"ლიბერქიდსისა" და "ლიბერთინსის" გრანდიოზული გათამაშების გამარჯვებულები ცნობილია - კვირის პალიტრა

"ლიბერქიდსისა" და "ლიბერთინსის" გრანდიოზული გათამაშების გამარჯვებულები ცნობილია

"დღეს ყველა ერთხმად აღიარებს, რომ "ლიბერთინსი" და "ლიბერქიდსი" არის პროექტები, რომლებმაც მოზარდებს წიგნის კითხვა შეაყვარა"

"ლიბერქიდსისა" და "ლიბერთინსის" გრანდიოზული გათამაშების გამარჯვებულები ცნობილია - მაია მეტრეველმა ბარსელონაში ორკაციანი საგზური და ჯეი ზისა და ბიონსეს კონცერტზე ბილეთები მოიგო. გამარჯვებულს შესაძლებლობა ექნება, დაათვალიეროს ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი. გიორგი ღამბარაშვილი Iphone X-ის მფლობელი გახდა, ლალი გამხიტაშვილსა და ნარგიზ ხუჭუას - სკეიტბორდები, თეა მოსიას კი "მარშალის" დინამიკები გადაეცა.

მაია მეტრეველი, გამარჯვებული: "ბარსელონას დათვალიერება ჩემი ოცნება იყო, თუმცა ჯეი ზისა და ბიონსეს კონცერტზე დასწრება იმდენად წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, ოცნებაც კი არ შემეძლო. უბედნიერესი ვარ, რომ "პალიტრა L"-ის გათამაშებამ ასეთი შანსი მომცა. თავი სიზმარში მგონია. მადლობა ორგანიზატორებს ასეთი ბედნიერი წუთებისთვის."

გიორგი ღამბარაშვილი, გამარჯვებული: "ჩემი საყვარელი წიგნები შევიძინე და ბილეთები გადმომცეს. არც ველოდი, თუ ფინალისტებში მოვხვდებოდი. როდესაც ჰოლი სმეილმა ჩემი გვარი გამოაცხადა, დავიბენი, გამიჭირდა გამორკვევა, რა ხდებოდა."

ლალი გამხიტაშვილი, გამარჯვებული: "სახლში ვიყავი და ჩემი შვილები სადილობდნენ, როდესაც ტელევიზორში ჩემი გვარი გამოაცხადეს. ძალიან გაუხარდათ. ჩემი შვილები "ლიბერქიდსისა" და "ლიბერთინსის" ერთგული მკითხველები არიან, მაგრამ თუ გათამაშებაში გავიმარჯვებდით, არ გვეგონა. მოგება ყოველთვის სასიამოვნოა, განსაკუთრებით - როდესაც არ ელოდები."

ნარგიზ ხუჭუა, გამარჯვებული: "ცხოვრებაში პირველად მოვიგე. ერთი ბილეთი მქონდა და ნამდვილად არ მეგონა, თუ გამარჯვებულებს შორის მოვხვდებოდი. საჩუქარს ჩემს შვილიშვილს გადავცემ, რომელიც "ლიბერთინსის" სერიების აქტიური მკითხველია."

თეა მოსია, გამარჯვებული: "სოფელ ანაკლიაში ვცხოვრობ. მოულოდნელად დამირეკეს და მითხრეს, გამარჯვებული ხარ, "მარშალის" დინამიკები გადმოგეცაო. ვერ გადმოგცემთ, რას ვგრძნობ.\მიხარია, რომ ხუთ გამარჯვებულს შორის მოვხვდი." გამარჯვებულები წიგნის საერთაშორისო ფესტივალის საპატიო სტუმარმა, მსოფლიო ბესტსელერის - "გიკი გოგოს" ავტორმა ჰოლი სმეილმა გამოავლინა. ჰოლი სმეილი ქართველი თინეიჯერებისთვის უსაყვარლესი და ძალიან პოპულარული ავტორია. გათამაშების "#იკითხედამოიგებ" გამარჯვებულებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ მსოფლიოში აღიარებული, "ნიუ-იორკ თაიმსის" ბესტსელერების ავტორს, უშუალოდ მისგან მოესმინათ ახალი წიგნის შესახებ, რომლის გამოცემაც უახლოეს მომავალში იგეგმება.

