორის მოადგილემ ირაკლი საამიშვილმა განაცხადა, პროექტის მეორე ეტაპი მარტის დასასრულს დაიწყება და დაახლოებით ერთი თვე გაგრძელდება.

"პროექტის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ პროექტში ძალიან ბევრმა ადამიანმა, 250 000-მა კაცმა მიიღო მონაწილეობა. გამოვავლინეთ ღვინის 10 სახეობა, "რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ". ახლა გადავდივართ პროექტის მეორე ეტაპზე, სადაც გამოვლინდებიან ის კონკრეტული ღვინის კომპანიები, რომლებიც ამ 10 სახეობიდან საუკეთესოების არჩევაში მიიღებენ მონაწილეობას. დეგუსტაციები დაგეგმილია მარტის დასასრულს, როგორც კი დასრულდება დეგუსტაციები, დავიწყებთ პროექტის პრომოუშენს და ვვარაუდობთ, რომ აპრილის დასასრულს ბაზარზე გამოჩნდება რჩეული 10 ღვინოც თავისი განსაკუთრებული შეფუთვით", - აღნიშნა ირაკლი საამიშვილმა.

მისივე განმარტებით, ხალხის არჩეული ღვინის სახეობებითა და სომელიეების მიერ გამოვლენილი საუკეთესო ღვინოებით ღვინის სასაჩუქრე/საკოლექციო/ტურისტული 5-5-ბოთლიანი შეფუთვა შეიქმნება და ფართო გაყიდვაში იქნება.

როგორც ღვინის ექსპერტმა კახა ჩოტიაშვილმა განაცხადა, საუკეთესო ღვინოების შერჩევა მნიშვნელოვანია როგორც ქართველი მომხმარებლებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. "ძალიან მალე ჩატარდება ამ პროექტის მეორე ნაწილიც და მე და ჩემს კოლეგებს - ღვინის ექსპერტებს მოგვიწევს უკვე შერჩეული 10 სახეობიდან გამოვარჩიოთ საუკეთესო ღვინოები. ეს ძალიან დაეხმარება როგორც ქართველ ღვინის მოყვარულებს, ასევე ტურისტებს".

ღვინის სახეობების წარდგენას ღვინის კომპანიების 70-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. ისინი პროექტს დადებითად აფასებენ და იმედს გამოთქვამენ, რომ ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს როგორც თავად კომპანიების, ისე საზოგადოდ ქართული ღვინის პოპულარიზაციას.

"ძალიან კმაყოფილები ვართ პრეზენტაციით. მსგავსი პროექტი მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის. ჩვენი კომპანია აწარმოებს ყველა პროდუქტს იმ ათეულიდან, რომელიც პროექტის ფარგლებში შეირჩა. რჩეული ღვინოების მწარმოებელი კომპანიების შერჩევაში აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას. გვაქვს პრეტენზია, რომ ვაწარმოებთ საკმაოდ ხარისხიან ქართულ პროდუქტს და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, თუ რამდენიმე არა, ერთ-ერთი მაინც მოხვდება ამ ათეულში. ჩვენ საფერავს, ქისს, ტვიშსა და ქინძმარაულს წარმოვადგენთ", - განაცხადა ღვინის მწარმოებელი კომპანია თჭჩ-ის გენერალურმა დირექტორმა დურმიშხან თიგიშვილმა.

"ძალიან საინტერესო პროექტია. ეს არის საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ გამოვლინდეს საუკეთესო ღვინო და მიეცეს ყველას საშუალება, მათ შორის, მცირე მეწარმეებს, საკუთარი ნაწარმი სათანადოდ წარმოაჩინონ. ჩვენი კომპანია, "ძმები ხუციშვილები", აპირებს პროექტის მეორე ეტაპში მონაწილეობას. ვფიქრობ, წარვადგენთ საფერავს, რქაწითელსა და ქისს", - განაცხადა ღვინის მწარმოებელი კომპანია "ძმები ხუციშვილების" დამფუძნებელმა გელა ხუციშვილმა.

"ვფიქრობ, ჩვენ მუკუზანით დავაინტერესებთ მომხმარებელს, რაც კომპანიისთვის ცალსახად დადებითი ფაქტია. ზოგადად კი, საინტერესო პროექტია. ქართული ღვინისა და ღვინის კომპანიების პოპულარიზაციას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს", - აღნიშნა ღვინის მწარმოებელი კომპანია "შატო ნეკრესის" გაყიდვების მენეჯერმა გივი ჩიქოვანმა.

პროექტი "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ" დაიწყო 15 ოქტომბერს, "ქართული ღვინის ფესტივალზე", სადაც პირველი ბრმა დეგუსტაცია გაიმართა. მას შემდეგ ხმის მიცემა შესაძლებელი იყო ონლაინრეჟიმში, ღვინის ონლაინმაღაზიის ვებგვერდებზე ალლწინე.გე-სა და ამბები.გე-ზე, სადაც ხმა 150 000-მდე კაცმა მისცა საკუთარ რჩეულს. პარალელურად, პროექტის ფარგლებში საჯარო თავშეყრის ადგილებში გაიმართა არაერთი ღონისძიება, სადაც ღვინის ბრმა დეგუსტაცია და ფარული კენჭისყრა მიმდინარეობდა.

სტუმრები დაგემოვნების შედეგად შერჩეულ ღვინოს ისე აძლევდნენ ხმას, რომ არ იცოდნენ, რომელი სახეობა იყო. ასევე, გამოკითხვის ფორმა და პროექტის საიმიჯო კომუნიკაცია იბეჭდებოდა გაზეთ "კვირის პალიტრისა" და ჟურნალ "გზის" ყოველკვირეულ გამოცემებში. საერთო ჯამში პროექტში საზოგადოების ძალიან მაღალი ჩართულობა დაფიქსირდა. რჩეული 10 ღვინის სახეობა სწორედ ხალხის შერჩეულია.

ნანიკო მღებრიშვილი