იქ, სადაც გათელილია კანონი, მთავრდება სახელმწიფო და იწყება ქაოსი (R) - კვირის პალიტრა

იქ, სადაც გათელილია კანონი, მთავრდება სახელმწიფო და იწყება ქაოსი (R)

სოროსის ფონდის მიერ დაფინანსებულმა დამანგრეველმა ლიბერალურმა პროგრამებმა გააჩინეს ქვეყანაში მორალური ვაკუუმი, შეარყიეს ეროვნული ფასეულობები, ჩვენი ტრადიციები და კულტურა; ამავე დროს კანონისა და სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა გამოცხადდა ჩვენში დიქტატურად და პიროვნების თავისუფლების შეზღუდვად. თანაც მთავრობამ რატომღაც გადაწყვიტა, რომ სახელმწოფო უნდა იმართებოდეს აუცილებლად გონების გარეშე და პრინციპულად გაემიჯნა ყოველგვარ მეცნიერულს და რაციონალურს მმართველობის პროცესში . ამიტომაც არის სწორედ, რომ ჩვენი "ახლ ებურად მოაზროვნე" მინისტრები ხან დედალ და მამალ ძროხებზე გვესაუბრებიან სერიოზულად, ხან კიდევ "ვაშლების განაწილების ორიგინალური მეთოდებით" ფიქრობენ, რომ მოაგვარებენ განათლების სისტემაში წამოჭრილ სერიოზულ პრობლემებს.

ასევე, მეცნიერული კანონშემოქმედებითი მუშაობისაგან ძალიან შორს მდგომი ჩვენი პარლამენტარები ურცხვად გვასწავლიან ეთერიდან იმას, თუ როგორ უნდა ვიყიდოთ 10 ლარად 4 ბოთლი ზეთი და გვპირდებიან კიდევ, რომ გაგვიხსნიან უფრო მეტ უფასო სასადილოებს. ასეთია მათი მთელი "სტრატეგია და ტაქტიკა" და სხვა რამე "უფრო კონსტრუქციული" ქვეყმის კრიზისიდან გამოსაყვანად მათ არაფერი შეუძლიათ შემოგვთავაზონ. მეტის ღირსნი ვართ, ნამდვილად, ქართველები, ამას რომ ვუყურებთ, ვისმენთ და ვითმენთ!

ამ დროს ჩვენი წამყვანი მეცნიერები იწოდებიან "ჩარეცხილებად", პრინციპულად არიან იზოლირებული სახელმწიფოებრივი მართვის პროცესებიდან და არა აქვთ არავითარი საშუალება ოდნავ მაინც შეცვალონ მთავრობის მიერ ქვეყნის "წინსვლისაკენ" აღებული ის "მყარი" კურსი, რომელიც დევიზით: "ფრთხილად , არ შემოგვეპაროს არაფერი მეცნიერული!" კაცმა არ იცის სადამდე მიიყვანს ქვეყანას.

პროფესიონალთა მიზანმიმართულმა დევნამ და დეპროფესიონალიზაციის ძლიერმა პროცესმა წარმოშვა საოცარი კრიზისი ყველა სფეროში და დაგვამხო თავზე ქვეყანა. დანგრეულია განათლების სისტემა, გაქრა და აღარ გვყავს ქართველი გლეხი, რომელსაც ილია ჭავჭავაძე საქართველოს არსებობის საძირკველს უწოდებდა და ვინც დღეს ზოგიერთ "ღრმად განსწავლულ" პარლამენტარს გაუნათლებლობის სიმბოლოდ მიაჩნია. რომელ მეცნიერულ კანონშემოქმედებით მუშაობაზე და რეალობის ადეკვატურ ასახვაზეა შესაძლებელი საუბარი ასეთ ვითარებაში? განადგურებულია სოფელი, მრეწველობა, მცირე და საშუალო ბიზნესი, გამეფებულია კორუფცია, ნეპოტიზმი, ჩვევად იქცა სახელმწიფოებრივი რესურსების დატაცება და მათი არარაციონალური ფლანგვა. ქვეყანას არ გააჩნია იდეოლოგია, არა აქვს ეკონომიკის განვითარების კონცეფცია, მთავრობა უსუსურია და ვერ იძლევა არსებული მდგომარეობიდან ქვეყნის გამოყვანის გზას. არავინ არ ზრუნავს და არ ეხმარება ხალხს, პირიქით, ხელს უშლიან მას არსებობაში. ამიტომაც არის, რომ საზოგადოებას მოენატრა სოციალური თანასწორობა, კანონი, კანონის დაცვა და ის, რომ ყველა ერთნაირად აგებდეს პასუხს კანონის წინაშე.

