2023 წელს მსოფლიო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
18-05-2018
2023 წელს მსოფლიო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
სილქნეტი - საქართველოს სამთო-სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორი მოხარულია გაცნობოთ, რომ 2023 წელს მსოფლიო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს

17 მაისს საბერძნეთში, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის კონგრესზე გამართულ კენჭისყრაზე, ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ საქართველო 2023 წელს სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს ბაკურიანსა და გუდაურში. მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების თაობაზე განაცხადი ქართულმა მხარემ 2017 წელს გააკეთა.

ეს ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი მიღწევა იმ ძალისხმევის შედეგია, რომელიც საქართველოს მთავრობის, საქართველოს სათხილამურო ფედერაციისა
და მისი გენერალური სპონსორის - სილქნეტის და საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიამ ერთობლივად გასწიეს წლების განმავლობაში.

სილქნეტი უკვე მეათე წელია სპონსორობასა და პატრონაჟს უწევს სამთო-სათხილამურო ფედერაციას. ამ პარტნიორობის ფარგლებში ბევრი რამ გაკეთდა. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სილქნეტის მხრიდან საქართველოს ნაკრების და ცალკეული სპორტსმენების წარდგენას მსოფლიო ასპარეზობებზე,
რაც გადამწყვეტია სპორტსმენის პროფესიული ზრდისა და წარმატებისთვის. ფედერაციის ჩართულობით და სილქნეტის ხელშეწყობით საქართველოს ნაკრები წვრთნებს ზაფხულსა და შემოდგომაზე მსოფლიოს წამყვან სათხილამურო კურორტებზე გადის. მაღალმთიან რეგიონებში სპორტის ამ სახეობის გაძლიერება და განვითარება აქტიურად მიმდინარეობს. დაემატა კურორტები და განახლდა ინფრასტრუქტურა. წლეულს, ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით, წარმატებით ჩატარდა სკი კროსში ორდღიანი ტურნირი, რამაც დიდწილად განაპირობა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნად საქართველოს დასახელება.

მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა ქვეყნისთვის, უდაოდ, დიდი წარმატებაა. კომპანია „სილქნეტი“ გამოთქვამს სრულ მზადყოფნას განაგრძოს სამთო-სათხილამურო სპორტის ხელშეწყობა და ჩაერთოს 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის მზადების პროცესში.

(R)
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით