"პალიტრა L"-ი თბილისის წიგნის ფესტივალზე - კვირის პალიტრა

"პალიტრა L"-ი თბილისის წიგნის ფესტივალზე

ყველაზე დიდი სტენდი და გრანდიოზული სიახლეები ერთგული მკითხველებისთვის

დღე, რომელსაც წიგნის მოყვარულები მთელი წლის განმავლობაში ელიან, ახლოვდება - თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ტრადიციულად "ექსპო ჯორჯიაში" 31 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით ჩატარდება, თუმცა წელს უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს. გამომცემლობების სტენდები მე-11 და მე-6 პავილიონებში გადანაწილდება, სადაც, ასევე ტრადიციულად, გამომცემლობა "პალიტრა L"-ი ლიტერატურის მოყვარულებს ყველაზე დიდი სტენდით, მრავალფეროვანი სიახლეებითა და შეთავაზებებით უმასპინძლებს. მე-6 პავილიონი, ძირითადად, პატარა მკითხველებს დაეთმობათ, სადაც მათ საბავშვო წიგნების დიდი ფასდაკლებები და სპეციალურად მათთვის მოწყობილი გასართობი კუთხე დახვდებათ. მე-11 პავილიონი, ძირითადად, მხატვრულ ლიტერატურას დაეთმობა. თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართება 31 მაისს, 13:00-ზე, მე-11 პავილიონის მთავარ სცენაზე. რაც შეეხება ფესტივალის საპატიო სტუმრებს გამომცემლობა "პალიტრა L"-ს წიგნის მოყვარულებისა და განსაკუთრებით თინეიჯერებისთვის კიდევ ერთი სიურპრიზი აქვს - წელს ფესტივალს საპატიო სტუმრის სტატუსით ეწვევა მსოფლიო ბესტსელერის, "გიკი გოგოს" ავტორი ჰოლი სმეილი.

კიდევ რა სიურპრიზებს უმზადებს გამომცემლობა მკითხველებს, დეტალებზე "კვირის პალიტრას" "პალიტრა L"-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნათია ზაქრაძე ესაუბრა:

- წიგნის საერთაშორისო ფესტივალი როგორც მკითხველებისთვის, ისე გამომცემლობისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომლისთვისაც მთელი წლის განმავლობაში განსაკუთრებულად ვემზადებით - ფესტივალი გვაძლევს შესაძლებლობას, მთელი წლის მუშაობის შედეგი ერთობლივად წარვუდგინოთ ლიტერატურის მოყვარულებს, ასევე გავაკეთოთ დიდი ფასდაკლებები, წარმოვაჩინოთ ახალი პროექტები და გავაცნოთ ის ფართო აუდიტორიას.

გამომცემლობა "პალიტრა L"-ი ფესტივალზე ყოველთვის ყველაზე მრავალფეროვანი, ჟანრობრივად მდიდარი და დიდი სტენდითაა წარმოდგენილი. გამონაკლისი არც წელს იქნება, მით უმეტეს, ფესტივალის მასშტაბი გაიზარდა და ორ პავილიონში ვიქნებით წარმოდგენილი.

მე-11 პავილიონი, ძირითადად, მხატვრულ, არასაბავშვო ლიტერატურას დაეთმობა, საბავშვო წიგნები კი მე-6 პავილიონში განთავსდება.

დაგეგმილი გვაქვს საინტერესო ღონისძიება, ქართველი ავტორების წიგნების წარდგინება, საბავშვო ღონისძიებები. მკითხველებს გავაცნობთ ჩვენს მორიგ ინოვაციურ პროექტს "საქართველოს ინტერაქციული რუკა", რომელსაც ცალკე სტენდი დაეთმობა. ასევე ცალკე სივრცე დაეთმობა ბიზნესლიტერატურის სერია "ლურჯი ოკეანის" ფარგლებში გამოცემულ ლიტერატურას, სადაც სხვადასხვა ბიზნესსაკითხზე სემინარებსაც ჩავატარებთ.

