"ქართველი მეფეები" - როგორ იქმნებოდა ქართლის სახელმწიფო?
21-05-2018
"ქართველი მეფეები" - როგორ იქმნებოდა ქართლის სახელმწიფო?
სკოლაში ქართლის სამეფოს შექმნის ეპოქას ზედაპირულად გვასწავლიდნენ. იმის თაობაზე, როგორ იქმნებოდა ქართლის სამეფო, საზოგადოების წარმოდგენაც ხშირად მითოლოგიზებულია, არადა, აზოს, ფარნავაზისა და ქუჯის მმართველობის პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანია საქართველოს ისტორიაში. მით უმეტეს, რომ იმ დროს არა მხოლოდ საქართველოში, მთელ დასავლეთ აზიასა და ბალკანეთში ქვეყნების მომავალი წყდებოდა - ლიდერები ერთმანეთს საკუთარი დინასტიების დასაარსებლად ებრძოდნენ.

ქართულ ცნობიერებაში იბერიის პირველი მეფე აზონი უარყოფით გმირად ჩამოყალიბდა. როგორც ისტორიკოსი გრანი ქანთარია აღნიშნავს, აზოს შეფასების
უარყოფითი ტრადიცია ლეონტი მროველმა დაამკვიდრა. ისტორიკოსის აზრით, აზონის პიროვნულ თვისებათა დამაკნინებელ ნიშნებს თავი რომ დავანებოთ, "ქართლის ცხოვრებაში" კარგად ჩანს მისი სახე ქართლის გაერთიანების საწყის ეტაპზე.

"წარმოუდგენელია, საუკუნეთა განმავლობაში დაგროვებული ცოდნა, წერილობითი თუ ზეპირი, ლეონტი მროველს მოექცია არცთუ დიდი მოცულობის თხზულებაში "ცხოვრება ქართუელთა მეფეთა," - აღნიშნავს
გრანი ქანთარია.

როგორ ყალიბდებოდა პირველი სახელმწიფოს ნიშნები? რა როლი შეასრულეს ამ პროცესში აზომ, ფარნავაზმა და ქუჯიმ?

სწორედ მათი მოღვაწეობის სრული სურათის დანახვა შეუძლია მკითხველს გრანი ქანთარიას წიგნში "ფარნავაზი", რომელიც გამოიცა "პალიტრა L"-ის უპრეცედენტო პროექტით -""ქართველი მეფეები".

წიგნი დაგეხმარებათ, ერთმანეთისგან გამიჯნოთ ლეგენდები და რეალობა, რაც მთავარია, გაეცნოთ ქართველური ტომების გამაერთიანებელი მეფის შესახებ თანამიმდევრულ თხრობას, რაც, სამწუხაროდ, აქამდე არავის დაუსახავს მიზნად.

მწირი ცნობების მიუხედავად, ვარაუდების საფუძველზე, ნაშრომის ავტორი ცდილობს, გაავლოს ზღვარი ლეგენდასა და ისტორიას შორის და მიახლოებით მაინც დაანახოს მკითხველს ფარნავაზის სახე, თანამიმდევრულად გადმოგვცეს წყაროებში ("მოქცევაი ქართლისაი", "ქართლის ცხოვრება") მოთხრობილი ამბები. წიგნში ყურადღება გამახვილებულია ალექსანდე მაკედონელის მსოფლიო იმპერიასა და მის როლზე ქართული სახელმწიფოს წარმოქმნაში, ასევე ნაჩვენებია იმდროინდელ აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებთან ძველი საქართველოს დაკავშირების გზა.
"ფარნავაზის" ავტორი გამოთქვამს ვარაუდს, რომ ალექსანდე მაკედონელის ძლევამოსილ ლაშქრობათა რეზონანსმა ქართველურ ტომებში დამოუკიდებლობისა და ერთიანობის გრძნობის გაძლიერება განაპირობა.

აღსანიშნავია ერთი დეტალიც - გრანი ქანთარია ლეონტი მროველის ცნობებთან დაკავშირებით ზოგჯერ კითხვის ნიშნებს სვამს, მაგრამ იქვე იმასაც მიუთითებს, რომ მის გადმოცემულ, თითქოს დაუჯერებელ ამბებშიც შეიძლება სინამდვილის დანახვა. მთავარი კი სწორედ თხზულებაში - "ცხოვრება ქართუელთა მეფეთა" - აღწერილი მოვლენების სწორი გაანალიზებაა.

შეგახსენებთ, "პალიტრა L"-ის პროექტი "ქართველი მეფეები" მკითხველს აძლევს შესაძლებლობას, 24-ტომეულით გააცოცხლოს საქართველოს მეფეთა ცხოვრება, საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მართვის უნარი, მათი პიროვნული თვისებები და საქართველოს ისტორიის გარდამტეხი ეტაპები. წიგნი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გაიყიდება.

სერიის დეტალებზე "კვირის პალიტრა" პროექტის რედაქტორს, ლადო იოსებიძეს ესაუბრა:

- გრანი ქანთარია ათეული წლებია, იკვლევს ქართლის სახელმწიფოს შექმნის პერიოდს. ვიცით, რაოდენ მნიშვნელოვანი პერსონაა საქართველოს ისტორიაში მეფე ფარნავაზი, თუმცა ავტორი ყურადღებას აზოს ფაქტორზეც ამახვილებს. ავტორი ცდილობს, მითი და რეალური ფაქტები ერთმანეთისგან გავარჩიოთ. დარწმუნებული ვარ, მკითხველი წიგნში არაერთ საინტერესო ფაქტს აღმოაჩენს.

"ქართველი მეფეები" შინაარსითა და ფაქტების თანამიმდევრობით უპრეცედენტოა. თამარ მეფით დავიწყეთ. წიგნს მკითხველთა დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ტირაჟი სამჯერ განვაახლეთ. სერიას ერეკლე II-ის მოღვაწეობით ვასრულებთ. აღსანიშნავია, რომ აქ არ არის მოყვანილი მხოლოდ მშრალი ბიოგრაფიული ფაქტები. ავტორები ჰყვებიან ამა თუ იმ მეფის პირად ცხოვრებაზე, მაშინდელ პოლიტიკურ ვითარებაზე, მათ გადაწყვეტილებებზე, რომლებმაც საქართველოს ისტორიაში გარდამტეხი როლი შეასრულეს.

ასეთივე შინაარსისაა და ფაქტების მრავალფეროვნებით გამოირჩევა წიგნი "ფარნავაზიც", რომელიც ქართლის სახელმწიფოს ჩამოყალიბების პირველ ეტაპზე მოგვითხრობს.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით