პირველად აღმოსავლეთ ევროპაში! - კვირის პალიტრა

პირველად აღმოსავლეთ ევროპაში!

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სპეციალისტები და BTU-ს სტუდენტები პროექტებზე ერთობლივად იმუშავებენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) რექტორმა მიხეილ ბატიაშვილმა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან (MIT) თანამშრომლობის დეტალები განიხილეს, რომლის თანახმად, თბილისში MIT-ის მხარდაჭერით, გლობალური სტარტაპ ლაბი შეიქმნება. ურთიერთშეთანხმებას BTU-მ, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან, აშშ-ში სპეციალური ვიზიტის ფარგლებში მიაღწია. გლობალური სტარტაპ ლაბი, რომელიც სილიკონ ველი თბილისის ტერიტორიაზე, MIT-ის მხარდაჭერით შეიქმნება, ერთადერთი იქნება ამიერკავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში. ლაბის ფარგლებში, MIT სპეციალისტების მენტორობით შეიქმნება ტექნოლოგიური სტარტაპები და მოხდება მათი საერთაშორისო ბაზარზე კომერციალიზაციის მხარდაჭერა. გლობალური სტარტაპ ლაბის შექმნა შესაძლებლობას მისცემს ქართველ სტუდენტებს გაიზიარონ მსოფლიოს საუკეთესო სამეწარმეო კულტურა და შექმნან ისეთი ინოვაციური ბიზნესი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში და რეგიონში, სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმულირებას და ციფრული ეკონომიკის განვითარებას. პროგრამის ფარგლებში, MIT-ის სპეციალისტები, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებს 8 კვირის განმავლობაში გადაამზადებენ მეწარმეობისა და სტარტაპის ტექნიკური მხარდაჭერის მიმართულებით და მოამზადებენ მათ დემო დღისთვის, რომელიც მსოფლიოს უმსხვილესი ვენჩურული ინვესტორების წინაშე გაიმართება. შეხვედრისას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი მიხეილ ბატიაშვილი წარმოადგენენ პროექტის დეტალებსა და იმ შესაძლებლობებს, რომლითაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტები სტარტაპ ლაბის ფარგლებში ისარგებლებენ.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართული შეხვედრისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან შეთანხმების დეტალებზე "კვირის პალიტრა" ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორს, მიხეილ ბატიაშვილს ესაუბრა: - მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი მთელ მსოფლიოში ყველაზე გავლენიან სასწავლო დაწესებულებად არის მიჩნეული, უფრო კარგად რომ წარმოვიდგინოთ ინსტიტუტის მასშტაბი, კონკრეტულ სტატისტიკას მოვიშველიებ: MIT-ის კურსდამთავრებულებმა 35 000 წარმატებული კომპანია დააფუძნეს, ორ ტრილიონამდე ფინანსური ბრუნვა აქვთ და ხუთ მილიონზე მეტი ადამიანი ჰყავთ დასაქმებული. ასე რომ, არა მხოლოდ BTU-სთვის, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პრეცედენტია, რომ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა ჩვენთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა, რის საფუძველზეც BTU-სა და MIT-ის სტუდენტები და სპეციალისტები ერთობლივად ჩაერთვებიან წარმატებული კომპანიების შექმნაში, ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ და შექმნიან ბაზას, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი ფინანსურად წარმატებული სტარტაპი ამუშავდეს. სხვათა შორის, ყველა ქვეყანაში, სადაც მსგავსი ტიპის ხელშეკრულება გააფორმა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა, კონკრეტული შედეგი მალევე გახდა საზოგადოებისთვის თვალსაჩინო, ჩვენც სწორედ ასეთი მოლოდინი გვაქვს - გარდა ახალი, წარმატებული კომპანიების შექმნისა, მნიშვნელოვანია, რომ როდესაც MIT-ის მსგავს მასშტაბურ ინსტიტუტთან თანამშრომლობ, საერთაშორისო ორგანიზაციები, კომპანიები თუ ფონდები მეტ ნდობას გიცხადებენ, მათ შორის, ფინანსური დახმარების კუთხითაც. ეს კიდევ დამატებითი მოტივაცია იქნება ჩვენი სტუდენტებისთვის, რომ აქტიურად იფიქრონ საკუთარი სტარტაპის შექმნაზე.

- როდის დაიწყებენ BTU-სა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სტუდენტები და სპეციალისტები პროექტებზე ერთობლივად მუშაობას და ვინ დააფინანსებს სტუდენტების სტარტაპ იდეას?

- დაფინანსების თვალსაზრისით, არაერთი მოდელი არსებობს, შესაძლოა, ცალკე შეიქმნას ფონდი როგორც ჩვენი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით. რეალური პროექტების შემუშავების შემდეგ, აქტიურად ჩავერთვებით ამ პროექტების წარმატებით განხორციელებაში. გამოცდილების მისაღებად აშშ-ში ხანგრძლივი ვიზიტით ვიმყოფებოდით, ვაკვირდებოდით, როგორ იყვნენ სტუდენტები ჩართული პროექტების მომზადებაში და როგორ ხდებოდა მათი სისრულეში მოყვანა. თანამშრომლობა სექტემბრიდან დაიწყება, ამისთვის BTU განსაკუთრებულად ემზადება. ჩვენი სტუდენტები შეძლებენ მიიღონ ცოდნა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ტექნოლოგიური ინსტიტუტისგან და შექმნან წარმატებული ბიზნესი.

რუსუდან შელია