ქართული ენის დისტანციური სწავლება საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ოჯახებისთვის - კვირის პალიტრა

ქართული ენის დისტანციური სწავლება საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ოჯახებისთვის

ქვეყნის ფარგლებს გარეთ ბევრი ქართველია წასული, მათი გარკვეული ნაწილი მთელი ოჯახითაც კი. ქართველი მშობლები, რომლებიც საზღვარგარეთ უკვე წლებია ცხოვრობენ და მუშაობენ, ხშირად გამოთქვამენ წუხილს იმის გამო, რომ მათ პატარებს ქართული ენის სწავლის შესაძლებლობა ნაკლებად აქვთ.

თუმცა ქართული ენის დისტანციური სწავლების პროექტის საშუალებით, ქართულ ოჯახებს ეძლევათ შესაძლებლობა, რომ მათმა შვილებმა ქართული ენა სრულფასოვნად შეისწავლონ. პროექტის დეტალებზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტანდარტების განვითარებისა და დანერგვის სამსახურის უფროსს, მარიკა სიხარულიძეს ვესაუბრეთ.

- ქართული ენის დისტანციური სწავლების სკოლა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ფუნქციონირებს და განკუთვნილია უცხოეთში მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის, რომელთაც ოჯახთან ქართულ ენაზე ურთიერთობის დეფიციტი აქვთ. სწორედ ამ მიზნით, ცენტრმა 2016 წელს საპილოტე რეჟიმში ზემოაღნიშნული პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტის მიზანია საზღვარგარეთ ემიგრაციაში წასული ოჯახებისთვის ენის სწავლება და ქართულ კულტურასთან ზიარება.

- როგორ ხდება ჯგუფების დაკომპლექტება?

- ჩვენი ონლაინ ბანერი განთავსებულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდებზე http://www.distancelearning.mes.gov.ge/ge, სადაც მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირება. მოსწავლეთა ასაკი 5-დან 15 წლამდეა. სასწავლო ჯგუფების დაკომპლექტება ასაკობრივი საფეხურის და ენის ფლობის კომპეტენციის საფუძველზე განისაზღვრება.

- ამ ეტაპზე რამდენი მოსწავლე-მასწავლებელია ჩართული პროგრამაში?

- ამ ეტაპზე გვყავს 255 მოსწავლე. თითოეულ ონლაინ ჯგუფში 3-4 მოსწავლეა და პროექტში ქართულის, როგორც მეორე ენის, 32 მასწავლებელია ჩართული. წლის ბოლომდე ვაპირებთ გავზარდოთ როგორც პედაგოგების, ისე მოსწავლეების რაოდენობა.

- რომელი ქვეყნებია ჩართული აღნიშნულ პროგრამაში?

- საპილოტე პროექტი დავიწყეთ დიდ ბრიტანეთში. თავდაპირველად ინგლისში მცხოვრები 8 ქართველი მოსწავლე ჩაერთო პროგრამაში და ახლა უკვე ჩვენი პროექტი ხორციელდება ბრიტანეთში, გერმანიაში, ისრაელში, თურქეთში, აშშ-ში, რუსეთში, ავსტრიაში, შუა აზიის რამდენიმე ქვეყანაში. საერთო ჯამში, ამ პროექტში მსოფლიოს 38-მდე ქვეყანაა ჩართული.

- რა კრიტერიუმით შეირჩნენ მასწავლებლები?

- პედაგოგების შერჩევა მოხდა გასაუბრების შედეგად. მათ უნდა ჰქონოდათ მინიმალური კომპეტენცია დისტანციური ფორმატის სწავლებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ფლობის გარკვეული დონე. მნიშვნელოვანია, რომ პროექტში მეტწილად რეგიონის მასწავლებლები არიან ჩართულნი.

- როგორია გაკვეთილების ხანგრძლივობა?

- გაკვეთილების ხანგრძლივობა შეადგენს დაახლოებით 20-25წუთს, მეტის საშუალებას დისტანციური სწავლების ფორმატი არ იძლევა. სპეციალისტების შეფასებით, ამ ფორმატის ფარგლებში მეტი დრო სწავლებისთვის მიზანშეწონილი არ არის.

- ბუნებრივია, მკითხველს გაუჩნდება კითხვა, ეს სწავლება არის თუ არა უფასო?

- საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის ეს პროგრამა სრულიად უფასოა. მასწავლებლები კი ანაზღაურებას ჩვეულებრივ იღებენ.

- რა პერიოდს მოიცავს სასწავლო პროგრამა?

- სასწავლო პროგრამის თითო კურსი რამდენიმე თვე გრძელდება. ფაქტობრივად, წელიწადში 2 კურსს ვასწრებთ. გაზაფხულის კურსი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ზაფხულში არდადეგების დაწყებასთან ერთად დასრულდება. სექტემბრიდან დისტანციური სწავლების კურსი კვლავ განახლდება.

თეა ბეჟიტაშვილი