რა სტადიაშია დღეს "ბადაგონთან" დაკავშირებული პროცესი - კითხვებს "ბადაგონის" ადვოკატი ირაკლი ყანდაშვილი პასუხობს (R) - კვირის პალიტრა

რა სტადიაშია დღეს "ბადაგონთან" დაკავშირებული პროცესი - კითხვებს "ბადაგონის" ადვოკატი ირაკლი ყანდაშვილი პასუხობს (R)

ბატონო ირაკლი, რა სტადიაშია დღეს "ბადაგონთან" დაკავშირებული პროცესი, მიმდინარეობს თუ არა გამოძიება და ვინ ან რას ედავება "ბადაგონს"?

კომპანია "ბადაგონთან" დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები დღესაც მიმდინარეობს, კერძოდ კი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აწარმოებს გამოძიებას საჩივრის ავტორის, ვლადიმერ ჯანჯღავას წილის "ბადაგონის" მესაკუთრის - გიორგი სალაყაიას მიერ მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე. უნდა მოგახსენოთ, რომ სამართლებრივად ძალიან უცნაური ვითარებაა სახეზე. რაში გამოიხატება უცნაურობა, ამაზე ბევრი შეიძლება ითქვას, თუმცა ამჯერად ორ სამართლებრივ არგუმენტზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას:

პირველი: გიორგი სალაყაიას მიმართ მიმდინარეობს გამოძიება წილის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტთან დაკავშირებით იმის პარალელურად, რომ საჩივრის ავტორი, ბატონი ჯანჯღავა აცხადებს, რომ მან წილი თავისი ნებით, ყოველგვარი იძულების გარეშე, კონკრეტული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაუფორმა სალაყაიას. თუმცა ჯანჯღავა იქვე ამატებს - დროებით გადავუფორმე და გარკვეული დროის გასვლის შემდეგ უკან უნდა დაებრუნებინა წილი ჩემთვის სალაყაიასო. მიაქციეთ ყურადღება, რომ არსად, არცერთ დოკუმენტში არ არის მითითებული ის, რომ რაიმე "წილის დროებით გადაფორმებასთან" გვაქვს საქმე ან ის, რომ რაიმე ვადაზე იყვნენ მხარეები შეთანხმებული. პირიქით, სახეზეა 2015 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომელთა მიმართ არც მარეგისტრირებელ საჯარო რეესტრს არ გასჩენია კითხვა თავის დროზე და უკვე 3 წელზე მეტია ბატონი სალაყაია ამ წილს ფლობს და ექცევა როგორც საკუთარს. ისმის კითხვა: სად არის აქ წილის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, თუკი ბატონმა ჯანჯღავამ ნება გამოავლინა და თავად თავისი ნებით, როგორც თვითონ ამბობს, ყოველგვარი იძულების გარეშე, ნასყიდობის გზით გადააფორმა წილი?!

მეორე უცნაური მოვლენა ის გახლავთ, რომ სახეზე გვაქვს სამეწარმეო სამართლებრივი შინაარსის მოთხოვნა - ერთი ბიზნესმენი მეორეს ედავება 2015 წელს გაფორმებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საკითხებს. ამის გათვალისწინებით, ნაცვლად იმისა, რომ მოდავე მხარემ მიმართოს სასამართლოს და ეცადოს, რომ მყიდველი მხარისადმი საკუთარი პრეტენზია (რომ ნასყიდობის რაიმე პირობა არ არის შესრულებული) რამენაირად დაასაბუთოს, ბატონი ჯანჯღავა მიმართავს გამოძიებას და წილის ნასყიდობის გაფორმებიდან 3 წლის შემდეგ გაკეთებული ამ განცხადების საფუძველზე - ისე, რომ რაიმე მტკიცებულება ბატონ ჯანჯღავას წილის დროებითი "თხოვების შესახებ არ გააჩნია" (არადა ამას დაობს ბატონი ჯანჯღავა), იწყება გამოძიება. ყოველივე ეს ერთად, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში ბადებს კითხვებს.

