იჩქარე! წაიკითხე! მიეცი ხმა რჩეულ ავტორს! - კვირის პალიტრა

იჩქარე! წაიკითხე! მიეცი ხმა რჩეულ ავტორს!

გამომცემლობა "პალიტრა L"-ის სახალხო კონკურსი "გახდი ბესტსელერის ავტორი 2018" ყველაზე საინტერესო ეტაპზე გადადის - ასი განაცხადი ვებგვერდზე უკვე აიტვირთა, სადაც ფავორიტი ნაწარმოებისა და ავტორისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობა ნებისმიერ მკითხველს აქვს. სწორედ თქვენი რჩეული ავტორები გადავლენ კონკურსის მეორე ეტაპზე, საიდანაც, საბოლოოდ, ხუთი გამარჯვებული გამოვლინდება. შეგახსენებთ, "გახდი ბესტსელერის ავტორის" მთავარი მიზანი ქართველი მწერლების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენაა - ყველას, ვისაც წერა უყვარს, ფიქრობს, რომ ამბის გადმოცემა კარგად გამოსდის, საკუთარ წიგნსა და წარმატებულ სამწერლო კარიერაზე ოცნებობს, ჰქონდა შესაძლებლობა, საკუთარი ნაწარმოების მცირე ნაწილი გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ელექტრონულ ფოსტაზე გამოეგზავნა.

პროექტი მეორე წელია ხორციელდება. პირველი სეზონის გამარჯვებულები თათული ღვინიანიძე, შორენა ხუხუა, ია კარგარეთელი და ელის დოჯსონი გახდნენ. მას შემდეგ მათი რომანები ფართო საზოგადოებამ გაიცნო და შეიყვარა. ჰქონდათ წიგნების პრეზენტაციები, მიწვეული იყვნენ სხვადასხვა ტელე და რადიოგადაცემებში, მონაწილეობდნენ "ბიბლუსის" ლიტერატურულ ტურნეში" და ა.შ. ამჯერად, ასპარეზი კიდევ ერთხელ ეთმობა როგორც დამწყებ, ასევე უკვე შემდგარ მწერლებს. "კვირის პალიტრას" კონკურსის დეტალებზე გამომცემლობა "პალიტრა L"-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ნათია ზაქრაძე ესაუბრა:

- კონკურსში "გახდი ბესტსელერის ავტორი 2018" მონაწილეობის მისაღებად განაცხადების შემოტანის ერთთვიანი პერიოდი დასრულდა. მოგეხსენებათ, 15 აპრილამდე 18 წლის ასაკიდან ნებისმიერ მსურველს შეეძლო გამოეგზავნა კონკრეტულ ელექტრონულ მისამართზე საკუთარი ნაწარმოების მცირე ნაწილი. მართლაც უპრეცედენტო გამოხმაურება მოჰყვა კონკურსის გამოცხადებას, უამრავი განაცხადი შემოვიდა, რომლებსაც გამომცემლობის რედაქტორები გაეცნენ. ნაწარმოებები გადახარისხდა და ამ ეტაპისთვის კონკურსზე სამასამდე ნაწარმოებიდან ასამდე განაცხადია ატვირთული, რომლის წაკითხვაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია და, რა თქმა უნდა, ასევე ნებისმიერ მკითხველს აქვს შესაძლებლობა საკუთარ ფავორიტს ხმის მიცემით დაუჭიროს მხარი.

აღსანიშნავია, რომ ხმის მიცემის გამოცხადებისთანავე, კონკურსის ამ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპზე მკითხველები აქტიურად ჩაერთნენ. სოციალურ ქსელში ინტენსიურად გულშემატკივრობენ ფავორიტებს, განიხილავენ სხვადასხვა ავტორის ნამუშევარს და აცნობენ საზოგადოებას ახალ ავტორს. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანიც - რაც შეიძლება ფართო აუდიტორიამ გაიცნოს ნიჭიერი მწერალი, რომლის შესახებაც შესაძლოა აქამდე არ გვსმენია, მაგრამ მკითხველის სიყვარულს ნამდვილად იმსახურებს.

