ჟურნალი "მასწავლებელი" 10 წლის გახდა - კვირის პალიტრა

ჟურნალი "მასწავლებელი" 10 წლის გახდა

საინფორმაციო-საგანმანათლებლო ჟურნალი "მასწავლებელი" 10 წლის გახდა. ჟურნალის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სასტუმრო "ჰოლიდეი ინ"-ში საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიებაზე ჟურნალის რედაქტორმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა 10 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობა შეაჯამეს. საზეიმო მიღებაზე მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა და ჟურნალის რედაქციამ ის ავტორები დააჯილდოვეს, რომლებიც 10 წლის განმავლობაში საგანმანათლებლო რესურსებს ქმნიდნენ და ქმნიან მასწავლებლებისთვის, მშობლებისთვის, მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის, განათლების სპეციალისტებისთვის და ამით პოპულარიზებას უწევენ მასწავლებლის საქმიანობას და პროფესიას.

ჟურნალი "მასწავლებელი" საქართველოს ყველა სკოლას და საგანმანათლებლო რესურსცენტრს საჩუქრად გადაეცემა. საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მასწავლებლებისთვის და განათლების სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის ასევე ხელმისაწვდომია ელექტრონული ჟურნალი mastsavlebeli.ge, რომელიც ყოველდღიურად ახლდება ახალი რესურსებით. ამავე პროგრამის ფარგლებში ყოველ წელს, მასწავლებლის ბიბლიოთეკას "მასწავლებლის წიგნის" ორი ახალი წიგნი ემატება, რაც მნიშვნელოვანი და საჭირო რესურსია ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებისთვის.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, გიორგი მაჩაბელის თქმით, ჟურნალმა "მასწავლებელმა" 10 წლის განმავლობაში დიდი პროგრესი განიცადა.

"თავიდან ერთი ბეჭდური ჟურნალით დაიწყო, ახლა უკვე გვაქვს ინტერნეტ-ჟურნალიც mastsavlebeli.ge და სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალი განათლების მკვლევრებისთვის, სტუდენტებისთვის "განათლების მეცნიერება" jes.org.ge. რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, ჟურნალ "მასწავლებლის" მოყვარულთა რაოდენობა იზრდება, ხარისხი წლიდან წლამდე იხვეწება. ის ერთ-ერთი გამორჩეული და მაღალი ხარისხის პროდუქციაა, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ჟურნალის რედაქციასთან ერთად ქმნის. ჟურნალი ითვალისწინებს პედაგოგების საჭიროებებს, პრობლემებს და აწვდის მათ ძალიან საჭირო რესურსს პროფესიული მოღვაწეობის გაუმჯობესებისთვის", - ამბობს გიორგი მაჩაბელი.

ჟურნალის ათწლიანი მუშაობა შეაჯამა "მასწავლებლის" მთავარმა რედაქტორმა ნატო ინგოროყვამ.

"ჟურნალი "მასწავლებელი" უკვე ათი წელია გამოიცემა და საქართველოს ყველა სკოლას და საგანმანათლებლო რესურსცენტრს საჩუქრად გადაეცემა. ჟურნალი ემსახურება მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას და განათლების სპეციალისტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს, მოსწავლეებს აწვდის საჭირო რესურსს, აცნობს განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეებს. მიხარია, რომ ჟურნალმა გამოცდას გაუძლო, ის კვლავ აგრძელებს ჩვენი მკითხველებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი რესურსის მიწოდებას და არ კარგავს აქტუალობას. ჟურნალში დაბეჭდილი სტატიები მასწავლებლებისთვის როგორც საგნობრივი კომპეტენციების, ასევე მათი პროფესიული განვითარებისთვის საჭირო რესურსია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავად მასწავლებლები ქმნიან საგანმანათლებლო რესურსებს, ჟურნალის და ონლაინ გამოცემის საშუალებით აცნობენ და უზიარებენ თავიანთ კოლეგებს გამოცდილებას" - ამბობს ნატო ინგოროყვა.

საიუბილეო ღონისძიებას განათლების მინისტრის მოადგილე, ლია გიგაურიც დაესწრო.

"ჟურნალი მასწავლებლებს განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებთან ერთად აცნობს მასწავლებლის საქმიანობას, რომელმა ინოვაციურმა მიდგომამ გაამართლა, რომელი მეთოდია უკეთესი, რა შეიძლება გაიზიარონ ერთმანეთისაგან, რომ თითოეული მასწავლებლის საკლასო საქმიანობა იყოს შედეგზე ორიენტირებული და მასწავლებლის საჭიროებებზე გათვლილი. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ინსტრუმენტი, ასეთი ჟურნალი არსებობს, რომელიც საქართველოს ყველა მასწავლებელს ერთმანეთთან აკავშირებს, აძლევს საშუალებას თავიანთი გამოცდილება ერთმანეთს გაუზიარონ, მისცენ ერთმანეთს რეკომენდაციები. ათი წელია ჟურნალი "მასწავლებელი" მასწავლებლების საუკეთესო მეგობარია ", - ამბობს ლია გიგაური.

ღონისძიებაზე დაჯილდოებულებს შორის ერთ-ერთი ქალბატონი ოზურგეთის #2 საჯარო სკოლის მასწავლებელი თეა ურუშაძეა.

"სიმართლე გითხრათ, ჩემთვის მოულოდნელი იყო ეს ჯილდო. მიხარია, რომ ჩემი სტატიები საინტერესოა კოლეგებისთვის. ათი წელია მასწავლებელი ვარ და იმ დღიდან ჟურნალ "მასწავლებლის" ერთგული მკითხველი. პირველივე ნომერის გაცნობის შემდეგ, როგორც პედაგოგი, ამ ჟურნალთან ერთად ვიზრდები. იმედია, ჟურნალი კიდევ დიდ წარმატებებს მიაღწევს და ყოველთვის საინტერესო და საჭირო იქნება მასწავლებლებისთვის", - ამბობს თეა ურუშაძე.

თეა ბეჟიტაშვილი