"ბიბლუსი" შენს სკოლაში - გრანდიოზული პროექტი სკოლებისთვის დაიწყო! - კვირის პალიტრა

"ბიბლუსი" შენს სკოლაში - გრანდიოზული პროექტი სკოლებისთვის დაიწყო!

"პროექტი ემსახურება სკოლის მოსწავლეებში წიგნის კითხვის პოპულარიზაციასა და თავისუფალი აზროვნების განვითარებას"

წიგნის მაღაზიათა ქსელმა "ბიბლუსმა" 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ახალი გრანდიოზული პროექტი დაიწყო, რომლის მთავარი სამიზნე ჯგუფი კითხვისა და ლიტერატურის მოყვარული სკოლის მოსწავლეები არიან. პროექტი "ბიბლუსი შენს სკოლაში" რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. "ბიბლუსის" წარმომადგენლები მიდიან სკოლებში, სადაც იმართება პროექტის პრეზენტაცია, ლიტერატურული მინიოლიმპიადა და ბავშვებს, რომლებიც საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ, ექნებათ შესაძლებლობა, გახდნენ "ბიბლუსის" წიგნის კლუბის წევრები და მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ღონისძიებაში, მათ შორის, პერიოდულად შეხვდნენ ქართველ მწერლებს, დაესწრონ წიგნის განხილვებს, კინოჩვენებებსა და არაერთ საინტერესო ღონისძიებას. დეტალებზე "კვირის პალიტრას" პროექტის მენეჯერი ანი ამირანაშვილი ესაუბრა:

- 2018 წელი წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსისთვის" საიუბილეო წელია, ჩვენ 10 წლის ვხდებით და ამ მნიშვნელოვან თარიღს ჩვენს მკითხველებთან ერთად ახალი პროექტებით აღვნიშნავთ. ერთ-ერთი ასეთი პროექტია "ბიბლუსი შენს სკოლაში", რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სეგმენტს - სკოლის მოსწავლეებს მოიცავს. ჩვენი პროექტი ემსახურება სკოლის მოსწავლეებში წიგნის კითხვის პოპულარიზაციასა და თავისუფალი აზროვნების განვითარებას. გვსურს, ბავშვებმა უფრო აქტიურად დაიწყონ წიგნის კითხვა, არ დაკმაყოფილდნენ მხოლოდ კონკრეტული ტექსტებით, დაიწყონ ფიქრი წაკითხულზე, გამოიტანონ დასკვნები - ეს ყველაფერი მათ თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბებაში დაეხმარება. პროექტი ორი მნიშვნელოვანი ნაწილისგან შედგება: სკოლებში ვიზიტი მინიოლიმპიადებითა და ლიტერატურული ვიქტორინით და წიგნის კლუბი, რომელშიც სწორედ ვიქტორინაში გამორჩეული ბავშვები გაწევრიანდებიან. სკოლის მოსწავლეებისთვის "ბიბლუსი" არაერთ საინტერესო აქტივობას დაგეგმვას და რაც მთავარია, ამ ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ სხვა, მსგავსი ღონისძიებების მოფიქრებასა და ორგანიზებაში, რაშიც მათ "ბიბლუსი" დაეხმარება.

11 აპრილს პირველ ლიტერატურულ ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები "ბიბლუსი გალერეაში" დავაჯილდოეთ, გადავეცით სერტიფიკატები და გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ერთ-ერთი წარმატებული პროექტის, "ლიბერქიდსის" სერიის წიგნები.

გარდა ამისა, მადლობის სიგელი გადავეცით სკოლებს ახალგაზრდებს შორის წიგნის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

- "ბიბლუსი შენს სკოლაში" ერთჯერადი პროექტია თუ პერიოდულად კვლავ ეწვევით სკოლებს?

- ეს არ იყო ერთჯერადი ღონისძიება, ჩვენ ვაგრძელებთ სხვადასხვა სკოლასთან თანამშრომლობას. პროექტის ფარგლებში "ბიბლუსი" რამდენიმე სკოლას ესტუმრა, თუმცა ჩვენი მიზანია, პროექტში ჩაერთონ სხვა სკოლები და მოსწავლეებიც. 11 აპრილს, დაჯილდოების ცერემონიაზე დაიწყო "ბიბლუსის" წიგნის კლუბისთვის მოსწავლეების შერჩევა,"ძიებას მომავალშიც გავაგრძელებთ. კლუბში წიგნის მოყვარული და აქტიური მოსწავლეები გაწევრიანდებიან, რაც, ვფიქრობ, მათ აუმაღლებს მოტივაციას, იკითხონ მეტი წიგნი და ხელი შეუწყონ თანატოლებს შორის წიგნის პოპულარიზაციას.

- როგორია მოსწავლეებისა და სკოლების დაინტერესება?

- თავდაპირველად შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩვენ განვსაზღვრეთ, რომელ სკოლაში მივსულიყავით, მაგრამ მას შემდეგ, რაც პროექტის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა როგორც სოციალური ქსელით, ასევე მედიით, არაერთი სკოლის ხელმძღვანელი თვითონ დაგვიკავშირდა, მათთან მისვლა გვთხოვა და პროექტში ჩართვის სურვილიც გამოთქვა. ასე რომ, დაინტერესება მაღალია. დარწმუნებული ვარ, ამ პროექტით ჩვენს წვლილს შევიტანთ ახალგაზრდების განვითარებასა და განათლებაში.

რუსუდან შელია