- ცნობილია, რომ თქვენ გაგაჩნიათ საადვოკატო პრაქტიკა დასავლეთ ევროპაშიც. თქვენი აზრით ის, რაც დღეს ხდება "ბადაგონთან" დაკავშირებით, შესაძლებელი იქნებოდა თუ არა, რომ დასავლეთ ევროპის რომელიმე ქვეყანაში მომხდარიყო და რამდენად ადეკვატურია სახელმწიფოს ამგვარი ჩარევა ორ კერძო სუბიექტის შორის მიმდინარე დავაში?

- საქართველოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობის პრინციპის დამკვიდრება. ჩვენ განვითარებადი დემოკრატიული ქვეყანა ვართ და ამიტომ ორმაგად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო საზოგადოების თვალში (რომელიც რა თქმა უნდა აკვირდება ყველაფერს) რომ ამა თუ იმ სამართლებრივი ქმედების ირგვლივ კითხვები არ დარჩეს. მით უფრო, თუკი ეს ეხება სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს. როდესაც საქმე ქვეყანაში ლიდერის პოზიციის მქონე ღვინის კომპანიას ეხება, რომელიც 2017 წლის შედეგებით სახელმწიფოს მიერვე იქნა აღიარებული, როგორც ლიდერი ქართული ღვინის ექსპორტიორთა შორის, როგორც ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი ამ დარგში და გადამხდელი სახელმწიფო ბიუჯეტში, ასეთი კომპანიის მიმართ დაუსაბუთებელი მტკიცებულების გარეშე (რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ) დაწყებული გამოძიება კითხვებს აუცილებლად ბადებს და ეს ჩვენი აზრით არ მეტყველებს სამართლებრივ კლიმატზე დადებითად.

ჩვენ იმას არ ვამბობთ, რომ თუკი ბატონ ჯანჯღავას უფლებები დაერღვა, ის არ უნდა დავიცვათ. არც იმას ვამბობთ, რომ წარმატებული კომპანიის სტატუსი ინდულგენციაა, არა. ჩვენ იმას ვამბობთ, რომ როდესაც ადამიანი, ამ შემთხვევაში საჩივრის ავტორი ვლადიმერ ჯანჯღავა, რომელიც ისე მიმართავს გამოძიებას, რომ ვერ წარმოადგენს ვერანაირ მტკიცებულებას საკუთარი პრეტენზიისა (რომ მას ვინმე "დაპირდა წილის გადმოფორმებას" და არ გადმოუფორმა) და მიუხედავად ამისა იწყება გამოძიება და უკვე თვეებია მიმდინარეობს, ეს მგონია, რომ დასავლეთ ევროპაში არ მოხდებოდა. რათქმაუნდა ამ პიროვნების განცხადებას არ უნდა მოჰყვეს რაიმე შედეგი, არამედ დანაშაულის ნიშნების საქმეზე არ დადგენის გამო, მგონია, რომ ეს საქმე შეწყდება და ბატონ ჯანჯღავას სამართლებრივად ისღა დარჩება, მიმართოს სამოქალაქო სასამართლოს, თუ რათქმაუნდა მიაჩნია, რომ მისი სამოქალაქო სარჩელი იქნება პერსპექტიული.

ამ ყველაფრის ფონზე სამართლებრივი მოცემულობა სხვა გამოსავალს არავის უტოვებს და რაც მალე მოხდება ეს, მით უფრო მოგებული დარჩება ყველა - ქართული საზოგადოება (რომელსაც გაუჩნდება განცდა, რომ ჩვენ იმ სამართლებრივ პოლიტიკას, რაც 2013 წლამდე ხორციელდებოდა, მართლაც დავემშვიდობეთ), სახელმწიფო (ის კითხვები, რაც "ბადაგონის" საქმეზე სახელმწიფოს მიმართ, როგორც ჩვენ ვისმენთ, საერთაშორისო საზოგადოებას გაუჩნდა, დროულად იქნება აღმოფხვრილი კანონის უზენაესობის და სამართლის უზენაესობის სასარგებლოდ), ქართული ღვინის ბიზნესი (ის შეინარჩუნებს მოწინავე მოთამაშეს ამ სეგმენტში) და ასევე ის მხარე, ვინც ეს ყველაფერი დაიწყო, რადგან ის ერთადერთ სწორ სამართლებრივ გზას მონახავს, რაც, ჩვენი აზრით, თავიდანვე უნდა აერჩია - სამოქალაქო დავა.