დადგა დრო, როდესაც ყველამ უნდა დავინახოთ, რომ მეცნიერული, რაციონალური პოლიტიკის გარეშე საზოგადოება ვერ მოერევა ვერც ტერორიზმს და ვერც ნეპოტიზმს, რომ კორუფციაც დაიძლევა მხოლოდ ღია, საჯარო დისკუსიით და თავისუფალი, ჭეშმარიტი კონკურენციით, როდესაც მთავარი აქცენტი გადატანილი იქნება შრომის შედეგის ხარისხზე და იმაზე, თუ რამდენად ეფექტური და წარმატებულია ინდივიდის მოღვაწეობა ამ სფეროში. ასე რომ, ყოველთვის, როდესაც თითოეული იმოქმედებს ერთი მიზნით: შეაჩეროს კონკურენტი და გაიმარჯვოს მასზე მხოლოდ ახალი ტექნოლოგიების დანერგვით და მაღალი ხარისხის პროდუქციის შემოტანით ბაზარზე, მოიგებს საზოგადოება და კმაყოფილი იქნება ხალხი.

ამრიგად, აშკარაა , რომ ქვეყნის აღორძინებისათვის საჭიროა დღეს კარგად გათვლილი და დროის მოთხოვნებს ეფექტურად მორგებული ისეთი სამოქმედო პროგრამა, რომელიც, ერთის მხრივ , ადეკვატურად შეაფასებს სოციალისტურ ეკონომიკას , ხოლო, მეორეს მხრივ , გონივრულად შეიტანს მასში საბაზრო ეკონომიკის მსოფლიო პრაქტიკაში უკვე კარგად დანერგილ და გამართლებულ პრინციპებს. აუცილებელია უკომპომისო და შეურიგებელი ბრძოლა კორუფციასთან და ნეპოტიზმთან , რათა საზოგადოება დაცული იყოს იმ უკანონოდ და მტაცებლური გზით გამდიდრებული პირებისაგან , რომელთა მატერიალურ მდგომარეობას არავითარი კავშირი არა აქვს არც მეცნიერებასთან და არც კულტურასთან. დაცვას საჭიროებენ ასევე პენსიონერებიც იმ უზნეო და უსამართლო საპენსიო კანონისაგან , რომელმაც სახელმწიფო ბიუჯეტის აღვირახსნილი დატაცებებისა და ფლანგვის პირობებში სრულიად უსახსროდ და მხოლოდ ბედის ამარა დატოვა წლების მანძილზე კეთილსინდისიერად მომუშავე უფროსი თაობა.

სამწუხაროდ, ლიბერალური დემოკრატიის ორმაგმა სტანდარტებმა და საზოგადოების მიერ სახელმწიფო ინტერესების სრულმა იგნორირებამ ბიძგი მისცა ქვეყანაში განუკითხაობას, რის გამოც სალანძღავ სიტყვებად იქცა "ლიბერალიზმი" და "თავისუფლება" და ეს მაშინ, როდესაც თავისუფალი და შემოქმედი ინდივიდი არის და უნდა იყოს კიდეც ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის მთავარი გარანტი. ასევე, რა თქმა უნდა , თავისთავად არც " ღია საზოგადოება" და არც "ზოგადსაკაცობრიო ფასეულობანი" ცუდი არ არის. გლობალიზაციის პროცესსაც, რომელიც გარდაუვალია და შეუქცევადი, ახლავს თან ბევრი პოზიტიური და პროგრესისათვის საინტერესო მომენტი, მაგრამ ყოველი სიახლე ქვეყანაში უნდა შემოვიდეს ევოლუციის გზით და არა რევოლუციურად, თუ არ გვინდა დავკარგოთ ჩვენი ნამდვილი სახე და ეროვნული ინდივიდალობა. ერთხელ ელისო ვირსალაძემ თქვა: რა მოკლავს იმ ერს, ვისაც ასეთი ხალხური სიმღერები აქვსო. ჭეშმარიტად! იმას კი, რაც ევროპამ დამართა თავის თავს, მტერსაც კი არ უსურვებდა კაცი.

ცუდია ნამდვილად ის, რომ ჩვენთან დემოკრატიული ცხოვრების წესი გაგებული იქნა, როგორც "უფლება ყველაფერზე", რომ სპეციალურად და მიზანმიმართულად ფინანსირდებიან სოროსის და მისი ანალოგიური ფონდებიდან მხოლოდ ისეთი ინსტიტუტები, რომელთაც მიყავთ ქვეყანა დესტაბილიზაციისაკენ, ქაოსისაკენ და იწვევენ საზოგადოებაში ანარქიას. ასე დააფინანსეს თავის დროზე ფერადი რევოლუციები, სხვადასხვა ტიპის რელიგიური და ეთნიკური კონფლიქტები, ასე შეიქმნა და ჩამოყალიბდა აგრესიულ უმცირესობათა ჯგუფები, დაიწყო ტერორიზმის წახალისება და სხვ... შედეგებიც სახეზეა: სახელმწიფო გადატრიალებები იუგოსლავიაში, ეგვიპტეში. ერაყში, ლიბიაში, უკრაინაში, პროცესები სირიაში და კიდევ უამრავი რამ, რაც ხდება მსოფლიოში; რაც შეგვეხება ჩვენ, ჩვენ ვისპობით ნელა-ნელა, ვისპობით მორალურად და ეს ჩვენი ტრადიციებისა და კულტურის მქონე ქვეყნისათვის კიდევ უფრო მეტად მტკივნეულია, ვიდრე ფიზიკური განადგურება და სიკვდილი; ღირსების მქონე ყველა ქვეყანას თავისუფლება უნდა არა იმისათვის, რომ ვიღაცეებმა მართონ ის გარედან, არამედ იმიტომ, რომ მოახდინოს საკუთარი შესაძლებლობის თავისუფალი განვითარება და სრული რეალიზაცია.

მხოლოდ მეცნიერება, განათლება, ცოდნა და პროფესიონალიზმი (ანუ ყველაფერი ის, რასაც დიდი ხანია უკვე მიზანმიმართულად ებრძვის ჩვენი მთავრობა) დაიცავს ქვეყანას სახელმწიფოებრივი ნგრევისაგან და მოგვცემს ძალას შევებრძოლოთ ამ ნგრევის მთავარ მიზეზებს: უკიდურესი სიღარიბე, კორუფცია და ნეპოტიზმი. უახლესი ტექნოლოგიების დანერგვისა და რაციონალური, მეცნიერული პოლიტიკის გარეშე ვერ შევქმნით ქვეყნისათვის ვერავითარ ადეკვატურ საშინაო და საგარეო პოლიტიკას, არ გვექნება ძლიერი, დროის მოთხოვნების შესაბამისი ეკონომიკა და ვერ დავამყარებთ იმ მდგრად, გაწონასწორებულ და დაბალანსებულ დემოკრატიას, როდესაც "თავისუფლება" და "ლიბერალიზმი" იქნება უკვე არა საზოგადოებაში ნგრევისა და დესტაბილიზაციის გამომწვევი მიზეზები, არამედ ქვეყნის განვითარებისა და პროგრესისაკენ მიმართული მთავარი ძალა ; საგარეო პოლიტიკაც წარიმართება უკვე დიპლომატიური მეთოდებით, პოლიტიკური ინსტიტუტების სივრცეში, ყველა წამოჭრილ პრობლემაზე , ღია, საჯარო დისკუსიის გზით და არა რომელიმე გაუწონასწორებელი ინდივიდის კივილით ეთერში. ეტყობა დღეს ყველამ ერთად და თითოეულმა ცალ-ცალკე უნდა ჩავრთოთ აქტიურად ჩვენი გონება ჩვენს მოქმედებაში, თუ გვსურს დავძლიოთ სიღარიბე, კორუფცია და ნეპოტიზმი და კიდევ ისეთი დიდი საშიშროება, რაც ტერორიზმია.

