აზონის დაცემა - "ქართველი მეფეები"- ს მეხუთე ტომი ფარნავაზი უკვე გაყიდვაშია - კვირის პალიტრა

აზონის დაცემა - "ქართველი მეფეები"- ს მეხუთე ტომი ფარნავაზი უკვე გაყიდვაშია

მკითხველი უკვე კარგად იცნობს პალიტრა L- ის მორიგ უნიკალურ პროექტს "ქართველი მეფეები", რომლის 5 ტომი: თამარ მეფე, ბაგრატ მესამე, ვახტანგ მეექვსე, გიორგი მესამე და ფარნავაზი უკვე გამოვიდა. სერიას მეხუთე ტომი ფარნავაზი 21 მაისიდან იყიდება გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად. წიგნის სპეციალური ფასია 5.50 ლარი, ხოლო გაზეთთან ერთად იგი 7 ლარად იყიდება. გთავაზობთ ამონარიდს წიგნიდან:

ფარნავაზისა და ქუჯის საომარი სამზადისი იმდენად სწრაფად წარიმართა, რომ "კაცი ძნელი და მესისხლე" სრულიად მოუმზადებელი შეხვდა აჯანყების ალის ანთებას. მემატიანე გვაუწყებს, ფარნავაზმა და ქუჯიმ "შეიერთნეს და ეზრახნეს ოვსთა და ლეკთა. ხოლო მათ განიხარეს, რამეთუ არა სთნდა მიცემა ხარკისა აზონისა. და გამოჰყვეს ოვსნი და ლეკნი, და განიმრავლნეს სპანი. ეგრისით შეკრბეს ურიცხუნი სპანი და მომართეს აზონს. ხოლო აზონმან მოუწოდა სპათა თვისთა და შემოკრიბნა".

მაშინ ათასი მხედარი რჩეული ჰრომთა მათგანი, რომელთა ბოროტი წაჰკიდებოდა აზონისაგან, განუდგეს აზონს და მოვიდეს წინაშე ფარნავაზისა. მაშინ ყოველნი ქართველნი განუდგეს აზონს. ხოლო სპანი, რომელ დარჩეს აზონს, ვერღარა მიენდო მათ, რამეთუ ყოველთა ზედა ბოროტის მოქმედ იყო. წავიდა აზონ და მივიდა კლარჯეთს, და გამაგრდა იგი სიმაგრეთა შინა კლარჯეთისათა".

ლეონტი მროველს საოცარი სიზუსტით აქვს აღწერილი ორივე მხარის შეიარაღებული ძალების შემადგენლობა. ნაჩვენები აქვს ფარნავაზის მოწოდების გამოძახილი არაქართველ მოსახლეობაშიც. მემატიანის თანახმად, აზონის მდგომარეობას გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა ბერძნული (ჰრომთა) გარნიზონისა და იძულებით გაწვეულ ქართველთა გადასვლამ ფარნავაზის მხარეზე. მეომართა სიმცირის გამო აზონმა ბრძოლაში ჩაბმა ვერ გაბედა და ახალი ძალების მოკრებამდე თავი შეაფარა კლარჯეთს. მისი ეს მოქმედება უტყუარად ადასტურებს "მოქცევაი ქართლისაის" ვერსიას აზონის წარმომავლობის შესახებ. ფაქტია, რომ როდესაც ქართლში საფრთხე შეექმნა, მან მიაშურა თავისი მშობლიური კლარჯეთის ციხესიმაგრეებს, როგორც უკანასკნელ იმედს.

აზონმა ქართლი და მისი დედაქალაქი მცხეთა უბრძოლველად დათმო. იმავე წელს ფარნავაზმა "დაიპყრა ყოველი ქართლი თვინიერ კლარჯეთისა". მთელი საქართველო ფარნავაზის მხარეს დადგა. აზონის დასაყრდენს მხოლოდ კლარჯეთი წარმოადგენდა. დახმარებას ელოდებოდა აგრეთვე ახალფეხადგმული კაპადოკიის იმ ნაწილისაგან, რომელიც პონტოს სახელით არის ცნობილი, მაგრამ იმის გამო, რომ სუსტი პოლიტიკური წარმონაქმნი ლისიმახოსის კონტროლს ვერ აიცდენდა, უნდა ვივარაუდოთ, კურუპედიონთან ბრძოლის შემდეგ, სელევკიდებს მის მიმართაც გაუჩნდებოდათ პრეტენზია. ეს რომ ასე იყო, ჩანს მოვლენების შემდგომი განვითარებიდან.

ფარნავაზისა და აზონის დაპირისპირების დროს, მეომარი მხარეები განსაკუთრებულ როლს ანიჭებდნენ კონტაქტებს გარე სამყაროსთან. აზონის სავარაუდო მოკავშირედ მიჩნეულია პონტოს სამეფო, რომელიც, თავის მხრივ, სელევკიდების აგრესიის პირისპირ იდგა და სერიოზული დახმარების უნარი არ გააჩნდა. იმჟამინდელი პონტოს გართულებული მდგომარეობა ხაზგასმულია ქართულ მატიანეშიც.