გრანდიოზული გათამაშების წესები, რომელიც აპრილში დაიწყო და წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე დასრულდა, მარტივი იყო:

ვისაც უყვარს "ლიბერქიდსისა" და "ლიბერთინსის" პროექტის წიგნები, შესაძლებლობა ჰქონდათ, გამომცემლობა "პალიტრა L"-ისგან გრანდიოზული საჩუქრები მიეღოთ. რაც მთავარია, ფინალურ გათამაშებამდეც ყველა ბილეთი მომგებიანი იყო - თუ""ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში შეიძენდით 10 ლარის ღირებულების წიგნს "ლიბერთინსისა" და "ლიბერქიდსის" სერიიდან, ავტომატურად იგებდით სხვადასხვა წიგნსა და აქსესუარს. ბილეთი გათამაშების ფინალურ ეტაპზე გადავიდა და სხვა პრიზებთან ერთად, გათამაშდა მოგზაურობა ბარსელონაში. ლატარია გათამაშების პერიოდში მხოლოდ ამ სერიების წიგნებზე გავრცელდა. ერთგული მკითხველებისთვის სიურპრიზები ამით არ დამთავრებულა - წიგნის საერთაშორისო ფესტივალის დახურვის დღეს "ლიბერთინსის" ოთხი წლის იუბილე დაემთხვა, რაც გამომცემლობა "პალიტრა L"-მა გრანდიოზული კონცერტით აღნიშნა - მოზარდებისთვის კონცერტი გამართა თინეიჯერების საყვარელმა ჯგუფმა "არამ". მკითხველმა კარგად იცის გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ორი ყველაზე წარმატებული პროექტის შესახებ, დღეს კი ყველა ერთხმად აღიარებს, რომ "ლიბერთინსი" და "ლიბერქიდსი" არის პროექტები, რომლებმაც მოზარდებს წიგნის კითხვა შეაყვარა. "ლიბერთინსი" უკვე სამ წელზე მეტია, ქართველ თინეიჯერებს მსოფლიო ბესტსელერებით ანებივრებს, "ლიბერთინსის" წევრი ახალგაზრდების რიცხვი კი სამოცამდე გაიზარდა. "ლიბერთინსელები" სწორედ ის მოზარდები არიან, ვინც, პროექტის კონცეფციიდან გამომდინარე, თვითონ არჩევენ და რეკომენდაციას უწევენ ლიტერატურას, რომელიც ქართველ თინეიჯერებამდე უკვე მშობლიურ ენაზე თარგმნილი და გამოცემული უნდა მივიდეს. "ლიბერთინსი" აღმოჩნდა პროექტი, რომელმაც თინეიჯერების უმრავლესობა სულ უფრო მეტი ახალი წიგნის წაკითხვის სურვილით "მოწამლა". სწორედ ამის დასტურია "ბიბლუსი გალერეასთან" რიგები ყოველი ახალი წიგნის გამოსვლისას, აღფრთოვანებული თინეიჯერები და მათი საინტერესო კომენტარები უკვე გამოცემული ავტორებისა და მათი ნაწარმოებების შესახებ. რაც შეეხება "ლიბერქიდსს", მასში ბავშვებთან ერთად მშობლები და მასწავლებლებიც არიან ჩართული. ისინი ბავშვებთან ერთად არჩევენ მხატვრულ ლიტერატურას 8-12 წლის ასაკის მკითხველებისთვის. "ლიბერთინსის" მსგავსად, ამ პროექტითაც თანამედროვე მსოფლიო ავტორების ბესტსელერები გამოიცემა და ქართველ ბავშვებს შესაძლებლობა ეძლევათ, ჩაერთონ მსოფლიო ლიტერატურულ "მარათონში", რომელიც მათ უამრავი საინტერესო ნაწარმოების გაცნობის შესაძლებლობას აძლევს.

რუსუდან შელია