- თქვენი აზრით, სად და რაში ირღვევა "ბადაგონის" და მისი ერთადერთი მფლობელის - გიორგი სალაყაიას უფლებები?

- ბატონი სალაყაიას მიმართ მართლაც ადამიანური და სამართლებრივი კუთხით ბევრი უსამართლობა ხდება ჯერჯერობით. ადამიანური ფაქტორით დავიწყებ - ადამიანი 7 შვილის მამაა და მის მიმართ მართლაც მიზანმიმართული შავი პიარ კამპანია არის აგორებული, თითქოს ვინმეს რაღაც წაართვა და არ უბრუნებს. ეს თუ მართლა ასეა, იქნებ ამ წართმევის რაიმე მტკიცებულება გვაჩვენოს ვინმემ და თუ ეს ასე არ არის, ამ პიარ კამპანიით ჩვენ ადამიანის პირად ღირსებას, მის ადამიანურ და მერე საქმიან რეპუტაციას აშკარად დაუმსახურებლად ვცხებთ ჩირქს. ამაზე ალბათ ყველანი უნდა დავფიქრდეთ. ეს ყველაფერი ჩაივლის, დარწმუნებული ვარ, თუმცა იმ გულის ტკენას, რასაც მის შვილებს და ოჯახს დაუმსახურებლად დღეს აყენებენ, ვერავინ აანაზღაურებს. ეს ყველა ჩვენგანის აზრია, ვინც დღეს ამ დავაში და ბატონი სალაყაიას გარშემო ვართ ჩართულნი.

სამართლებრივად უკვე ბევრი არგუმენტი მოგახსენეთ, თუ რატომ გვაქვს სახეზე მისი უფლებების დარღვევა. თუმცა რამდენიმე საკითხს დამატებით კიდევ დავაზუსტებ:

ეს ფაქტია, რომლის მტკიცებულებები დიდი ხნის წინ გვაქვს როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისათვის ნაჩვენები და წარდგენილი ყველა სახელმწიფო და საგამოძიებო უწყებაში: გიორგი სალაყაიამ იყიდა წილი, იყიდა კანონიერად, კანონიერად დაარეგისტრირა ეს წილი 3 წლის წინ, კანონიერად გახდა 100% წილის მესაკუთრე, კანონიერად, როგორც 100% წილის მესაკუთრე მოქმედებს ეს წლებია, კანონიერად - კანონიერად - კანონიერად, ყველაფერი კანონიერად აქვს როგორც წილის კანონიერი გზით შემძენს გაკეთებული. ამას ის გვათქმევინებს, რომ რაიმე საბუთი ან მტკიცებულება იმისა, რომ მან უკანონოდ, იძულებით ან მოტყუებით შეიძინა წილი, ბუნებაში არ არსებობს. თავად საჩივრის ავტორი ამბობს, რომ იძულებას, მოტყუებას წილის გაფორმებისას არ ჰქონდა ადგილი, თავად ამბობს რომ მისი ნების შესაბამისად მოაწერა ხელი ნასყიდობის ხელშეკრულებას. აბა მაშინ რასთან გვაქვს საქმე არ გიჩნდებათ კითხვა? ის დავიჯეროთ, რომ სალაყაია დაპირდა წილის უკან დაბრუნებას და არ დაუბრუნა? რაც არსად არ არის გაწერილი და ეს მხოლოდ 3 წლის გასვლის შემდეგ თქვა ხმამაღლა ბატონმა ჯანჯღავამ? რთულია ამის დაჯერება და მერე ამის დადასტურება იმ სტანდარტით, რა სტანდარტებსაც სამართალი ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი სალაყაიამ 2015 წელს შეისყიდა გაკოტრების წინაშე მდგომი კომპანია. მან პირადი და მისი ახლობლების ქონების დაკარგვის ხარჯზე მოიზიდა დაფინანსება (ამ მტკიცებულებებს რა თქმა უნდა დამატებით წარვადგენთ, თუ საქმე მივა სასამართლომდე) და 2015 წლის უარყოფითი ბალანსი, როდესაც მარტო ბანკის და მიმწოდებლების მიმართ დავალიანება 30 მილიონამდე იყო, ეს კომპანია 2017 წელს აქცია ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად მეღვინეობის დარგში, ყველაზე მსხვილ გადამხდელად და ყველაზე დიდ ღვინის ექსპორტიორ კომპანიად, რითაც ქართულ პროდუქციას უდიდეს რეკლამას უკეთებს უცხოეთში და ამით ჭეშმარიტად ქართულ საქმეს აკეთებს.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ბატონი სალაყაია 2015 წლიდან 2018 წლამდე 100% წილის მესაკუთრეა და მან მარტომ შეძლო ის, რაც მანამდე ვერავინ შეძლო "ბადაგონში". პირიქით, მანამდე 2014 წელი კომპანიამ ისე დახურა ფაქტობრივად განწირული იყო. ამდენს რომ შეძლებ ადამიანი - დამოუკიდებლად ბოლო 3 წელიწადში მოწინავე ბიზნესის სტატუსს შეიძენ და უცებ იმ რეალობას შეეჩეხები, რაც დღეს მისი, მისი კეთილი სახელის, მისი პიროვნების მიმართ მიმდინარეობს, ალბათ თქვენც გაგიჩნდებოდათ უსამართლობის გრძნობა, მინიმუმ ადამიანური უსამართლობის განცდა, არ მეთანხმებით?

