აჭარის ტურისტული პროდუქტები მინსკის საერთაშორისო გამოფენაზე - კვირის პალიტრა

აჭარის ტურისტული პროდუქტები მინსკის საერთაშორისო გამოფენაზე

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა მინსკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში LEISURE 2018 მიიღო მონაწილეობა. აჭარის ტურისტული პროდუქტები დეპარტამენტმა გამოფენაზე დამოუკიდებელი სტენდით წარადგინა, სადაც ქვეყნისა და რეგიონის შესახებ ვიზიტორებს ამომწურავი ინფორმაციის მიღება 4 დღის განმავლობაში შეეძლოთ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეხვედრები ბელარუსიის ტურიზმის სამინისტროს, ტურისტული და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან გამართეს. საქართველო ბელარუსიისთვის ტურისტულად მიმზიდველი ქვეყანაა, სადაც ბელარუსი მოგზაურების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება.

"ჩვენი ქვეყნები მჭიდროდ თანამშრომლობენ ბევრი მიმართულებით, მათ შორისაა ტურიზმი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტურიზმის კუთხით ბელარუსში დაგეგმილი სარეკლამო აქტივობები, რადგან პოტენციურ ტურისტებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობას ბევრი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის ტურისტული პროდუქტების შესახებ. საქართველოში ყოველწლიურად იზრდება კიდეც ბელარუსი მოგზაურების რაოდენობა. მაგალითად, გასულ წელს საქართველოს 47,988 ბელარუსი სტუმრობდა, რაც 29%-ით აღემატება 2016 წლის მონაცემებს. აჭარის ტურისტული პოტენციალის რეკლამირების მიზნით უკვე რამდენიმე წელია აქტიურად ვთანამშრომლობთ რეიტინგულ მედიასაშუალებებთან და ტურისტულ კომპანიებთან ბელარუსში და ბუნებრივია, წელსაც ჩვენი პოტენციური ტურისტები ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებენ ჩვენი ტურისტული შესაძლებლობების შესახებ," - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, სულხან ღლონტმა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტთან ერთად გამოფენაში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ტურისტული სააგენტოები მონაწილეობდნენ. მიმდინარე წლის ბოლომდე აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს ჯამში 25 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაიცნობენ.

(R)