- მით უმეტეს, გამარჯვებულებს გამომცემლობა "პალიტრა L"-ი მართლაც უნიკალურ შანსს სთავაზობს - წიგნის გამოცემასა და პოპულარიზაციას, რაც, ბუნებრივია, ნებისმიერი ავტორისთვის მნიშვნელოვანი დახმარებაა.

- რა თქმა უნდა, კონკურსის მიზანი არ არის რომელიმე კონკრეტული პიროვნების მხარდაჭერა.

ჩვენი ამოცანაა ქართულ თანამედროვე ლიტერატურულ სამყაროს შევძინოთ ახალი და ძალიან საინტერესო ნაწარმოებები, რომლებიც დღეს შესაძლოა არსებობენ მხოლოდ იდეების დონეზე, ადამიანთა გონებაში ან თუნდაც პერსონალურ კომპიუტერში, მაგრამ რეალიზების საშუალება არ მისცემიათ.

მოგეხსენებათ, ნებისმიერი კარგი იდეის ხორცშესხმა ფინანსებთან არის დაკავშირებული, რისი შესაძლებლობაც შესაძლოა ბევრ ნიჭიერ ავტორს არ ჰქონდეს, სწორედ ამისთვის ვართ ჩვენ - "გამომცემლობა "პალიტრა L"-ი. ჩვენ უზრუნველვყოფთ კარგი ნაწარმოების ფართო საზოგადოებამდე მიტანას. ახლა მთავარია, საზოგადოება დაგვეხმაროს და აქტიურად ჩაერთოს ნიჭიერი და ნამდვილი მწერლების ძიების პროცესში. მათ უნდა აირჩიონ ავტორი, რომლის ნაწარმოებსაც სიამოვნებით წაიკითხავენ. ეს მნიშვნელოვანი მოტივაციაა თავად ავტორისთვისაც, რათა უფრო თამამად გადადგან ეს ნაბიჯი და წარმატებით დაიწყონ სამწერლო კარიერა.

- რამდენ ხანს გასტანს ხმის მიცემის პროცედურა?

- ხმის მიცემა ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ვებგვერდის თითოეულ ვიზიტორს შეუძლია ფავორიტს მხოლოდ ერთხელ მისცეს ხმა მობილური ტელეფონით. მარტივია კონკურსის საიტის დიზაინი, სადაც დეტალურადაა ნაჩვენები, რამდენი ხმა მიიღო კონკრეტულმა ავტორმა და ა.შ. შესაძლოა, ასივე ნაწარმოები მკითხველმა ვერც წაიკითხოს, თუმცა ბესტსელერის მთავარი თვისება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ პირველივე წინადადებიდან ჩაითრიოს და დააინტერესოს მკითხველი. სწორედ ასეთი ავტორი უნდა ვიპოვოთ.

კონკურსის მეორე ეტაპზე ასიდან 20 კონკურსანტი გადავა - 10 ხალხის რჩეული, 10 კი - პროფესიონალი ჟიურის. საბოლოოდ კი, ხუთ გამარჯვებულს გამოვავლენთ, რომელთაგანაც, ასევე სამს - საზოგადოება, ორს კი ჟიური გამოავლენს.

ამიტომ მოვუწოდებ ლიტერატურით დაინტერესებულ ყველა ადამიანს, ჩაერთოს ხმის მიცემაში, შემოვიდეს ვებგვერდზე, გაეცნოს ავტორებსა და ტექსტებს და, რაც მთავარია, დაეხმაროს მისთვის საინტერესო ნამუშევარს წიგნად გადაქცევაში.

ვებგვერდი: www.palitral.ge/konkursi

რუსუდან შელია