- რამდენად დიდ საფრთხეს უქმნის "ბადაგონს" მიმდინარე პროცესი, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ "ბადაგონმა" ოფიციალურად მოიპოვა ლიდერის სტატუსი ქართული ღვინის ექსპორტიორტა შორის, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბადაგონმა", მძიმე კონკურენტულ ბრძოლაში, მოახერხა ღვინის ყველაზე დიდი მოცულობის რეალიზაცია საქართველოს საზღვრებს გარეთ?

- მოდით, დავივიწყოთ ერთი წამით "ბადაგონის" ირგვლივ მიმდინარე პროცესი.როდესაც თვეები მიმდინარეობს გამოძიება და ეს ხდება ისეთ კომპანიაში, რომელიც ძირითადად ექსპორტზე მუშაობს, ჩვეულებრივი ამბავია რომ მას შეექმნება უცხოელ მყიდველებთან პრობლემები. თქვენც რომ იყოთ, ისურვებდით სხვა ქვეყანაში გყავდეთ პარტნიორი, რომლისგანაც იძენთ კონკრეტულ პროდუქციას და ამ კომპანიას თვეებია, გარეგნული ფონით ყოველშემთხვევაში, პრობლემები აქვს სახელმწიფოსთან, ანუ ასე აფასებს ნებისმიერი უცხოელი მყიდველი მიმდინარე გამოძიებას ბადაგონში. დამეთანხმებით, არც თქვენ არ ისურვებდით ასეთ პარტნიორს და მითუმეტეს, თუკი სხვა მსგავსი კომპანიებიც იმავე ქვეყნიდან ამ უცხოელ მყიდველს სთავაზობენ მსგავს პროდუქტს. რათქმაუნდა, თავისი ფინანსების დასაზღვევად ეს მყიდველები მსგავსი პროდუქტის სხვა მწარმოებლებთან მოახდენენ კავშირს. ისინი ვერ რისკავენ - ეს ბიზნესში ჩვეულებრივი ამბავია. სახელწმიფო მართალია, როდესაც ამბობს, რომ ბიზნესს ხელს არ უშლის, ამას არც ვამბობთ, უბრალოდ ის პროცესი, რაც მიმდინარეობს, ავტომატურად, ზემოაღნიშნული მარტივი მიზეზის გათვალისწინებით, ბადაგონს ფაქტობრივ უდიდეს ფინანსურ პრობლემებს უქმნის და ეს, საბოლოო ჯამში ყველაფერს ერთად აზარალებს.

- ცნობილია, რომ "ბადაგონმა" მხოლოდ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში მოიპოვა 5 უმაღლესი ჯილდო ღვინის პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსებზე. თქვენი აზრით, სამწლიანი პაუზის შემდეგ ყოფილი პარტნიორის გამოჩენა მოულოდნელი პრეტენზიებით, შეიძლება უკავშირდებოდეს თუ არა "ბადაგონის" ბრენდის აღზევებას ღვინის მსოფლიო ბაზარზე?

- ბევრი რამ შეიძლება. როგორც ზემოთ აღვნიშნე, სანამ "ბადაგონი" ეს ბოლო 5 ჯილდოს მოიპოვებდა, ანუ 2017 წლის დეკემბერში, ის ქართული ღვინის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი გახდა. თუკი მოვახდენთ შედარებას იმ პერიოდთან, როდესაც, როგორც ბატონი ჯანჯღავა აცხადებს, ის იყო ჯერ კიდევ მეწილე (თუმცა ეს პიროვნება "ბადაგონის" მეწილე არასდროს ყოფილა - ესეც მარტივად დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერებით), ყოველ შემთხვევაში, როგორც თავად ამბობს "მის დროს", "ბადაგონს" ამხელა წარმატებები არ ჰქონია. ასე რომ, მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს და არა მხოლოდ ეს ჯილდოები, რაც ბოლო ორი თვის მანძილზე მოიპოვა "ბადაგონმა".

თუმცა მთავარი ისაა, რომ ამ მძიმე მდგომარეობაშიც, "ბადაგონი" კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის სტატუსს და იმ დიდ აღიარებას, რაც საერთაშორისო ასპარეზზე მისმა ღვინოებმა მოიპოვეს და კიდევ ერთხელ აკეთებს და მუდამ გააკეთებს ქართულ საქმეს - შორს და ფართო საერთაშორისო ასპარეზზე გაიტანს საქართველოს სახელს წარმატებით, რასაც ამ ბოლო ორი თვის მანძილზე მოპოვებული 5 ჯილდოც მოწმობს.

- თქვენ, როგორც მაღალი კვალიფიკაციის და საერთაშორისო პრაქტიკის მქონე ადვოკატს, რა გეცნობათ ამ საქმეში, ან რაში ხედავთ პროცედურების დარღვევას ფინანსური პოლიციის მხრიდან "ბადაგონთან" მიმართებაში?

- ფინანსური პოლიცია არის ოფიციალური ორგანო, მას აქვს უფლება, აწარმოოს გამოძიება - ეს ჩვეულებრივი ამბავია. უბრალოდ, საეჭვოა ის გარემოება, რომ დღემდე ვერც "ბადაგონმა" და ვერც ქართულმა საზოგადოებამ ვერ მოისმინა ის მტკიცებულება, რის გამოც ძიება იქნა ინიცირებული. ჩვენ ამ ეტაპამდე ამაზე რაიმე ოფიციალური ინფორმაცია არ გვაქვს მიღებული. ჩვენ ვისმენთ მხოლოდ ვლადიმერ ჯანჯღავას განცხადებას, რომ მან თავისი ნებით, აბსოლუტურად იძულების გარეშე, იცოდა, რომ ხელს აწერდა ნასყიდობის ხელშეკრულებას, მოაწერა მას ხელი, ხოლო შემდეგ მას სალაყაია დაპირდა, თუმცა ეს დაპირება არცერთი დოკუმენტით არ დასტურდება და რაც დაპირდა არ შეასრულა - ანუ წილი უკან არ დაუბრუნა. თუმცა არცერთი დოკუმენტით სალაყაიას ვალდებულება წილის უკან დაბრუნების შესახებ არ დასტურდება.

თუკი რაიმე საწინააღმდეგო მტკიცებულებები არის გამოძიებაში წარდგენილი, იმის გათვალისწინებით, რომ ეს საქმე მართლაც არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმე, ქართულ საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს ამ საქმეზე მეტი, ხოლო თუ ასეთი მტკიცებულებები არ არის, რაშიც გარწმუნებთ, რომ არ არის, ეს საქმე უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ.

აი ამის მოლოდინი გვაქვს კომპანია "ბადაგონში" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიები სამსახურის მხრიდან.

ავტორი ნინო ჯანჯღავა

(R)