დღეისათვის ძალზედ სერიოზული პრობლემაა ისიც, რომ თანამედროვე ადამიანს უხდება ცხოვრება სრულიად ახალ, ციფრულ რეალობაში, სადაც იგი განსხვავებულად რეაგირებს ყოველივე იმაზე, რაც მის ირგვლივ ხდება და ცდილობს თანაც, რომ ყოველთვის მიიღოს სასურველი შედეგი თავის მოქმედებაზე. ამისათვის კი მას, როგორც წესი, ჭირდება გარკვეული ინფორმაციის მოპოვება, მისი დამუშავება, ათვისება და, რაც მთავარია, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების და სხვებთან ერთად მუშაობისა და ურთიერთობის უნარი. ინტერნეტმა დღეს ადამიანს განუვითარა პრინციპი: "ვისწავლი მაშინ, როდესაც დამჭირდება!" მაგრამ ამ პრინციპით ცხოვრება ინდივიდისაგან მოითხოვს მის მყარ პიროვნულ ჩამოყალიბებულობას, საკუთარი ღირსების კარგად გაცნობიერებას და, რაც მთავარია, მთელი ცხივრების მანძილზე ცოდნის შეძენის სურვილსა და სიცოცხლის ბოლომდე სწავლისათვის მზაობას . ეს კი სერიოზული პროფესიული განათლების გარდა აუცილებლად საჭიროებს აგრეთვე სამყაროს , როგორც მთელის ხედვის უდიდეს უნარს და მსოფლმხედველობრივი აზროვნების მაღალ კულტურას , რაც არავის თანდაყოლილი თვისება არ არის , მას სპეციალური აღზრდა და განვითარება ჭირდება.

ეს არის სწორედ ის დიდი პრობლემა, რომელიც საჭიროებს ძირეულ ცვლილებებს პედაგოგიკის სფეროში და ამ პრობლემის გადაჭრის აუცილებლობის წინაშე დგას სწორედ განათლების სისტემა; განათლების ტრადიციულ სისტემაში შეიქმნილი ეს თვისებრივად ახალი ვითარება მსოფლიო პრობლემაა: ადამიანმა დაიწყო ახალი დიალოგი სამყაროსთან და თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ის ქვეყანა იქნება ყველაზე წარმატებული, რომელიც პირველი მოახერხებს და იპოვნის ამ პრობლემის გადაჭრის გზას და დროის მოთხოვნების შესაბამისად გარდაქმნის თავის განათლების სისტემას.

ეპოქამ შემოიტანა ახალი მსოფლმხედველობრივი პარადიგმა და ამის გამო აუცილებელია ღრმა, ფილოსოფიური გააზრება ყოველივე იმისა, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება. სხვათაშორის, პირველად ამ პარადიგმამ თავი იჩინა კვანტურ მექანიკაში: "თითქოს მიწა გამომეცალა ფეხქვეშ, თითქოს ბროლის კოშკი დამენგრა თავზე"-თქვა მაშინ ამასთან დაკავშირებით აინშტაინმა , ხოლო ჰაიზენბერგმა კი ხაზი გაუსვა იქვე იმ უკიდურესად რთულ და წინააღმდეგობებით სავსე ვითარებას, რაც შეიქმნებოდა ამ სიახლის გამოჩენის შემდეგ საზოგადოებრივ მოვლენათა სფეროში. დღეს დადგა სწორედ ეს დრო , დღეს სწორედ ეს ვითარებაა! "ყოველივე ეს მოგვაგონებს მდუღარე ნავთის დალევას" - ასე აღიქვა ეს ბრაკმა. "ის, რისიც ეშინია შიშს, არის ყოფნა ამ სამყაროში"- გვეუბნება ჰაიდეგერი; მოგვიანებით კი პრიგოჟინი იტყვის: "ჩვენ ვცხოვრობთ შემთხვევითობით სავსე სამყაროში, ცხოვრება აქ ძალიან ძნელია, მაგრამ სხვა გამოსავალი ჩვენთვის არ არსებობს."

თანამედროვე ადამიანმა თავი უეცრად იგრძნო ქაოსში, მან დაკარგა ჰარმონიისა და წესრიგის განცდის გრძნობა, დაეუფლა შიში, სასოწარკვეთა და გაუჩნდა მოთხოვნილება ისევ ზოგადი იდეოლოგიისადმი, რომელიც, როგორც წესი, კრავს და აერთებს საზოგადოებას ერთ ჩამოყალიბებულ მთელად. "იქონიე ვაჟკაცობა იარსებო მთელში" - ამბობდა გენიალური გოეთე; და მართლაც, ყოველთვის, როდესაც ინგრევა მთელი, იწყება ანარქია. საზოგადოებას კი შინაგანად ანგრევს მისი მოქალაქეების აღვირახსნილი თავისუფლება.

ბევრი მიხვდა იმას, რომ დღეისათვის საკმარისი აღარ არის უკვე მხოლოდ სპეციალობის დაუფლება, რომ რეალობის ადეკვატური აღქმისათვის აუცილებელია აგრეთვე მოქალაქეობრივი პოზიციების ფორმირება და მეცნიერული მსოფლმხედველობა, რაც მიიღწევა მხოლოდ კრიტიკული თეორიული აზროვნების განვითარებისა და ფილოსოფიური განათლების გზით, რასაც, სამწუხაროდ, დღეს არავითარი ყურადღება აღარ ექცევა.

დრო მთელი სიმწვავით ითხოვს ინტეგრირებულ, გამთლიანებულ, ინკლუზიურ განათლებას, ეს კი ყალიბდება არა უბრალო დეკლარაციული ხასიათის განცხადებებით და ზერელე საუბრებით ამ პრობლემაზე, არამედ მხოლოდ ღრმა მეცნიერული დისციპლინათაშორისი კვლევების ბაზაზე, რაც უზრუნველყოფს შემდგომ, თავის მხრივ, როგორც განათლების პროცესის მთლიანობას, ისე პედაგოგიური პროცესის სისტემურ ხასიათს. ამ ტიპის განათლება უყალიბებს ადამიანს სამყაროს, როგორც მთელის ხედვის უნარს და ეს არის სწორედ გამთლიანებული ცნობიერება.

მისი ფორმირებისათვის აუცილებელია, რომ ფილოსოფიის სწავლება ყველა დარგისათვის წარიმართოს პროფილის მიხედვით, რის დროსაც თითეული დარგის წარმომადგენელი, როგორც წესი, სისტემატურად გააკეთებს თავის დარგში მომხდარი პარადიგმული ცვლილებების მსოფლმხედველობრივ ასპექტში ანალიზს და შეფასებას, ხოლო პერიოდულად წაიკითხავს კიდეც ფართო აუდიტორიისთვის ამ თემაზე საჯარო ლექციებს, ისე, როგორც აკეთებდნენ ამას თავის დროზე ჩვენი წამყვანი მეცნიერები. ეს ლექციები, როგორც წესი, ტარდებოდა საზოგადოება "ცოდნის" ხაზით და ძლიერ უწყობდა ხელს ცოდნის ინტეგრაციის პროცესს და ახალი მეცნიერული მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას

ჩვენი ყველასათვის კარგად ცნობილი მეცნიერები აკეთებდნენ ამას ისეთ მაღალ დონეზე, რომ თვით ნილს ბორმაც კი მიიღო ერთხელ მონაწილეობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე მუდმივად ფუნქციონირებად ფილოსოფიურ სემინარში. მან მაშინ მწვავედ გააკრიტიკა პოზიტივიზმი და პოსტპოზიტივიზმი და მთლიანად დაუჭირა მხარი ქართველი ფიზიკოსების (მ.მირიანაშვილი, ვ.მამასახლისოვი) მიერ "ბორის დამატებითობის პრინციპის " მსოფლმხედველობრივ ინტრეპეტაციას, რაც მაშინ ძალზე აქტუალური საკითხი იყო და მსოფლიო ფილოსოფიური დისკუსიების ცენტრში იდგა ეს პრობლემა. ეს იყო ახალი სიტყვა დიალექტიკაში. პოზიტივიზმის შესახებ კი მან თქვა: "მე არ მინახავს უფრო სულელური ფილოსოფია"-ო. სხვათაშორის, იგივე შეფასება მისცა პოზიტივიზმს აინშტაინმაც თავის ნაშრომებში, თუმცა მას ბორისაგან პრინციპულად განსხვავებული მსოფლმხედველობრივი პოზიციები ქონდა კვანტურ მექანიკასთან დაკავშირებით და დისკუსია მათ შორის 20 წელი გრძელდებოდა.

დასანანი იქნება, ნამდვილად, თუ საქართველო დაკარგავს თეორიული აზროვნების იმ მაღალ კულტურას და სამყაროს ახალი კანონზომიერებების კვლევაში მიღებულ იმ უნიკალურ შედეგებს, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს დღეს ახალი მეცნიერული მსოფლმხედველობის ფორმირებისათვის და განსაკუთრებით კი განათლების სისტემის რეფორმისათვის; რეფორმა კი ნამდვილად არ მიდის ისე, როგორც უნდა მიდიოდეს. აქ წამოჭრილი პრობლემები ვერ გადაიჭრება, რაღაც ზერელე, ზედაპირული საუბრებით და არაპროფესიული გზებით სხადასხვა უცხოური ქვეყნების ანალოგების ძიების ფორმატში; ამისათვის საჭიროა და აუცილებელი ყველა წამოჭრილი საკითხის ღრმა, მსოფლმხედველობრივი და მეცნიერული ხასიათის ანალიზი და შეფასება. ყველა ქვეყანას აქვს თავისი რეალობა და თავისი გზა განვითარებისათვის, ჩვენც ყველა სფეროში გვჭირდება ჩვენი, მეცნიერული, ეროვნული ინტერესების გამომხატველი პოლიტიკა. გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალი, იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად გადავჭრათ ქვეყნის სასიცოცხლო პრობლემები. თეორიული აზროვნების მაღალი კულტურის სახით კი მსოფლმხედველობრივ ასპექტში დიდი განძი დაგვიტოვა ჩვენ ვ.მამასახლისოვმა, მ.მირიანაშვილმა, ლ.გოკიელმა, კ.ბაქრაძემ, ს. წერეთელმა, ზ.კაკაბაძემ... გამოვიყენოთ ჩვენი დიდი მეცნიერების ეს სერიოზული მონაპოვარი და განათლების სფეროში მაინც ნუღარ ვისაუბრებთ "დედალი და მამალი ძროხების ". ტერმინოლოგიით.

და ბოლოს: ცნობილი მეცნიერი გ.ჭოღოშვილი თავის წიგნში "ლევან გოკიელი" წერდა : "მკაცრი და მომთხოვნი ანდრია რაზმაძის პირველი მოწაფე ლ. გოკიელი დატოვებული იქნა უნივერსიტეტში საპროფესოროდ მოსამზადებლად... ლ.გოკიელმა იმ დარგში დაიწყო მუშაობა, სადაც მოღვაწეობდნენ ჰილბერტი ,და კანტორი , დიდი პუანკარე და პეანო , აგრეთვე უაითჰედი , რასელი , ვაილი , ბროუერი და სხვ. როდესაც ა. რაზმაძე ლ. გოკიელის პირველ ლექციას დაესწრო, მან იმავე დღიდან საგნის ერთი ნაწილის წაკითხვა ლ. გოკიელს მიანდო. ეს უბრალო ამბავი როდი იყო: ძლივს რომ მოვიპოვეთ, იმ უნივერსიტეტის პირველი გამოშვების წარმომადგენელი ღირსეულად იბარებდა უმნიშვნელოვანესი საუნივერსიტეტო კურსის ხელმძღვანელობას... მე ბედნიერება მქონდა ვყოფილიყავი მისი სტუდენტი ... არაჩვეულებრივად მიმზიდველი, თითქმის ჯადოსნური იყო მისი ლექციები . ჩვენ იმ დროს ვკითხულობდით უამრავ წიგნებს და გვიხაროდა, რომ ჩვენი ლექტორის ახსნა- განმარტება და მიდგომა ყოველთვის უფრო ღრმა და ამომწურავი იყო , ვიდრე უცხოელ ავტორთა მიდგომები "...

ეს ციტატა მოვიყვანე უბრალოდ იმიტომ , რომ ახალგაზრდობამ იცოდეს, თუ ვისი გორისა არის! ასე რომ , პატივი ვცეთ სხვას , მაგრამ მოვითხოვოთ ჩვენი თავისადმი პატივისცემაც.

გილდა სიხარულიძე

(R)