"Adventures in Batumi" - ევრონიუსი აჭარას გადაცემებს უძღვნის - კვირის პალიტრა

"Adventures in Batumi" - ევრონიუსი აჭარას გადაცემებს უძღვნის

"Adventures in Batumi"- ასე ქვია აჭარის შესახებ მომზადებულ თემატურ სიუჟეტებს, რომელიც ევრონიუსის ეთერში გადის. როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან გვაცნობეს, მტირალას ეროვნული პარკი, კურორტი გოდერძი და ბათუმი, ის ძირითადი ტურისტული ადგილებია, სადაც ევრონიუსის ჟურნალისტმა დენის ლოკტიემ იმოგზაურა და ახლა მილიონობით მაყურებელს მსოფლიოს გარშემო აჭარას, როგორც ახალ ტურისტულ მიმართულებას აცნობს. აჭარის შესახებ მომზადებული მინი-სერიები ევრონიუსის ეთერში მაისიდან ყოველდღიურად გადაიცემა და ის თვის ბოლომდე გაგრძელდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით ევრონიუსის გადამღებმა ჯგუფმა აჭარის, გარდა საქართველოს სხვა რეგიონებშიც იმოგზაურა.

აჭარას ამ ეტაპზე ევრონიუსის კიდევ რამდენიმე ჟურნალისტი სტუმრობს, რომლებიც აჭარაში მოგზაურობას ვრცელ ბლოგს მიუძღვნიან. შემოდგომაზე კი გადაცემა "ფოკუსი"-ის გადამღები ჯგუფი აჭარაში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას გააშუქებს. რეგიონის შესახებ მომზადებული გადაცემების გარდა, ევრონიუსზე აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლი ტრიალებს. ტელეკომპანიის ეთერით აჭარის ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს 195 ქვეყანაში ეცნობიან.

"აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული ეს პროექტი მიზნად ისახავს მსგავსი მესიჯ-ფილმებით ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის შესახებ პოტენციურ ტურისტებს, ტურისტულ სააგენტოებსა და ტურიზმით დაინტერესებულ აუდიტორიას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ აჭარა არამხოლოდ ზღვის სეზონზე, არამედ წლის ოთხივე სეზონზე საინტერესო ტურისტული მიმართულებაა. ჩვენ ევრონიუსთან თანამშრომლობას ვაგრძელებთ და შემდეგი კვირიდან, უკვე სამოგზაურო ბლოგის მაყურებელი გაიგებს, თუ რისი გაკეთება შეიძლება ბათუმში 24 საათის განმავლობაში. როცა მსგავსი ტიპის რეიტინგული მედიასაშუალებები ჩვენს ქვეყანასა და რეგიონზე საუბრობენ ნამდვილად მნიშვნელოვანია და პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ცნობადობასა და იმიჯზე აისახება", - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით საერთაშორისო ტელეკომპანიებთან 2017 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს. აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლები და გადაცემები ისეთი რეიტინგული ტელეკომპანიებით გადაიცემა, როგორებიცაა BBC, CNN, Deutsche Welle და ევრონიუსი.

(R)