ბუნებრივია, ტრადიციას თინეიჯერი მკითხველებისთვისაც არ დავარღვევთ - ფესტივალის დახურვის დღეს "ლიბერთინსის" გრანდიოზული კონცერტი ჩატარდება.

მოგეხსენებათ, "პალიტრა L"-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თინეიჯერული პროექტი წელს ოთხი წლის ხდება, დაბადების დღეს დიდი, თინეიჯერებისთვის საყვარელი ჯგუფ "არას" კონცერტით აღვნიშნავთ, რომელიც 3 ივნისს "ექსპო ჯორჯიას" ეზოში ჩატარდება. კონცერტზევე გამოვლინდებიან ჩვენი გათამაშების გამარჯვებულებიც.

მოზარდებს სხვა სიურპრიზებსაც ვუმზადებთ - ფესტივალზე საპატიო სტუმრის სტატუსით გვესტუმრება მსოფლიო ბესტსელერის "გიკი გოგოს" ავტორი ჰოლი სმეილი, რომელიც მკითხველებს ახალ წიგნს "გიკი გოგოს" მეხუთე ნაწილს - "თავდაყირას" გააცნობს.

- როგორც ცნობილია, სწორედ ჰოლი სმეილი გამოავლენს "ლიბერთინსის" გრანდიოზული გათამაშების გამარჯვებულებსაც.

- დიახ, ჰოლი სმეილი მკითხველებს შეხვდება, უპასუხებს მათ შეკითხვებს, გათამაშებასაც დაესწრება და თავად გამოავლენს გამარჯვებულებსაც. მოგეხსენებათ, სწორედ ამ ლატარიის ფარგლებში თამაშდება ბარსელონაში ჟაყ ძ-ისა და ბიონსეს გრანდიოზულ კონცერტზე დასასწრები ორკაციანი ბილეთი, ასევე "მარშალის" დინამიკი, Iphone X და სხვა საჩუქრები. ყველა ბილეთი მომგებიანია.

თუ "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში შეიძენთ 10 ლარის საფასურის წიგნს "ლიბერთინსის" ან "ლიბერქიდსის" სერიიდან ავტომატურად მოიგებთ სხვადასხვა წიგნსა და აქსესუარს.

ბილეთი გათამაშების ფინალურ ეტაპზე გადადის და სხვა პრიზებთან ერთად, შესაძლებლობა გაქვთ, მოიგოთ სწორედ ის პრიზები, რომლებზეც უკვე ვისაუბრეთ.

ფესტივალზე მკითხველებს როგორც კლასიკად ქცეულ, ასევე თანამედროვე ლიტერატურაზე გრანდიოზულ ფასდაკლებებს ვთავაზობთ. ასე რომ, კითხვის მოყვარულებს წინ ბევრი გრანდიოზული სიახლე და შეთავაზება ელოდებათ. ფესტივალზე გვექნება 20%, 40% და 50%-იანი ფასდაკლება, ასევე აუთლეტი, სადაც განთავსდება 80%-მდე ფასდაკლებული წიგნებიც. ჩვენს სტენდთან მოსულ მკითხველს ექნება შესაძლებლობა შეიძინოს წიგნები 1 ლარიდან.

წარმოდგენილი იქნება როგორც სერიული გამოცემები, მათ შორის, "ქართველი მეფეები", ასევე თანამედროვე ქართველი და უცხოელი ავტორები, როგორიცაა ერიხ მარია რემარკი, ელიფ შაფაქი, ბესტსელერები, რომლებზეც არასდროს გვქონია ფასდაკლება, სიახლეები, რომლებიც გამოვეცით გასული ფესტივალიდან დღემდე...

გვექნება "ბედნიერი საათები", რა დროსაც წიგნები გაიყიდება უფრო მეტი ფასდაკლებით.

რუსუდან შელია