ფარნავაზმა იცოდა, რომ აზონი დახმარებას ელოდა საერთაშორისო ასპარეზზე ჯერაც უჩინარი პონტოსაგან. ამ კუთხით მან საოცრად შორსმჭვრეტელური ნაბიჯი გადადგა და კავშირი დაამყარა უძლიერეს სელევკიდების იმპერიასთან. ლეონტი მროველი წერს: ქართლის დაკავების შემდეგ, "ამან ფარნავაზ წარავლინნა მოციქულნი წინაშე მეფისა ანტიოქოს ასურასტანისა, და წარსცა ძღუენი დიდძალი. და აღუთქვა მას მსახურება, და ითხოვა მისგან შეწევნა ბერძენთა ზედა. ხოლო ანტიოქოს შეიწყნარა ძღუენი მისი, და უწოდა შვილად თვისად, და წარმოსცა გვირგვინი. და უბრძანა ერისთავთა სომხეთისათა, რათა შეეწეოდიან ფარნავაზს".ფარნავაზის დაკავშირება სელევკიდების სამეფო კართან, პონტოს მიმართაც სერიოზულ წინსვლას ნიშნავდა, რადგან აზონის მოკავშირე უნდა დაჰპირისპირებოდა იმ მძლეთა მძლე მბრძანებელს, რომელმაც ქართლის მეფე "შვილად თვისად" მოიხსენია.

აზონი უბრძოლველად არ თმობდა ასპარეზს. ლეონტი მროველი ორივე მხარეს თანაბარ ყურადღებას უთმობს: "ხოლო წელსა მეორესა აზონ მოირთნა სპანი საბერძნეთით, განძლიერდა ფრიად და მომართა ფარნავაზს. ხოლო ფარნავაზს განემრავლნეს მხედარნი ქართლისანი. მოუწოდა მათ და უხმო ქუჯის და ოვსთა. და შეკრბეს ესე ყოველნი, და მოერთნეს ერისთავნი ანტიოქოზისნი სომხითით. და ესე ყოველნი შეკრიბნა ფარნავაზ და მიეგება ნაქალაქევსა თანა არტანისასა... იქმნა ბრძოლა დიდძალი. და მოსწყდეს ორგნითვე ურიცხვი, ხოლო იძლივნეს ბერძენნი ფარნავაზისგან". აზონის ლაშქარი ბრძოლის ველზე განადგურდა, მისი მეომრების უმეტესობა დაიღუპა ან ტყვედ ჩავარდა. ბრძოლაში დაიღუპა თავად აზონიც. მისი უკანასკნელი ბრძოლა სრული კატასტროფით დასრულდა. ფარნავაზმა "მოატყუევნა საზღვარი საბერძნეთისა ანძიაძორისა და ეკელეცით შემოიქცა. მოვიდა კლარჯეთს და დაიპყრა კლარჯეთი, და წარმოვიდა მცხეთად სიხარულითა დიდითა. ხოლო სიმდიდრესა ზედა მისსა დაერთო ხუასტაგი აზონისცა. და იქმნა სიმდიდრე გარდარეული".

კლარჯეთის დაპყრობით დამთავრდა ქართველი ტომების გაერთიანება. "ქართლის ცხოვრებას" საქართველოს არც ერთ კუთხეში არ აქვს მინიშნებული ფარნავაზის საწინააღმდეგო გამოსვლა. გამონაკლისი იყო მხოლოდ კლარჯეთი. ეს ფაქტი დამაჯერებლად ადასტურებს აზონის იქაურ წარმომავლობას.

ფარნავაზის გამარჯვებას აზონის მფარველი ძალა იძულებით შეურიგდა. ლეონტი მროველის აზრით, "ვერღარა იძიეს შური ბერძენთა მის ზედა, რამეთუ, უცალო იყვნეს ბერძენნი ბრძოლისაგან ჰრომთასა". ბერძნებში – კაპადოკიელები, ხოლო რომაელებში აზიის მპყრობელი სელევკიდები იგულისხმებიან. ეს იყო პერიოდი, როდესაც ყალიბდებოდა სელევკიდებთან პირისპირ დარჩენილი მცირე კაპადოკია, პონტოს სახით. პონტოს სისუსტემ ფარნავაზს გაუადვილა გამარჯვების მოპოვება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქართული მიწებისადმი აგრესია მითრიდატიდებს პონტოს სამეფოს ჩასახვის დღიდანვე გამოუმჟღავნებიათ.

აზონთან დაპირისპირებისას ფარნავაზმა პოლიტიკური ორიენტირების საოცარი უნარი გამოავლინა. სელევკიდების ტახტის ნომინალურ "მსახურებას" კარგად გათვლილი ფარის როლი ეკისრებოდა. აზიის მპყრობელთან "მონება", ფაქტობრივად, მოციქულთა მიმოსვლის დონეს არ გასცდენია.

ფარნავაზის სახით საქართველოს სათავეში ჩაუდგა ეროვნული ინტერესების გამომხატველი ხელისუფლება. მემატიანე აცხადებს, რომ ფარნავაზი "ოცდაშვიდისა წლისა მეფე იქმნა", მოიგერია ყოველგვარი საშიშროება და შეუდგა დამოუკიდებელ მმართველობას. მემატიანის სიტყვებით "ფარნავაზ უშიშ იქმნა ყოველთა მტერთა თვისთაგან და მეფე იქმნა ყოველსა ქართლსა და ეგურსა ზედა და განამრავლნა ყოველნი მხედარნი ქართლოსიანნი". ლეონტი მროველის მტკიცებით, ფარნავაზის მეფობის ხანაში საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებელი სახელმწიფოს ყველა ატრიბუტი. მოწესრიგდა ურთიერთობა ცალკეულ კუთხეებს შორის, დადგინდა საზღვრები, გატარდა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა. ფარნავაზის რელიგიურმა და კულტურულმა პოლიტიკამ დააკავშირა მანამდე განკერძოებულად მცხოვრები ტომები. ქართული საისტორიო ტრადიციით, ფარნავაზმა შექმნა მმართველობის განსხვავებული სისტემა.